საქმე №ას-585-585-2018 13 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ინდ.მეწარმე ნ. ზ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ა-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების ოდენობის განსაზღვრა, ვალდებულების შესრულების შემდგომ გირავნობის საგნის გათავისუფლების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ზ. ა-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინაარმდეგე მხარე ან მოვალე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდ.მეწარმე ნ. ზ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან კრედიტორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიმართ მოსარჩელის დავალიანების 630 ლარით განსაზღვრა, ასევე, მითითებული ვალდებულების შესრულების შემდგომ 21.07.2014წ. სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მფლობელობითი გირავნობისგან გირავნობის საგნის გათავისუფლება და მოსარჩელისათვის გადაცემა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ გადახდის ქვითრები გამორიცხავს ვალდებულების შემცირებას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა 630 ლარით და ამ ვალდებულების შესრულების შემდგომ დადგინდა მფლობელობითი გირავნობისაგან გირავნობის საგნის გათავისუფლება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის ვალდებულების 2 170 ლარით განსაზღვრა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კრედიტორმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განჩინებას საფუძვლად დაუდო 2018 წლის 9 მარტსა და 29 მარტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ადრესატის მიერ ჩაუბარებლობა. 2018 წლის 6 მარტს მოპასუხემ გაიკეთა მძიმე ოპერაცია, იწვა ონკოლოგიურ საავადმყოფოში და მისთვის უცნობი იყო ის გარემოება, რომ გზავნილი ჩოხატაურში მდებარე ლომბარდში ყოფილა მისული, სადაც ოპერატორს მის მიღებაზე უარი ჰქონია გაცხადებული იმ მოტივით, რომ ვერ უკავშირდებოდა ადრესატს, ანალოგიურად არ მიუღია მას განმეორებითი გზავნილი, მას განუმარტავს, რომ ადრესატს ჰქონდა წოლითი რეჟიმი და უცნობებია იურიდიული მისამართი: ქ.სამტრედია, ნინოშვილის მე-4 ჩიხი #10. ამდენად, აპელანტი ვერ შეძლებდა ხარვეზის შევსებას, გარდა ამისა, სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო იგივე მისამართი, რომელიც, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, ემთხვევა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილ მისამართს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდ.მეწარმე ნესტან ზაქარაძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.
1.3. კერძო საჩივარში გადმოცემული პრეტენზიების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის სწორად შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ:
1.3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა კანონის მოთხოვნებს, ასევე, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა, ამავე განჩინებით საპროცესო ვადა განისაზღვრა 7 დღით და განიმარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები;
1.3.2. ხსენებული განჩინება ადრესატს პირველად გაეგზავნა მისამართზე: ჩოხატაური, წ. ქ#... და 2018 წლის 20 მარტს ოპერატორმა - მზექალა მგალობლიშვილმა უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე;
1.3.3. ამავე მისამართზე გზავნილი გაიგზავნა განმეორებით, თუმცა არ ჩაბარდა ადრესატს იმ მიზეზით, რომ არ იმყოფებოდა მისამართზე (საფოსტო პასუხში არ არის მითითებული კურიერის ვიზიტის თარიღი და სააპელაციო პალატამ იგი გაგზავნის თარიღს დაუკავშირა, თუმცა, ვინაიდან მხარე ამ ფაქტს სადავოდ არ ხდის და მასთან სადავოა არა საპროცესო ვადის დაცვის საკითხი, არამედ _ სასამართლოსათვის მიუმართაობა, ეს გარემოება სსსსკ-ის 393.3 მუხლის შესაბამისად, ვერ გახდება განჩინების გაუქმების საფუძველი, ამასთანავე, კერძო საჩივრის ავტორი ამ გარემოებას სადავოდ არ ხდის, ხოლო საკასაციო პალატა სსსკ-ის 404.1 მუხლის შესაბამისად, ამ საპროცესო დარღვევას არსებითი მსჯელობის საფუძვლად არ აქცევს);
1.3.4. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად, მხარე ძირითად მისამართად მიუთითებს სწორედ ჩოხატაურს, წ. ქ#...-ს, მართალია, მას ალტერნატიული მისამართიც აქვს მითითებული (სამტრედია, ნ. ქუჩა, მე-... ჩიხი #10), თუმცა, ამავე საჩივარში თავად აღნიშნავს, რომ სურს კორესპონდენციის ჩაბარება ძირითად მისამართზე, ხოლო ელ.ფოსტით კორესპონდენციის ჩაბარებაზე აცხადებს უარს.
1.4. პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას სასამართლო შეტყობინების არასწორად განხორციელების თაობაზე და ზემოხსენებული ფატქობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით მოიშველიებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე (1) (2); 73 (1) და 75 (1) (2) მუხლებს (სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ... რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა (ოჯახის ქმედუნარიანი წევრი ან სამუშაოს ადმინისტრაცია, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს), გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე) და განმარტავს, რომ უწყება აპელანტისათვის ჯერ კიდევ პირველი გაგზავნისას მიიჩნეოდა ჩაბარებულად, როდესაც ორგანიზაციის უფლებამოსილმა პირმა უარი განაცხადა მის მიღებაზე. ამ მხრივ მხარის პრეტენზიები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი გაზიარების საფუძველი, ისევე, როგორც საპატიოდ ვერ იქნება მოჩნეული პირის ავადმყოფობა, რადგანაც კერძო საჩივარზე დართული სამედიცინო ცნობით, მართალია, დასტურდება ოპერაციული მკურნალობის ჩაბარების ფაქტი, თუმცა, ამავე მტკიცებულებით ირკვევა, რომ პირი გაიწერა სტაციონარიდან 2018 წლის 10 მარტს, ხოლო, ოპერატორმა მის ჩაბარებაზე უარი განაცხადა 2018 წლის 20 მარტს.
1.5. იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ აპელანტმა არ შეასრულა სასამართლოს მიერ დაკისრებული საპროცესო მოქმედება, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
1.6. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს განჩინება არსებითად სწორია, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს ამ განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია არ შემოუთავაზებია სასამართლოსათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდ.მეწარმე ნ. ზ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი