საქმე №ას-313-2019 19 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, დაგირავებული საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 10 933.23 აშშ დოლარის, ასევე, ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის – 7920 აშშ დოლარის 5%-ის 396 აშშ დოლარის გადახდა 2016 წლის 2 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის – 396 აშშ დოლარის 0.07%-ის – 5.5 აშშ დოლარის ანაზღაურება 2016 წლის 2 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე, ამავდროულად, მოსარჩელემ მოითხოვა, დადგინდეს დაგირავებული ავტომანქანის იძულებითი რეალიზაცია, ხოლო დავალიანების სახით არსებული თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 7920 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი განესაზღვრა 5%-ის ოდენობით, პირგასამტეხლო კი – 0.07 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელი მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 21 დეკემბერს რეგისტრირებული გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით დაგირავდა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა. მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, სესხი უნდა დაფარულიყო ყოველთვიური გადახდებით 12 თვის განმავლობაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქაალქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც მოპასუხემ წარადგინა საჩივარი. ამავე სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განჩინებით საჩივარს ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 7 მაისის განჩინებით აპელანტს დაევალა, აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ხარვეზის შევსების მიზნით, განესაზღვრა დავის საგნის ღირებულება (საჩივრის ფასი) და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით (არანაკლებ 150 ლარისა და არაუმეტეს 5000 ლარისა) და ამავე ვადაში წარედგინა სააპელაციო სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ასევე სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
6. აპელანტს განემარტა, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
7. 2018 წლის 29 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ, მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ახერხებდა ხარვეზის შევსებას და ითხოვა დადგენილი ვადის გაგრძელება 7 დღით.
8. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით, შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. აპელანტს, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 7 დღით გაუგრძელდა.
9. 2018 წლის 21 ივნისს სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა განცხადებით აპელანტის წარმომადგენელმა, ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. ამავდროულად, იშუამდგომლა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ 7 დღით, თუ კი სასამართლო გადახდილ ბაჟს მიიჩნევდა არასაკმარისად.
10. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. აპელანტს გაუგრძელდა სამოქალაქო საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა, იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 7 დღით და მხარეს დაევალა, სრულად გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი – 1248,46 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი სააპელაციო საჩივრის წარდგენის დღისათვის – 2018 წლის 23 მარტს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, უკვე გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით, რაც უნდა ჩაერიცხა ზემოთ მითითებული წესით სახელმწიფო ბიუჯეტში.
11. აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
12. 2018 წლის 13 ივლისს სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა განცხადებით აპელანტის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ აპელანტი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ახერხებს სახემწიფო ბაჟის გადახდას და ითხოვა დადგენილი ვადის გაგრძელება 3 დღით.
13. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა.
14. 2018 წლის 28 სექტემბერს მხარემ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის კვლავ ითხოვა დამატებითი ვადის მიცემა 7 დღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ვერ მოხერხდა აპელანტთან დაკავშირება, რომელიც, მისი ოჯახის წევრების განმარტებით, არ იმყოფება ქ.ბათუმში. აქვე განმარტა, რომ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ სრულად იქნება აღმოფხვრილი სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი;
15. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, აპელანტს ისევ გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 7 დღით.
16. 2018 წლის 24 ოქტომბერს აპელანტის წარმომადგენელმა ისევ მიმართა სასამართლოს განცხადებით, მიუთითა, რომ, მხარის ოჯახის წევრების განმარტებით, ის იმყოფება უკრაინის რესპუბლიკაში და მის ჩამოსვლას ელოდებოდნენ დაახლოებით ერთ კვირაში, თუმცა დაუკავშირდა ტელეფონით და გაარკვია, რომ აპელანტი ვერ ახერხებს ჩამოსვლას და თანხის გამოგზავნას. მითითებული ვითარების გათვალისწინებით წარმომადგენლმა ითხოვა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება 10 დღით.
17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
18. საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა პირადად 2018 წლის 15 ოქტომბერს. ამდენად, აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 2018 წლის 22 ოქტომბრის 24:00 საათამდე, თუმცა ხარვეზი არ შეუვსია.
19. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რადგან ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა, სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად ითვლება 2018 წლის 15 ოქტომბერს, შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შევსებულა და ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
21. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ აპელანტს არაერთხელ გაუგრძელდა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა გასაჩივრებული განჩინებით სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რა საფუძვლით ეთქვა უარი აპელანტს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებაზე.
22. ამასთან, მხარის მითითებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო, რადგან არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან განსხვავდებოდა მოპასუხისათვის დაკისრებული საურავის განსაზღვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
23. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
24. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
25. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
26. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
27. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აპელანტს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა მისი მოთხოვნით ოთხჯერ გაუგრძელდა, თუმცა მხარემ ხარვეზი სრულად არ შეავსო.
28. ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების მოთხოვნა აპელანტის წარმომადგენელმა დააფუძნა აპელანტის მძიმე მატერიალურ მდგომარეობასა და იმ ფაქტს, რომ მხარემ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, თუმცა ამ გარემოებებს დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
29. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის შეტანიდან გასულია რამდენიმე თვე და ხარვეზი სრულად არ გამოსწორებულა, შესაბამისად, აპელანტის შუამდგომლობები იწვევს საქმის განხილვის გაუმართლებელ გაჭიანურებას, რაც უპირობოდ ლახავს მოწინააღმდეგე მხარის კანონით დაცულ ინტერესებს, მიიღოს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება.
30. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა და შეაფასა აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე და მართებულად არ დააკმაყოფილა იგი.
31. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
32. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაბარდეს მის წარმომადგენელს, რაც თავად მხარისათვის მის ჩაბარებას უთანაბრდება.
33. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს, რომ სასამართლო გზავნილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის (რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებული იყო საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით, ს.ფ 79).
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი სრულად არ გამოუსწორებია, ამდენად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.
35. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვტილების კანონიერებასთან დაკავსირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი მსჯელობის საგანი გახდებოდა სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის შემთხვევაში, რაც არ მომხდარა მისი განუხილველად დატოვების გამო.
36. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე