Facebook Twitter

№ ას-211-200-2017 12 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ.ს.კ." (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ნ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სასამართლოსგარეშე ხარჯების და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ვ.ნ–ძემ (შემდგომში „მოსარჩელე“) შპს „თ.ს.კ–აში“ (შპს „თ.მ–ოს“ სამართალმემკვიდრე) (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც დაკარგული აქვს პროფესიული შრომის უნარი 80%-ით. გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს გადახდა, ასევე მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად გადახდა.

2. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯების, 1000 ლარისა და მორალური ზიანის სახით 5000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

3. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხის წინააღმდეგ სარჩოს მოთხოვნით დაწყებული სამართალწარმოებისას მან გასწია მატერიალური ხარჯი, როგორც ადვოკატის ჰონორარის სახით, ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებული სხვა ხარჯის სახით, რასაც ვერ მოითხოვდა სარჩოს დაკისრების თაობაზე სარჩელის აღძვრისას, ვინაიდან აღნიშნული თანხები იმ პერიოდისთვის გახარჯული არ იყო და შესაბამისად, დაუზუსტებელი იყო მათი ოდენობაც.

4. ამასთან, მოპასუხის ბრალეულობით მისთვის მიყენებული საწარმოო ტრავმის შედეგად (მოპასუხემ დაარღვია შრომის უსაფრთხოების წესები) დაზიანებული ჯანმრთელობის გამო იგი დღემდე განიცდის აუტანელ ტკივილებს, რაც მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს ქმნის. მორალური ზიანის განცდას კი უფრო აუარესებს სასამართლოში საქმის განხილვის ხანგრძლივი პროცესი.

5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია პროცესის ხარჯების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და აღნიშნული ვადა შეადგენს ძირითადი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღეს, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, პროცესის ხარჯების მოთხოვნა მხარეს შეუძლია სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდგომ სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

6. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე მოპასუხემ განმარტა, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის ჯანმრთელობის იმგვარი მნიშვნელოვანი გაუარესების ფაქტი, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა შეიძლებოდა გამხდარიყო, თუმცა თუნდაც დასტურდებოდეს ეს გარემოება, მოსარჩელე ვერ ამტკიცებს, რომ მისი ჯანმრთელობის გაუარესება გამოწვეულია 1996 წელს მომხდარი საწარმოო ტრავმის გამო. კონკრეტული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე კი მორალური ზიანის ანაზღაურებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მოპასუხისათვის სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის ჰონორარის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის, 2000 ლარის ანაზღაურება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით და დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებდა მის მიერ აღწერილი ტკივილებისა და ფსიქოლოგიური შიშების მიზეზობრივ კავშირს 1996 წელს მიღებულ ტრავმასთან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან დადგენილია მოსარჩელეზე თავდასხმის შედეგად მისი ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი, რაც გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალით, აღნიშნული გარემოებები სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის შესაბამისად მორალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველს ქმნიდა. ერთადერთი გარემოება, რაც თანხის დაკისრებას გამორიცხავდა, მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან მოთხოვნის ხანდაზმულობაზე აპელირება იყო, თუმცა ვინაიდან მოპასუხე აღნიშნულზე არ მიუთითებდა, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მასზე.

11. მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია არ წარმოადგენს, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და მისი სრული კომპენსაცია შეუძლებელია. საბოლოოდ, ანაზღაურების მოცულობა სასამართლოს შეხედულებით განისაზღვრება.

12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის მიყენებული ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხის შეფასებისას, რაც მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც შრომის უნარი 80 %-ით დაკარგა და რითაც მისი მიზნები და მოტივები მომავალ პროფესიულ საქმიანობასთან მიმართებაში გაქარწყლდა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ დაასკვნა, რომ გონივრული და სამართლიანი იქნებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით 2000 ლარის დაკისრება.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, რამდენად მიზეზშედეგობრივ კავშირშია ერთმანეთთან მოსარჩელის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა და 1996 წელს მიღებული საწარმოო ტრავმა. საქმეში წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტებში არ არის მნიშვნელოვანი სამედიცინო ჩანაწერები, რომლითაც აღნიშნული დადასტურდებოდა. ეს გარემოებები სასამართლოს საერთოდ არ შეუსწავლია.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

17.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

19.განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის (მორალური ზიანის ანაზღაურება) მარეგულირებელ სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი წარმოადგენს. ამდენად, უნდა შემოწმდეს ის წინაპირობები, რომელთა არსებობასაც უკავშირებს კანონი ნორმით გათვალისწინებული შედეგის დადგომას, კერძოდ, მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

20.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია მოცემული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენას. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს, ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.

21.სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს. სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს სავალდებულოა დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია (იხ. სუსგ საქმე №ას-979-940-2014, 10 სექტემბერი, 2015 წელი). სხეულის დაზიანებასა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში კი იგულისხმება ისეთი ზემოქმედება, რომელიც ადამიანის სხეულს ხელყოფს ან ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე შინაგან პროცესებზე სხვაგვარად ახდენს ზეგავლენას.

22.ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებით მიღებული არასასურველი შედეგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა – ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-756-717-2013,10 იანვარი, 2014 წელი).

23.საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ზიანის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზოგად საფუძველს წარმოადგენს: 1. თვით მორალური ზიანი; 2. ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; 3. არამართლზომიერ ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიმყენებლის ბრალი (იხ. სუსგ საქმე №ას-756-717-2013,10 იანვარი, 2014 წელი).

24. ამდენად, პასუხისმგებლობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს მორალური ზიანის არსებობა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მისი არსებობა გარეგნულად ცალსახად გამოხატული არ არის და მისი კონკრეტული მტკიცებულებით დადასტურება რთულია და ზოგ შემთხვევაში, შეუძლებელიც.

25. განსახილველ დავაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც დაკარგული აქვს პროფესიული შრომის უნარი 80%-ით. აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში მოპასუხის ბრალეულობა კი დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ყოველთვიური სარჩოს გადახდა.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

28. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია რამდენად მიზეზშედეგობრივ კავშირშია ერთმანეთთან მოსარჩელის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა და 1996 წელს მიღებული საწარმოო ტრავმა, დასაბუთებულ შედავებად ვერ იქნება განხილული. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მითითებული გარემოება დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს წინამდებარე დავის მიმართ პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტები (ზიანის დადგომა - მოპასუხის ბრალეულობით მოსარჩელისათვის ჯანმრთელობის დაზიანება (საწარმოო ტრავმის მიღება), მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის) მართებულად შეაფასა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებად.

30. ამრიგად, საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

31. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა სრულად შეესაბამება წინამდებარე განჩინებაში მოყვანილ განმარტებებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას (იხ. სუსგ საქმე №ას-762-818-2011, 4 ივლისი, 2011 წელი).

32. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „თ.ს.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „თ.ს.კ–ას“ (ს/კ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 6 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე