Facebook Twitter

საქმე №ას-1868-2018 15 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ჭ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.წ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი.წ–ამ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ჭ–ძის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა ქ. ქუთაისში, ..... მდებარე, მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, სართული 1, ფართი 8,85 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №......, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე, რომელმაც სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2018 წლის 29 ოქტომბერს.

9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 369-ე, 374-ე, მე-60 და 61-ე მუხლებით და მიუთითა, რომ, რადგან აპელანტი ესწრებოდა დაუსწრებელი გადაწვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გამოცხადებას, იგი ვალდებული იყო განჩინების გამოცხადებიდან (2018 წლის 16 აგვისტოდან) არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა (2018 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით), გამოცხადებულიყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს (2018 წლის 15 სექტემბერი).

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტმა 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინების ასლი ჩაიბარა 2018 წლის 16 ოქტომბერს, თუმცა მისთვის აღნიშნული განჩინების (დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად) გასაჩივრების საპროცესო ვადა დაიწყო არა ჩაბარებიდან, არამედ 2018 წლის 15 სექტემბრიდან და დასრულდა 2018 წლის 28 სექტემბერს, 24:00 საათზე. ამდენად, 2018 წლის 29 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი და უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

12. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლომ გასაჩივრების ვადის გამოთვლისას დაუშვა მექანიკური შეცდომა, რადგან, რეალურად, აპელანტმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259​1-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

17. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

18. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

19. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

20. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოპასუხე, თუმცა მას განჩინების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 (2018 წლის 4 სექტემბერი) და არაუგვიანეს 30-ე დღისა (2018 წლის 14 სექტემბერი) განჩინების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღის გასვლის შემდგომ, 2018 წლის 15 სექტემბერს და ამოიწურა 2018 წლის 28 სექტემბერს. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2018 წლის 29 ოქტომბერს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 116-117), გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით განსაზღვრულ გასაჩივრების წესს საფუძვლად უდევს გადაწყვეტილების ჩაბარების ინსტიტუტი, კერძოდ, სასამართლო შეტყობინების (უწყების) ჩაბარების მსგავსად, გასაჩივრების უფლების მქონე მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაში იგულისხმება როგორც უშუალოდ ამ მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმფცია, რომელიც გულისხმობს, რომ გასაჩივრების უფლების მქონე მხარემ ჩაიბარა გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დათქმა იმის შესახებ, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს,“ მიგვითითებს პრეზუმფციაზე, რომლის თანახმად, კანონი ადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაინტერესებული მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებისათვის. აღნიშნული ფაქტი უკავშირდება საპროცესო მოქმედების შესრულების ზუსტ კალენდარულ თარიღს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის ათვლის საპროცესო წესი მოცემულია ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით. შესაბამისად, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს, როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).

22. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (ან მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე შეასრულებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას და გამოცხადდებოდა სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარების მიზნით, ხოლო სასამართლო ვერ უზრუნველყოფდა მისთვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებას განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 30-ე დღისა, მაშინ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა იმ დღიდან, როდესაც სასამართლო ჩააბარებდა მხარეს დასაბუთებულ განჩინებას. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში მოპასუხის სასამართლოში გამოცხადების ფაქტი. შესაბამისად, გასაჩივრების ვადა ავტომატურად დაიწყო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამასთან, საქმის მასალებში არც იმის დამადასტურებელი ცნობა მოიპოვება, რომ სასამართლომ გვიან მოამზადა დასაბუთებული განჩინება.

23. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის შედავებას, რომ მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა და მიუთითებს, რომ საქმის მასალებში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ამკვიდრებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მხარე მოვალეა, სათანადო მტკიცებულებით გაამყაროს ის ფაქტი, რომელზეც საკუთარ პრეტენზიას აფუძნებს.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორის მითითება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ჭ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე