Facebook Twitter

საქმე №ას-433-2019 19 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ტ-ე (განმცხადებელი), შპს „რ.“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – აღსრულების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „რ-ის“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „რ-სა“ (შემდგომ – მოპასუხე შპს) და ნ. ტ-ეს (შემდგომ – განმცხადებელი, მოპასუხე) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 2013 წლის 31 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 420 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეებისათვის 2005 წლის 31 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდის განმავლობაში ყოველთვიურად 580 ლარის დაკისრების ნაწილში ეთქვა უარი, რაც მოპასუხე შპს-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილები:

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2015 წლის 5 თებერვლიდან ყოველთვიურად 420 ლარის გადახდა მოსარჩელისათვის სადავო უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემამდე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით მოპასუხე შპს-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

4. 2018 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

განმცხადებლის მოთხოვნა:

5. 2018 წლის 5 დეკემბერს განმცხადებელმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, ხოლო აღნიშნული განცხადების განხილვამდე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 424-ე, 432-ე მუხლებით და დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზემოთ მითითებული ნორმის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმების ობიექტია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება. როგორც საქმის მასალებით დგინდება, განმცხადებელს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ასეთ ვითარებაში პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების) აღსრულების შეჩერების საკითხზე.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

9. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა საქალაქო სასამართლოს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ გარემოებებზე არ იმსჯელა. ახლად აღმოჩენილი გარემოებები არ შეუფასებია არც სააპელაციო პალატას, რომელიც შემოიფარგლა მხოლოდ პროცედურული საკითხების შეფასებით.

10. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია, რადგან 2015 წლიდან მოსარჩელემ დაანგრია 84,31 კვ.მ სარდაფის ჭერი და კედლები, რაც შეეხება მანქანა-დანადგარებს, მათი ადგილიდან დემონტაჟი ვერ მოახდინა სათანადო აქტის უქონლობისა და მათი დაზიანების გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის იმ განჩინების კანონიერება, რომლითაც მოვალეს უარი ეთქვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვამდე.

13. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 2013 წლის 31 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 420 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეებისათვის 2005 წლის 31 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდის განმავლობაში ყოველთვიურად 580 ლარის დაკისრების ნაწილში ეთქვა უარი, რაც მოპასუხე შპს-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2015 წლის 5 თებერვლიდან ყოველთვიურად 420 ლარის გადახდა მოსარჩელისათვის სადავო უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემამდე.

15. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და აღნიშნული განცხადების განხილვას დაუკავშირა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე თავისი შუამდგომლობა.

16. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსჯად სასამართლოში შეტანის ზოგად წესს, კერძოდ, 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

17. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისას განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა დამოკიდებულია აღნიშნული განცხადებით წარდგენილ მოთხოვნასა და მის საფუძვლებზე. ზოგადად ამ ტიპის განცხადება მიზნად ისახავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის გაუქმებას ან ბათილად ცნობას კანონმდებლობით ზუსტად დადგენილი წანამძღვრების არსებობის შემთხვევაში. განმცხადებლის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ისეთ გარემოებაზე მითითებისას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს კონკრეტულ დავაზე არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებას, მხარემ განცხადება უნდა შეიტანოს სწორედ იმ სასამართლოში, რომლის მიერაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმე არსებითად გადაწყდა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ზემდგომი სასამართლოს განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ. შესაბამისად, ასეთ დროს განცხადების შეტანა ხდება იმ სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, რომლითაც საქმეზე არსებითად საბოლოოდ შედეგი დადგინდა.

18. განსახილველ შემთხვევაში წინამდებარე დავაზე მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი დადგინდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნაზე ვერ იმსჯელებდა, რადგან განმცხადებელს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და ისე მოითხოვა მისი აღსრულების შეჩერება.

19. სსსკ-ის 432-ე მუხლი ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების წინაპირობას და განსაზღვრავს, რომ საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს.

20. უპირველესად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ ნორმაში საუბარია და, შესაბამისად, მხარის მოთხოვნა შეიძლება მიმართული იყოს მხოლოდ აღსრულებაუნარიანი, ანუ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე. მითითებულ მსჯელობას განამტკიცებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.

21. ამავდროულად, გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მიზანია, არ აღსრულდეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ამა თუ იმ საფუძვლით გასაჩივრებულია და არსებობს თუნდაც ჰიპოთეტური შესაძლებლობა, რომ იგი გაუქმდეს.

22. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ დაადგინა და ვერც კერძო საჩივრის ავტორი უარყოფს, რომ განმცხადებელმა აღსრულების შეჩერების შესახებ განცხადება შეიტანა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება არ მოუთხოვია და პრეტენზია წარადგინა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს უკვე გაუქმებული გადაწყვეტილების მიმართ.

23. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით მხარეს მართებულად ეთქვა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელმა კერძო საჩივრის შეტანასთან ერთად წარადგინა განცხადება ამჯერად უკვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუმცა მითითებულ ფაქტზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია (და ვერც იმსჯელებდა, რადგან გასაჩივრებული განჩინების მიღებისას განცხადება მხარეს შეტანილი არ ჰქონდა), შესაბამისად, დასახელებული გარემოება ვერ შეფასდება ვერც საკასაციო სასამართლოს მიერ, რადგან სსსკ-ის 407-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ტ-ისა და შპს „რ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე