საქმე №ას-1845-2018 22 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ი. გ-ი, ბ. ს-ი, ე. ყ-ი, ლ. ჯ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს „ს. ბ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. გ-ის, ბ. ს-ის, ე. ყ-ისა და ლ. ჯ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები ან მოვალეები) მიმართ, 2014 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 10 951,09 ლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად, ხოლო, საკრედიტო ბარათის დავალიანების _ 3 741,93 ლარის ი. გ-ისათვის ინდივიდუალურად დაკისრების მოთხოვნით, მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა 2014 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკის საგნის (ს/კ 51....) სარეალიზაციოდ მიქცევა, ხოლო, თუკი ამონაგები თანხით კრედიტორის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, ასევე - მსესხებლის სხვა ქონებაზე ზღვევინების მიქცევა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ, ი. გ-ი, ბ. ს-ი, ე. ყ-ი და ლ. ჯ-ი 2014 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში სარჩელს დაეთანხმნენ სრულად. საკრედიტო ბარათის დავალიანების მოთხოვნის ნაწილში ი. გ-იც ნაწილობრივ დაეთანხმა მოთხოვნას, კერძოდ, მხოლოდ სესხის ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში, მოთხოვნის უარყოფა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს, 2014 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის - 5 500 ლარის, პროცენტის - 833.95 ლარის, ჯარიმის - 414 ლარის და საკომისიოს _ 477 ლარის, სულ _ 7 224,95 ლარის გადახდა. ამ ვალდებულების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად კრედიტორის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდებოდა, დადგინდა, რომ სარეალიზაციოდ მიექცეოდა ი. გ-ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონება. ამავე გადაწყვეტილებით, ი. გ-ს დაეკისრა საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის _ 1 938.40 ლარის, პროცენტის _ 899,98 ლარისა და პირგასამტეხლოს - 90 ლარის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოვალეებმა და მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მისი წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის მოტივით.
6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიმართეს 2018 წლის 28 მაისს და დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდათ 9 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 12 ივლისს. სააპელაციო პალატას ყურადღება არ გაუმახვილებია იმ ფაქტზე, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება რაიონულმა სასამართლომ საპროცესო ვადის დარღვევით მოამზადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაურკვეველია, რატომ არ ჩაბარდა ის მხარეს მოთხოვისთანავე. პალატა დაეყრდნო სასამართლოს სხდომის მდივნის მიერ შედგენილ აქტს, თითქოს, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში მომზადდა, თუმცა აღნიშნულ საქმეზე სხდომის მდივანი იყო ა.ლ-ი და არა აქტის შემდგენი ს.ქ-ი. გაურკვეველია ს.ქ-ის ინტერესი და თუკი მზად იყო დასაბუთებული გადაწყვეტილება, 12 დღის განმავლობაში რატომ არ ჩააბარა მხარეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის, ბ. ს-ის, ე. ყ-ისა და ლ. ჯ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 და 369-ე მუხლების გამოყენება-განმარტებისა და ამ კუთხით ფაქტობრივი გარემოებების შეფასების სისწორე.
1.3. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი ვადა ამოიწურა 2018 წლის 27 ივნისს. აპელანტებმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს 2018 წლის 28 ივნისს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, გურჯაანის რიონული სასამართლოს სხდომის მდივნის - ს. ქ-ის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილ ვადაში. შესაბამისად, აპელანტებისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 28 ივნისს და ამოიწურა 2018 წლის 11 ივლისს. მათ კი, სააპელაციო საჩივარი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში წარადგინეს 2018 წლის 12 ივლისს.
1.4. კერძო საჩივრის ავტორები სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვენ, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადა მათი ბრალით არ დარღვეულა, რაიონულმა სასამართლომ დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება, რასაც მოწმობს მხარის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების წერილობითი მოთხოვნის წარდგენისა და მისი ჩაბარების თარიღები, რაც შეეხება სასამართლოს სხდომის მდივნის აქტს, მხარეს სურს მისი უარყოფა, რადგანაც აქტში ასახული ინფორმაცია არ ემყარება საქმის მასალებს.
1.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტს, რომ საპროცესო ვადა მხარის ბრალით არ დარღვეულა, ამ პრეზუმფციის დაშვების საფუძვლად პალატა სწორედ მხარეთა მიერ მოშველიებულ მტკიცებულებათა შეფასებას მიიჩნევს (სსსკ-ის 105-ე მუხლი). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ და ფაქტობრივ საკითხზე:
1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო/საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადით შეზღუდვა სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს ემყარება, თუმცა ეს ვადა სასამართლოს მხრიდან ყოველთვის ზედმიწევნით უნდა იქნეს შესწავლილი, რათა დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს ამავე კოდექსის მე-2 მუხლით, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამასთანავე, სასამართლოს მხრიდან საკითხის ზედმიწევნითი ანალიზი უზრუნველყოფს მოგებული მხარის ინტერესების დაცვასაც, რაც გონივრული პროპორციაა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლი).
1.5.2. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის კონტექსტში უდავოა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე ინფორმირებული იყვნენ მხარეები, შესაბამისად, ხსენებული ნორმა მათ მიმართ მოქმედებს (გარდა ამისა, მოპასუხეები არ წარმოადგენენ ამავე ნორმის მე-2 ნაწილის სუბიექტებს). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე იყო 27 ივნისი, ზოგადი წესის თანახმად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა (სსსკ-ის 369-ე მუხლი) დაიწყო 28 ივნისს და ამოიწურა 11 ივლისს. საქმეში არსებული განცხადებების თანახმად, მართალია, დასტურდება, რომ მხარემ დაარღვია ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრული 30-დღიანი ვადა გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის თაობაზე (მიმართა 28 ივნისს), თუმცა ის გარემოება, რომ 30-დღიანი ვადის დარღვევით, 2018 წლის 28 ივნისის განცხადების პასუხად მოპასუხე მხარეს მაინც არ ჩაბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, არამედ გადაეცა დაგვიანებით _ 2018 წლის 9 ივლისს, გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში მოუმზადებლობის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიის გაზიარების საფუძველს ქმნის. უდავოა ისიც, რომ მოპასუხეებს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაცული აქვთ მისი გასაჩივრების 14-დღიანი ვადა (საჩივარი რეგისტრირებულია სასამართლოში 2018 წლის 12 ივლისს). სასამართლოს უმოქმედობა გამორიცხავს საქმეში წარმოდგენილი სხდომის მდივნის მიერ შედგენილი აქტის გაზიარების შესაძლებლობას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილ ვადაში, რადგანაც ალოგიკურია სასამართლოში გამოცხადებულ მხარეს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში არ გადაეცეს გადაწყვეტილება მისი დადგენილ ვადაში მომზადების შემთხვევაში. საგულისხმოა თავად ის გარემოებაც, რომ აქტი დათარიღებულია გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების უკანასკნელი დღით _ 2018 წლის 27 ივნისით, ხოლო მოპასუხე მხარე სასამართლოში გამოცხადდა მომდევნო დღეს _ 28 ივნისს.
1.6. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუშვებელია, მხარეს წაერთვას მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლება ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმის მასალების ანალიზი არ ქმნის უალტერნატივო დასკვნის საფუძველს იმის თაობაზე, რომ თავად მხარემ დაარღვია ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.
1.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პალატა აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. გ-ის, ბ. ს-ის, ე. ყ-ისა და ლ. ჯ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი