Facebook Twitter

საქმე №ას-220-220-2018 18 მაისი, 2018 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდეგში: მეიჯარე, სამინისტრო, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) და შპს „ა–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია ან მოიჯარე) შორის 2012 წლის 14 იანვარს № 1, 2012 წლის 2 ივლისს № 6, 2012 წლის 2 ივლისს № 7 და 2013 წლის 20 ნოემბერს № 10 იჯარის ხელშეკრულებები გაფორმდა, რომელთა საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე სავაჭრო აპარატები განათავსა (ტ. 1, ს/ფ 21-44).

2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 30 დეკემბერს შეთანხმების აქტი შედგა, რომლის საფუძველზე მოპასუხემ, ზემოხსენებული მოყვანილი იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, აღიარა 54 599,13 ლარის დავალიანების არსებობა და იკისრა ვალდებულება, აღნიშნული თანხა 2015 წლის 1 იანვრიდან - 2017 წლის 1 იანვრამდე (ყოველთვიურად 2 274 ლარი) გადაეხადა. იმავე შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,2 % დაეკისრებოდა (იხ. შეთანხმება, ტ. 1, ს/ფ 45-46).

3. მოპასუხეს 11 456 ლარი გადახდილი აქვს (ტ. 1, ს/ფ 47).

4. სარჩელის საფუძვლები

4.1. მოსარჩელემ 2016 წლის 27 დეკემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მისთვის არსებული დავალიანების - 94 403.36 ლარის დაკისრება მოითხოვა.

4.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-3 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და განმარტა, რომ მოიჯარეს, შეთანხმების აქტის მიხედვით, დარჩა შემდეგი დავალიანება: ძირითადი თანხა 40 868.17 ლარი, შეთანხმების ოქმით აღიარებული დავალიანების 54 599.13 ლარის გადასახდელი პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის (თვეში 2 274.96 ლარი) 0.2 %, სულ 21 916.88 ლარი, ჯამში, 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, 62 785.05 ლარი იყო გადასახდელი. 2012 წლის 2 ივლისიდან 2015 წლის იანვრამდე დავალიანება გათვალისწინებულია 2016 წლის 30 დეკემბრის შეთანხმების აქტში. 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე დავალიანებამ შეადგინა (ძირითადი თანხა) – 25 238.07 ლარი, დაიფარა ძირითადი თანხა 4 258.07 ლარი, დარჩა 20 980 ლარი, რასაც დაერიცხა პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0.1% - 5 869.31 ლარი,ჯამში 26 849.31ლარი. რაც შეეხება 2015 წლის 14 იანვარს სამინისტროსა და მოიჯარეს შორის №1 იჯარის ხელშეკრულების შეუსრულებლობას, დავალიანება განისაზღვრა შემდეგი სახით: დარიცხული საიჯარო გადასახადი 2016 წლის 1 დეკემბრამდე არის 10 200 ლარი, საიდანაც დაიფარა მხოლოდ 6 500 ლარი და გადასახდელი დარჩა 3 700 ლარი, რაც მოპასუხეს არ გადაუხდია. დარჩენილი დავალიანების გადაუხდელობის გამო მოიჯარეს, 2016 წლის 1 დეკემბრამდე, საურავის სახით 1 069 ლარი დაერიცხა, ჯამში სულ გადასახდელია 4 769 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის დავალიანებამ სამინისტროს მიმართ პირგასამტეხლოს ჩათვლით №1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4 769 ლარი შეადგინა; №6, №7 (2012 წლის 2 ივლისიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდი, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 5 წლით) და №10 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 62 785.05 ლარი და №7 (2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდი, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 5 წლით), - 26 849.31 ლარი. საბოლოოდ მეიჯარის წინაშე არსებული დავალიანების ჯამური თანხა, 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, დავალიანება 94 403.36 ლარია, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1. მოპასუხემ მის მიერ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას 54 599.13 ლარის ნაწილში სრულად ეთანხმება, ხოლო დამატებითი პირგასამტეხლოს 21 916.88 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

5.2. მოპასუხემ განმარტა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო კომპანიის ფინანსური პრობლებებით. ამასთან, 2014 წლის 30 დეკემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის პირგასამტეხლოს პირგასამტეხლო, რადგან წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ შეთანხმებაში მოიჯარის დავალიანება პირგასამტეხლოს ჩათვლით იყო დაანგარიშებული. მისი მტკიცებით ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავსი სახის პირგასამტეხლოს.

5.3. მოპასუხის მოსაზრებით პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ის გონივრულ ფარგლებში უნდა შემცირდეს.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 72 486 ლარის გადახდა დაეკისრა (ძირითადი - 65 548.17 ლარი; ჯარიმა - 6 938.31 ლარი).

6.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-ე, 420-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ნაწილობრივ ცნო მოსარჩელის მოთხოვნა, ძირითადი დავალიანების - 65 548,17 ლარის და ჯარიმის - 6 938.31 ლარის ნაწილში. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობა, რომელიც აღემატება საჯარიმო სანქციის მოცულობას, არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს შემცირების შინაარსით და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. სამინისტროს სააპელაციო საჩივარი

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (მეიჯარემ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მეიჯარის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოიჯარეს (მოპასუხეს)77 486.48 ლარის გადახდა დაეკისრა (ძირითადი - 65 548.17 ლარი, პირგასამტეხლო - 11 938.31 ლარი).

8.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ, 2014 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ოქმიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს - 21 916,88 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის უარყოფის ნაწილში გაასაჩივრა, მისი გაუქმების მოთხოვნითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

8.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 30 დეკემბერს სამინისტროსა და მოპასუხეს შორის შედგა შეთანხმების აქტი, რომლის საფუძველზე მოიჯარემ აღიარა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებები პირგასამტეხლოს ჩათვლით - 54 599,13 ლარი და იკისრა ვალდებულება, აღნიშნული თანხა 2015 წლის 1 იანვრიდან - 2017 წლის 1 იანვრამდე თანაბარწილად, ყოველთვიურად 2 274,96 ლარის ოდენობით, გადაეხადა. ამავე შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას ეკისრება პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელი თანხის 0,2%-ის გადახდა დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული შეთანხმების მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეთანხმების პირობათა განმეორებით შეუსრულებლობა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა შეთანხმების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ამდენად, 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმებით განსაზღვრულია მის გაფორმებამდე დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეჯამებული ფულადი ვალდებულების შესრულების გრაფიკი და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში - შესაბამისი სანქციები (ტ.1, ს.ფ. 45-47).

8.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, მოპასუხის შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოიჯარემ დაარღვია ზემოხსენებული შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახადის გადახდის წესი, რამაც გამოიწვია დამატებით პირგასამტეხლოს დაკისრება, ამასთან ერთად, მოპასუხემ მოითხოვა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება გონივრულ ფარგლებში სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით (ტ.1, ს.ფ. 57).

8.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 30.12.2014 წლის შეთანხმების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დათქმა, რომლის თანახმად მოიჯარის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას ეკისრება პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელი თანხის 0,2%-ის გადახდა დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს პირგასამტეხლოს წარმოადგენს. სასამართლოს შეფასებით, ერთი მხრივ, მოიჯარის მიერ ზემოაღნიშნული შეთანხმების პირველი პუნქტით 2014 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით აღიარებული შეჯამებული დავალიანების თანხა 54 599,13 ლარი მოიცავს საიჯარო დავალიანებას პირგასამტეხლოს ჩათვლით, მაგრამ 01.12.2016 წლამდე მდგომარეობით, შეთანხმების ოქმით განსაზღვრული თანხიდან დარჩენილმა ძირითადმა თანხამ 40 868,17 ლარი შეადგინა და სწორედ აღნიშნული თანხიდან არის დაანგარიშებული აპელანტის მიერ პირგასამტეხლო - 21 916,88 ლარი (ტ.1, ს.ფ. 45, 47, 57). მეორე მხრივ, 30.12.2014 წლის შეთანხმება, სსკ-ის 327-ე მუხლის საფუძველზე, ყველა არსებით პირობას ასახავს, შესაბამისად, წარმოიშვა ახალი მოთხოვნა თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.

8.6. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოიჯარის მიერ 6 938,31 ლარის ფარგლებში ცნობილი პირგასამტეხლო წარმოადგენს N1 იჯარის ხელეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმას 1 069 ლარს, რომელიც არ იყო 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული შეთანხმების საგანი, ასევე, N7 ხელშეკრულებით დარიცხულ პირგასამტეხლოს - 5 869,31 ლარს 2015 წლის 01 იანვრიდან 01.12.2016 წლამდე პერიოდში; N7 იჯარის ხელშეკრულებით 02.07.2012-დან 01.01.2015-მდე გათვალისწინებული დავალიანება კი მოქცეულია 30.12.2014 წლის შეთანხმების ოქმში (ტ.1, ს.ფ.47). მაშასადამე, 2017 წლის 1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის მიერ 6 938,31 ლარის ნაწილში ცნობილი პირგასამტეხლო არ გამომდინარეობდა 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმებიდან.

8.7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან დაასკვნა, რომ საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. შეთანხმებით აღიარებული 54 599,13 ლარის გადაუხდელი ძირითადი თანხის 40 868,17 ლარის პირგასამტეხლო 21 916,88 ლარის ოდენობით წარმოადგენს ზემოხსენებული გადაუხდელი ძირითადი თანხის 50 %-ზე მეტს, რაც პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე გადაუხდელ თანხასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 5 000 ლარამდე.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. აპელანტმა საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

9.2. კასატორის მტკიცებით, მოთხოვნის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კრედიტორს უქმნის რწმენას, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშიც კი, ამ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით შეძლებს საკუთარი მატერიალური უფლების დაცვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მსჯელობის დასაზუსტებლად კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას (სუსგ #ას-1300-1320-2011) და მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

9.3. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ნამსჯელი არ არის, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ 21 916.88 ლარი შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და რა საფუძვლით დააკმაყოფილა სარჩელი მხოლოდ 5 000 ლარის ნაწილში.

9.4. კასატორი მიუთითებს, რომ მოიჯარე არის მეწარმე სუბიექტი და მისთვის ცნობილი იყო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, თუ რამდენად მართებული და გონივრულია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოიჯარისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს შემცირება.

15. იურიდიული დოქტრინისა და სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია:

15.1 ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს;

15.2 პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

16. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, „მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

17. ამდენად, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კონტექსტში მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ემყარება მხარეთა მტკიცებას, დარღვევის ხასიათსა და სიმძიმეს, რაც სასამართლოს შეფასების საგანია (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები წინამდებარე განჩინების 8.6-8.7 ქვეპუნქტებში).

18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუსგ-ები: №ას-1560-1463-2012, 28.03.2012წ; №ას-23-23-2014 ,10.04.2014წ; №ას-1200-1145-2013,16.05.2014წ; №ას-1342-1380-2014, 06.03.2015წ; №ას-48-43-2015,19.03.2015წ/).

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება (იხ. ამ განჩინების 8.6-8.7 ქვეპუნქტები) და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე