Facebook Twitter

საქმე №ას-1757-2018 27 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ.ფ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება განსახილველად

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ.ფ–ამ (შემდგომში − „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.კ–ას (შემდგომში − „მოპასუხე“) მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა ნოტარიუს ი.ხ–ის მიერ 2016 წლის 19 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, რომლის სანოტარო რეგისტრაციის ნომერია №160152676, კერძოდ, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში, ნაცვლად ექვსი თვისა, მოთხოვნა შეიცვალა 5 თვის პროცენტით ანუ მოთხოვნილი პროცენტი შემცირდა 175 აშშ დოლარით; ასევე მოთხოვნა შემცირდა პირგასამტეხლოს ნაწილში 0,3%-დან 0,05%-მდე, ყოველ გადაცილებულ დღეზე; რაც შეეხება კრედიტორის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას პირგასამტეხლოს ნაწილში, 6950 აშშ დოლარიდან შემცირდა 2875 აშშ დოლარამდე 1152*2,5=2875, რადგანაც ვადაგადაცილების დღეები შეადგენდა 1150 დღეს ანუ პირგასამტეხლო 6950 აშშ დოლარიდან შემცირდა 2875 დოლარამდე ანუ 4075 აშშ დოლარი, სულ კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოსა და პროცენტის ნაწილში შემცირდა 4250 აშშ დოლარით 4075+175=4250.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 26 ოქტომბრის სხდომის თაობაზე აპელანტის წარმომადგენელს ვ.გ–ს უწყება ჩაბარდა პირადად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობაში 2018 წლის 19 ოქტომბერს, კანონის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა 2018 წლის 26 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა.

7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, რადგან 2018 წლის 26 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და მისი წარმომადგენელი, რომლებსაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, ამასთან, სასამართლოსთვის უცნობი იყო მათი გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი, უნდა დაკმაყოფილებულიყო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის დაბრუნება განსახილველად.

9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

9.1. ის გარემოება, რომ სასამართლო არ იყო ინფორმირებული სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს. აპელანტის წარმომადგენელმა უწყების ჩაბარებისთანავე აცნობა მოსამართლის თანაშემწეს, რომ იგი ვერ გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე, რადგან 2018 წლის 26 ოქტომბერს 13:00 საათზე ჩანიშნული ჰქონდა სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში, რომელიც ჩანიშნული იყო დაახლოებით ორი თვის წინ;

9.2. აპელანტის წარმომადგენელს სასამართლოსთვის აღნიშნულის შესახებ რომც არ ეცნობებინა, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა მაინც საპატიოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან იგი იმყოფებოდა სხვა სასამართლო პროცესზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

14. გასაჩივრებული განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2018 წლის 26 ოქტომბერს დანიშნულ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

18. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ აპელანტს კანონით დადგენილი წესით, სხდომის გამართვამდე გონივრული ვადით ადრე ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე. კერძოდ, 2018 წლის 19 ოქტომბერს აპელანტის წარმომადგენელმა, რომლის უფლებამოსილებაც დასტურდება საქმეში არსებული რწმუნებულებით (იხ. ტ. 1. ს.ფ. 182-184), პირადად ჩაიბარა სასამართლო უწყება (იხ. ტ. 1. ს.ფ. 185).

19. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოში აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. საჩივრის ავტორის განმარტებით, 2018 წლის 26 ოქტომბერს აპელანტის წარმომადგენელი იმყოფებოდა სასამართლო პროცესზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში.

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

21. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აპელანტის წარმომადგენელმა უწყების ჩაბარებისთანავე აცნობა მოსამართლის თანაშემწეს პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ, თუმცა მას სასამართლოსთვის აღნიშნულის შესახებ რომც არ ეცნობებინა, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა მაინც საპატიოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან 2018 წლის 26 ოქტომბერს იგი იმყოფებოდა სხვა სასამართლო პროცესზე.

22. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მან სასამართლო სხდომამდე წინასწარ აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე. საკასაციო პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას. აღნიშნული ფაქტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით დადასტურებული არ არის.

24. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორს 2018 წლის 26 ოქტომბერს მცხეთის რაიონული სასამართლოს სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის მონაწილეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო სასამართლო სხდომაზე აპელანტი მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დადასტურება და სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ.ფ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე