Facebook Twitter

საქმე №ას-615-615-2018 13 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იამვე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ. ბ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მფლობელი) მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული #01.14.02.004.... უძრავი ქონების (შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვისა და გმოთავისუფლებული ქონების მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შედავებით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით, საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მხოლოდ მე-18 დღეს მიმართა საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით, ამის შემდგომ კი, დადგენილ ვადაში ის აღარ გამოცხადებულა საქალაქო სასამართლოში, რადგანაც კანონით განსაზღვრულ 20-30-დღიან ვადაში მოპასუხეს მუდმივი სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა სასამართლოსთან და, რადგანაც გადაწყვეტილება ფიზიკურად არ იყო მომზადებული, არ შეიძლება, მას გასაჩივრების უფლება წაერთვას. დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მოუმზადებლობას ადასტურებს გადაწყვეტილებაზე დასმული სასამართლო შტამპი (თარიღი), გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-5 მუხლების მოთხოვნები, რადგანაც მან მხოლოდ ცალმხრივად შეამოწმა დავის ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, მხარეს აქვს ეჭვი სასამართლოს სუბიექტური კოლეგიალურობისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპრცესო ვადის დაცვის კანონიერება წარმოადგენს. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდნენ მხარეები და მათი წარმომადგენლები;

1.2.2. უდავოა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2018 წლის 28 იანვარი, ხოლო 30-ე დღე _ 7 თებერვალი;

1.2.3. მფლობელის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მიმართა 2018 წლის 26 იანვარს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-18 დღეს, რაიმე მტკიცებულება, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში მხარის/წარმომადგენლის მიერ სასამართლოში გამოცხადებასა და გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნას, ასევე, დადგენილ ვადაში სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების მომზადების შეუძლებლობას დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება;

1.2.4. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო კონვერტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2018 წლის 23 თებერვალს.

1.3. მოხმობილი გარემოებების სამართლებრივად შეფასების მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

1.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. პალატა დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-18 დღეს სასამართლოსათვის მიმართვა არ წარმოადგენს მოპასუხის მხარიდან საპროცესო ვალდებულების შესრულებას, გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, თუნდაც სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევა და/ან აპელანტის მცდელობა, მოეპოვებინა ამ ვადაში გადაწყვეტილება, მისი პოზიცია სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ ემყარება არა რაიმე მტკიცებულებას, არამედ მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რასაც უარყოფს პალატა (ამ ფაქტის დადასტურებისათვის არარელევანტურია მხარის მიერ წარმოდგენილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი, რადგანაც მასზე დასმული სასამართლოს ბეჭედი „ასლი დედანთან სწორია“ ასახავს არა გადაწყვეტილების მომზადების, არამედ, მისი ამ ბეჭდით დამოწმების თარიღს). გარდა ამისა, ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-5 მუხლების დარღვევის შესახებ აპელანტის პოზიცია, რადგანაც ამავე კოდექსის 373-ე-374-ე მუხლების იმპერატიულ დანაწესს წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან კანონის მოთხოვნებთან საჩივრის შესაბამისობის ერთპიროვნულად შემოწმება, ხოლო იმ პირობებში, როდესაც წარმოებაში მიღების საკითხი შეეხება მხოლოდ ერთი მხარის მიერ წარდგენილ საჩივარს, რაში გამოიხატება მხარეთა თანასწორობა, გაუგებარია, ისევე, როგორც გაურკვეველი რჩება მხარის პოზიცია, თუ რას გულისხმობდა მოსამართლის „სუბიექტურ კოლეგიალურობაში“.

1.5. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.2.-.1.2.4. პუნქტებში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებას, აპელანტის მხრიდან საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის თაობაზე (გასაჩივრების საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 07.02.2018წ. და ამოიწურა 21.02.2018წ, სააპელაციო საჩივარი კი ,ფოსტას ჩაბარდა 23.02.2018წ.) და მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე მუხლების, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე მისი განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც მის დაკმაყოფილებას დაედებოდა საფუძვლად.

1.6. კერძო საჩივრის ავტორმა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 50 ლარი. ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსახილველი დავის საგნის ღირებულება 4 000 ლარია, რაც ამავე კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა უნდა განახევრდეს და ამავე კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით ზედმეტად გადახდილი 25 ლარი უნდა დაუბრუნდეს მხარეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. მ. გ-ს (პ/#01010....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 27.04.2018წ. #12 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 25 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი