Facebook Twitter

საქმე №ას-560-560-2018 13 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ხ. და თ. მ-ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო. გ-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ ზ. მ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო საჩივრის მიღების დავალდებულება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ოლეგ გაბიტაშვილმა (შემდგომში _ მოსარჩელე მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ., ხ. და ზ. მ-ების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, მფლობელები, თ. და ხ. მ-ები ასევე, წოდებული, როგორც კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული #01.12.13.... უძრავი ქონების (შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვის მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ გააჩნიათ ნივთის ფლობის უფლება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო, თ. და ხ. მ-ების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო ზ. მ-ის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი (ამ ნაწილში განჩინება გასაჩივრებული არ არის, შესაბამისად, საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს მასზე).

6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს თ. და ხ. მ-ებმა, მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის მიღების დავალდებულება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2018 წლის 25 იანვარს სამივე მოპასუხე გამოცხადდა სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით და, სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლის განმარტების შესაბამისად, გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტი ხელმოწეით დაადასტურა მხოლოდ თ. მ-ემ. როგორც სასამართლოს მოხელემ განუმარტა მოპასუხეებს, სააპელაციო საჩივარი უნდა წარედგინათ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რაც მათი მხრიდან დაცულია. 2017 წლის 11 დეკემბერს საქალაქო სასამართოს მოსამართლეს მოპასუხეები ელოდნენ სამუშაო საათების დასრულებამდე, სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია, მხარეებს მოახსენა, რომ სხდომას ვეღარ გადადებდა და მათ შეეძლოთ, მიემართათ გირაოს თანხის დაბრუნების საკითხზე, ამგვარი ქმედება რომც ჩაითვალოს გადაწყვეტილების გამოცხადებად, იგი სამუშაო საათების დასრულების შემდგომ განხორციელდა და საპროცესო ვადის ათვლა 11 დეკემბერს არ უნდა დაიწყოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. და ხ. მ-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დაცვის კანონიერება წარმოადგენს. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის საოქმო განჩინებით განისაზღვრა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი _ 2017 წლის 11 დეკემბერი, 17:50 საათი. სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ კერძო საჩივრის ავტორები და ხსენებული გარემოებების თაობაზე გაფრთხილდნენ ხელწერილით (სსსკ-ის 216.3 მუხლი), ხოლო ზ. მ-ეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა უწყება. საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, ადრესატს შეტყობინება არ ჩაბარებია;

1.2.2. დანიშნულ დღეს, 17:50 საათზე გაიხსნა სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ სხდომის თაობაზე გაფრთხილებული მოპასუხეები და გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც განიმარტა ასევე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების წესი და გასაჩივრების ვადა;

1.2.3. რაიმე განცხადება, რომლითაც მხარეებს სხდომის ოქმის კანონიერებაზე შენიშვნები ექნებოდათ, საქმეში არ მოიპოვება (სსსკ-ის 291-ე მუხლი);

1.2.4. გამოუცხადებელ მხარეს, საქმეში წარმოდგენილი გზავნილის თანახმად, ფოსტით გაეგზავნა გადაწყვეტილების ასლი 2017 წლის 13 დეკემბერს, რაიმე დოკუმენტი, რომელიც ამ გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მოპასუხეთა სასამართლოში გამოცხადების ფაქტს დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება;

1.2.5. სააპელაციო საჩივარი მოპასუხეებმა სასამართლოში წარადგინეს 2018 წლის 25 იანვარს.

1.3. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

1.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. პალატა დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის უკანასკნელ დღეს წარმოადგენდა 2018 წლის 24 იანვარი, რამდენადაც, ზემოხსენებული განმარტების შესაბამისად, გადაწყვეტილების ჩაბარების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 12 დეკემბრიდნ და 30 დღე 2018 წლის 10 იანვარია, ხოლო სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა _ 2018 წლის 24 იანვარი. სააპელაციო საჩივარი კი, სასამართლოში 2018 წლის 25 იანვარსაა რეგისტრირებული.

1.5. განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიებს იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ გამოცხადებულა და მოსამართლესთან არასამუშაო დროს განხორციელდა კომუნიკაცია, ასევე იმის შესახებ, რომ მათ დაცული აქვთ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა და იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებას, რომ მითითებული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე მუხლების, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე, მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო, ხოლო კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. და თ. მ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი