საქმე №ას-897-2018 13 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ბ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ი, რ. ტ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა, ასევე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების 1/2-ის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ლ. ბ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ისა და რ. ტ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 29 სექტემბერს მოპასუხეებს შორის დადებული უძრავი ქონების (ს/კ #67.01....) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო ქონების 1/2 ნაწილის, როგორც მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების, მოსარჩელისათვის მიკუთვნება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მათი განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია კანონით დადგენილი წესით, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილები:
გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა, ასევე, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება.
6.2. კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის თაობაზე მხარეს ეცნობა რამდენიმე დღით ადრე. ხსენებულ დღეს შვილთან ერთად გამოემგზავრა აპელანტი ქ.თბილისში და მოულოდნელად დაზიანდა ავტომობილი, რის გამოც, დაახოლოებით ოცი წუთი დააგვიანდა მხარეს სხდომაზე (შვილმა შეაკეთა ავტომობილი, რომელიც ხელოსანია), მომხდარის შესახებ ეცნობა მოსამართლის თანაშემწეს სასამართლოში გამოცხადებისთანავე, თუმცა, ამ დროისათვის, სასამართლოს საქმე უკვე განხილული ჰქონდა. მხარე არ არის პროცესის გაჭიანურებით დაინტერესებული, იგი ხშირად რეკავდა სასამართლოში და მოითხოვდა საქმის განსახილველად დანიშვნას, გამოუცხადებლობა განპირობებულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორმა, სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 8 ნოემბერს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით ამავე წლის 22 მაისს, 16:00 საათზე დაინიშნა სააპელაციო საჩივრის განხილვა;
1.2.2. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის შესაბამისი აქტით დასტურდება და არც მხარე უარყოფს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის, ასევე, გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე;
1.2.3. დანიშნულ დროს სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ამასთანავე, სასამართლოს არ მოეპოვებოდა რაიმე ცნობა მხარის გამოუცხადებლობის თაობაზე;
1.2.4. გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
1.3. კერძო საჩივრის ავტორი პრეტენზიას ძირითადად იმ მიმართულებით აცხადებს, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზით _ ავტომობილის დაზიანების გამო ვერ გამოცხადდა სხდომაზე, ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და ამ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.
1.5. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობაზე მხარეს არ მიუთითებია (დაუძლეველ ძალად რომც მივიჩნიოთ ავტომობილის დაზიანების ფაქტი, ბუნებრივია, ამის შესახებ სასამართლო წინასწარ ვერ იქნებოდა ინფორმირებული), რაც შეეხება თავად ავტომობილის დაზიანების ფაქტს, საკასაციო პალატა მას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რითაც მხარეს სურს მითითებული ფაქტის დადასტურება, საკუთარი შვილის წერილობითი განმარტებაა. საკასაციო სასამართლო ამ მტკიცებულებას აფასებს იურიდიული სარწმუნოობის კონტექსტში (სსსკ-ის 105-ე მუხლი), თუმცა არ უყალიბდება შინაგანი რწმენა, რომ მითითებულ ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი, რადგანაც ვ. ბ-ი მხარის შვილია და ბუნებრივია, მას აქვს სუბიექტური დაინტერესება დავის შედეგთან მიმართებით, სხვა რაიმე მტკიცებულება (მაგალითად საპატრულო პოლიციის ოქმი, გადაუდებელი დახმარების სამსახურის გამოძახების ოქმი და სხვა) მხარეს არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, სასამართლომ რომც გაიზიაროს მხარის მიერ მითითებული გარემოება, კერძო საჩივრით იგი ადასტურებს, რომ სასამართლოს მომხდარის შესახებ აცნობა არა დაუყოვნებლივ, არამედ, სხდომის დასრულების შემდგომ, შესაბამისად, მხოლოდ ფაქტის დადგომა ავტომატურად ვერ მიიჩნევა კანონით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად (სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის (სსსკ-ის 241-ე მუხლი) თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე).
1.6. პალატა უარყოფს მხარის მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების თაობაზე და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა რა სარჩელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, მან სწორად გააუქმა უზრუნველყოფის გამოყენებული ღონისძიებაც, გარდა ამისა, ხსენებული საკითხის შეფასება სცდება კერძო საჩივრის განხილვის პროცესუალურ ფარგლებს.
1.7. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებზე მითითებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი