Facebook Twitter

საქმე №ას-1747-2018 28 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს.ლ–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.ს.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „მ.ს.კ–მა“ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.ლ–ოს“ (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების − 9 276,47 ლარის, გადახდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დარჩა განუხილველად.

8. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ხელწერილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელმა (დირექტორმა) − დ.დ–მა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ჩაიბარა 2018 წლის 14 სექტემბერს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 15 სექტემბრიდან და ამოიწურა 2018 წლის 28 სექტემბერს, აპელანტმა კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით 2018 წლის პირველ ოქტომბერს მიმართა.

9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 369-ე მუხლით, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული განჩინება იყო უკანონო.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259​1-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

15. მითითებული ნორმა განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის იმპერატიულ ვადას – 14 დღეს და ადგენს, რომ აღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყება მხარისათვის დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

16. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორს წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია იმ გარემოების გასაქარწყლებლად, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება აპელანტის წარმომადგენელმა (დირექტორმა) − დ.დ–მა, პირადად ჩაიბარა 2018 წლის 14 სექტემბერს (იხ. ტ.1. ს.ფ. 119).

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განჩინების აპელანტის წარმომადგენლისათვის ჩაბარების მომდევნო დღიდან – 2018 წლის 15 სექტემბრიდან და ამოიწურა 2018 წლის 28 სექტემბერს. დადგენილია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით წარადგინა 2018 წლის პირველ ოქტომბერს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად და დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების უკანონობის შესახებ.

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი და სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორის მითითება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ს.ლ–ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე