Facebook Twitter

საქმე №ას-464-2019 19 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ----------ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ-ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს – 1 745 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 27 ნოემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შედეგად მხარეებს შორის გაფორმდა №13 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, მისთვის მიეწოდებინა შემდეგი დასახელებისა და რაოდენობის პროდუქტი: ქუდი – 1 000 ცალი; ხელთათმანი – 1 000 ცალი: შარვლის ქამარი – 1 000 ცალი; მისაწოდებელი პროდუქტის საერთო ღირებულება განისაზღვრა 34 900 ლარით.

3. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის ვიზუალური დათვალიერება მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიერ, რომელმაც მოიწონა აღნიშნული ნიმუში და №8512 დასკვნით აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ნიმუში ვიზუალურად შესაბამისობაში მოდიოდა სატენდერო პირობებთან.

4. შესყიდვის ობიექტის ნიმუშისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნილ ტექნიკურ პირობებს შორის შესაბამისობა დადგინდა სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. სწორედ აღნიშნულის შემდგომ დაიდო მათ შორის ხელშეკრულება.

5. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ მოხდა ჯარიმის ოდენობის დაანგარიშება 1 745 ლარის ოდენობით და მიემართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოპასუხის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მათ შორის ნამდვილად დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მას მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა 11 000 ლარის ღირებულების ქუდი, 13 900 ლარის ღირებულების შარვლის ქამარი და 10 000 ლარის ღირებულების ხელთათმანი.

7. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 21 მარტის დასკვნის თანახმად, მიწოდებული ხელთათმანი შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

8. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ იმსჯელა მისი შავ სიაში დარეგისტრირების წარმოების ფარგლებში ხელთათმანების სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე და 2016 წლის 14 ივლისის №2076 განკარგულებით დაადგინა, რომ ხელთათმანები შეესაბამებოდა ტექნიკურ მოთხოვნებს და აღნიშნული არ წარმოადგენდა მისი შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიწოდებული საქონელი – ხელთათმანები იქნებოდა სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამო, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მას უნდა დაკისრებოდა ჯარიმა წუნდებული საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 20 ლარს.

9. მოსარჩელის მიერ მითითებული ჯარიმის საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, არ წარმოადგენს აღნიშნული გარემოების შესაბამის დანაწესს, რადგან იგი ეხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს – 872.5 ლარის ანაზღაურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სარჩელი პირგასამტეხლოს –1745 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება 872.5 ლარის ოდენობით.

13. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილში და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება 1745 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარზე დავის საგნის ღირებულება შეადგენს 872.5 ლარს.

14. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 365-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

16. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას მოცემული დავა უნდა შეეფასებინა ვალდებულებით-სამართლებრივი კუთხით და არა ქონებრივი კატეგორიის დავად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მხრიდან სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების კანონიერება.

19. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

20. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

21. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017)

22. ამდენად, ბოლო პერიოდში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 01 ივნისიდან).

23. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც.

24. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობის შეფასება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივანის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვ.) ხდება და მხოლოდ აბსტარქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა, ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივანის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა).

25. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის საგნის ღირებულება დგინდება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლის პრეტენზია გააჩნია მხარეს [სსსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 წინადადება]. საკასაციო პალატის მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მანამდე დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ 4.09.2018წ. საქმე №ას-978-2018, სუსგ 20.09.2018 საქმე №ას-718-718-20118, სუსგ Nას-117-117-2018, 02.04.2018 და Nას-614-614-2018, 31.08.2018).

26. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.

27. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სარჩელი პირგასამტეხლოს – 1745 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება 872.5 ლარის ოდენობით.

28. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ნაწილობრივ, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება 1745 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე დავის საგნის ღირებულება შეადგენს 872.5 ლარს, რაც კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე საგრძნობლად ნაკლებია. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

29. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მოცემული დავა ქონებრივ კატეგორიათა რიგს არ განეკუთვნება. ის ფაქტი, რომ სადავო ურთიერთობა წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივ საფუძველზე სრულებით არ გამორიცხავს წინამდებარე დავის საგნის ქონებრივ ხასიათს. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია.

30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური