საქმე №ა-5291-შ-131-2018 22 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შ. ბ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – საფრანგეთის, ბობინის მაღალი ინსტანციის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – მშობლის უფლების შეზღუდვა, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საფრანგეთის, ბობინის მაღალი ინსტანციის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, საქართველოში, ქ.თბილისში 2007 წლის 7 სექტემბერს დაბადებული ე. ბ-ის მიმართ მშობლის უფლების გამოყენების ნებართვა ერთპიროვნულად მიენიჭა მ. ხ-ს, მისივე საცხოვრებელი განისაზღვრა ბავშვის _ ე. ბ-ის საცხოვრებელ ადგილად. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე შ. ბ-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის სასარგებლოდ.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ხ-ა და მოითხოვა მშობლის უფლების გამოყენების ნებართვის ერთპიროვნულად მინიჭებისა და შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში, საფრანგეთის, ბობინის მაღალი ინსტანციის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ:
i შ. ბ-ი არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე, რაც გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი;
ii საფრანგეთის, ბობინის მაღალი ინსტანციის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
iii ე. ბ-ი საქართველოს მოქალაქეა (დაბადებულია საქართველოში).
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. შუამდგომლობა და თანდართული მასალები მოწინააღმდეგე მხარეს ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით (მისი ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა შეტყობინების ჩაბარებაზე, როგორც პირველად, ისე _ მეორედ განაცხადა უარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის შუამდგომლობა მშობლის უფლების შეზღუდვისა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში საფრანგეთის, ბობინის მაღალი ინსტანციის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საფრანგეთის, ბობინის მაღალი ინსტანციის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოში, ქ.თბილისში 2007 წლის 7 სექტემბერს დაბადებული ე. ბ-ის მიმართ მშობლის უფლების გამოყენების ნებართვა ერთპიროვნულად მიენიჭა მ. ხ-ს, მისივე საცხოვრებელი განისაზღვრა ბავშვის _ ე. ბ-ის საცხოვრებელ ადგილად. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე შ. ბ-ს დაეკისრა ალიმენტის გადახადა შვილის სასარგებლოდ.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ხ-მა და მოითხოვა მშობლის უფლების გამოყენების ნებართვის ერთპიროვნულად მინიჭებისა და შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში საფრანგეთის, ბობინის მაღალი ინსტანციის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ:
i შ. ბ-ი არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე, რაც გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი;
ii საფრანგეთის, ბობინის მაღალი ინსტანციის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
iii ე. ბ-ი საქართველოს მოქალაქეა (დაბადებულია საქართველოში).
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ მიიჩნევა; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
4.1. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზეც, რომ შუამდგომლობის საგანს მოწინააღმდეგე მხარისათვის მშობლის უფლების შეზღუდვა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის დედის საცხოვრებლით განსაზღვრა წარმოადგენს. მსგავსი საკითხის გადაწყვეტის წინაპირობას ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198.3 და 1205-ე მუხლები, რომელთა თანახმადაც, მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობსასაც მხარე მოითხოვს, დადგენილია ზემოხსენებულ ნორმათა წინაპირობები, არც საფრანგეთში და არც საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოებისას შ. ბ-ს დასაბუთებული პრეტენზია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია. ამდენად, საკასაციო პალატა, არასრულწლოვანი ე.ბ-ის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს და და თვლის, რომ არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ხელისშემშლელი რომელიმე საკანონმდებლო წინაპირობა. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგი სრულიად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით საკითხის გადაწყვეტისათვის განსაზღვრულ წინაპირობებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საფრანგეთის, ბობინის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 2007 წლის 7 სექტემბერს ქ.თბილისში დაბადებული ე. ბ-ის მიმართ მშობლის უფლების გამოყენების ნებართვა ერთპიროვნულად მიენიჭა მ. ხ-ს და მისივე საცხოვრებელი განისაზღვრა ბავშვის _ ე. ბ-ის საცხოვრებელ ადგილად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ხ-ის შუამდგომლობა მშობლის უფლების შეზღუდვისა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში საფრანგეთის, ბობინის მაღალი ინსტანციის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საფრანგეთის, ბობინის მაღალი ინსტანციის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 2007 წლის 7 სექტემბერს ქ.თბილისში დაბადებული ე. ბ-ის მიმართ მშობლის უფლების გამოყენების ნებართვა ერთპიროვნულად მიენიჭა მ. ხ-ს და მისივე საცხოვრებელი განისაზღვრა ბავშვის _ ე. ბ-ის საცხოვრებლად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი