Facebook Twitter

საქმე №ას-791-791-2018 13 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „გ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „ვ. ს. ს. ს.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „გ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „ვ. ს. ს. ს.“ (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, ნასყიდობის საფასურის _ 1 914 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, დატოვებულ იქნა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაუდო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხსენებული ნორმა ამოქმედდა 2018 წლის 29 მარტს, ხოლო საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 2018 წლის 27 მარტს გამოიტანა. ამ ნორმით პირის მდგომარეობა გაუარესდა, შესაბამისად, სასამართლოს მიდგომა ეწინააღმდეგება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტს. სასამართლოს მხრიდან ხსენებული დარღვევის გამო პირს ერთმევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, აღნიშნული უფლება კი, მხარეს მოპოვებული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ.“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:

1.2.1. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს _ 1 914 ლარის დაკისრება;

1.2.2. უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო საჩივრით მხარე კვლავ სარჩელის დაკმაყოფილებას _ თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას მოითხოვს;

1.2.3. პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის ღირებულების გამოთვლის ზოგად წესს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი გამოიანგარიშება გადასახდელი თანხით, თავის მხრივ, აღნიშნული ნორმა ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოდიფიცირდება და სააპელაციო სამართალწარმოებისას, იგი განისაზღვრება იმ ოდენობით, რა ფარგლებშიც ითხოვს აპელანტი გადაწყვეტილების შეცვლას (იხ. სსსკ-ის 365-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის 1 914 ლარის დაკისრებას, შესაბამისად, სააპელაციო მოთხოვნის ღირებულებაც ამ ოდენობის თანხას შეადგენს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა კრიტერიუმი და განსაზღვრა, თუ რა ღირებულების დავის თაობაზე დაიშვება სააპელაციო საჩივრის წარდგენა. ნორმის განმარტებით ირკვევა, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.

1.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს გასაჩივრებული განჩინებით „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის დარღვევით კანონისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. საქართველოს კანონი (# 2035-IIს) „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 2018 წლის 7 მარტს და ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებულია ამავე წლის 29 მარტს, ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, იგი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება და გადაწყვეტილების გასაჩივრება განსხვავებულ საპროცესო მოქმედებებს წარმოადგენს, შესაბამისად, იმის განსასაზღვრად, თითოეული საპროცესო მოქმედების მიმართ, თუ რომელი რედაქციის ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული, ყურადღება უნდა გამახვილდეს საპროცესო კანონმდებლობის დროში მოქმედების პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ამდენად, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის მოქმედებდა ახალი რედაქციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სწორად იხელმძღვანელა ამ ნორმით. ამგვარი მიდგომა არ განსხვავდება არც საკასაციო პალატის მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (პრაქტიკის თვალსაზრისით, მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: №ას-58-57-2010 3 თებერვალი 2010 წელი; №ას-274-265-2012, 20 თებერვალი, 2012 წელი).

1.5. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).

1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

1.7. წარმოდგენილ კერძო საჩივარს ერთვის გასაჩივრებული განჩინების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სსიპ საკანონმდებლო მაცნის ამონაბეჭდის ასლები. ვინაიდან სასამართლო აქტები საქმეში დედნის სახითაა წარმოდგენილი, ხოლო სასამართლოსათვის, რა საკვირველია, ცნობილია სსიპ „საკანონმდებლო მაცნეს“ მონაცემები, მათ შორის კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებების თაობაზე, ამ მტკიცებულებებს საქმისათვის მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატა უარს აცხადებს საქმისათვის მათ დართვაზე და უბრუნებს კერძო საჩივრის ავტორს.

1.8. წინამდებარე კერძო საჩივარს მხარემ დაურთო სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სსსკ-ის 39.1 მუხლის დ“ ქვეპუნქტი). ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.3. პუნქტში მითითებული სამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემული დავა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლიდან გამომდინარე, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად დავათა კატეგორიას განეკუთვნება, რის გამოც, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მათ შორის კერძო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა ნახევრდება და შეადგენს 25 ლარს. ამდენად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი ბაჟი _ 25 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 104-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. შპს „გლობალმშენს“ (ს/კ #438724329) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ხატია გოგსაძის მიერ 31.05.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 25 ლარი.

4. კერძო საჩივრის ავტორს ასევე დაუბრუნდეს გასაჩივრებული განჩინების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სსიპ საკანონმდებლო მაცნის ამონაბეჭდის ასლები (ს.ფ. 338-347).

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი