Facebook Twitter

საქმე №ა-5457-შ-135-2018 22 თებერვალი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ხ. ი-ი

დაინტერესებული პირები – ე. ტ-ო

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – საბერძნეთის ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საბერძნეთის, ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, ე. ტ-ს შვილად აღიარებულ იქნა საქართველოში, 19... წლის 5 დეკემბერს დაბადებული (ბიოლოგიური მშობლები: დ. ზ-ე, ჯ. ი-ი) სრულწლოვანი პირი _ ხ. ჯ-ის ასული ი-ი.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხ. ი-მა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით დასტურდება, რომ:

i მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;

ii გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე;

iii შვილად აყვანილი პირი დაბადებულია საქართველოში.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საქმეში მოიპოვება დაინტერესებული პირის წერილობითი თანხმობა იმის თაობაზე, რომ იგი ინფორმირებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაზე და არაფერი აქვს საწინააღმდეგო ამ საკითხთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ხ. ი-ის შუამდგომლობა საბერძნეთის, ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საბერძნეთის, ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, ე. ტ-ოს შვილად აღიარებულ იქნა საქართველოში 19... წლის 5 დეკემბერს დაბადებული (ბიოლოგიური მშობლები: დ. ზ-ე, ჯ. ი-ი) სრულწლოვანი პირი _ ხ. ჯ-ის ასული ი-ი.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხ. ი-მა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით დასტურდება, რომ:

i მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;

ii გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე;

iii შვილად აყვანილი პირი დაბადებულია საქართველოში.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან გამოიკვეთა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ მიიჩნევა; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

4.1. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზეც, რომ შუამდგომლობის საგანს სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა წარმოადგენს, ასევე, უდავოა, რომ შვილად ასაყვანი საქართველოს მოქალაქეა. მსგავსი საკითხის გადაწყვეტის წინაპირობას ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, დადგენილია, რომ სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა ზნეობრივად გამართლებულია და არ იკვეთება ხ.იაკობაშვილის მოთხოვნის დაკმაყოფილების ხელისშემშლელი რომელიმე საკანონმდებლო დანაწესის არსებობა. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგი სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით საკითხის გადაწყვეტისათვის განსაზღვრულ წინაპირობებს.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საბერძნეთის, ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ტ-ოს შვილად აღიარებულ იქნა 19... წლის 5 დეკემბერს საქართველოში დაბადებული (ბიოლოგიური მშობლები: დ. ზ-ე, ჯ. ი-ი) სრულწლოვანი პირი _ ხ. ჯ-ის ასული ი-ი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. ი-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ტ-ოს შვილად აღიარებულ იქნა 19... წლის 5 დეკემბერს საქართველოში დაბადებული (ბიოლოგიური შობლები: დ. ზ-ე, ჯ. ი-ი) სრუწლოვანი პირი _ ხ. ჯ-ის ასული ი-ი.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი