საქმე №ას-1741-2018 24 დეკემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ჯ. ჩ-ი, მ. ბ-ი, ქ. შ-ი, გ. ჩ-ი, ლ. ჩ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ. ბ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს „კ. ბ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ის, ჯ. ჩ-ის, ქ. შ-ის, გ. და ლ. ჩ-ების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები ან მოვალეები) მიმართ მოპასუხეებისათვის 2015 წლის 6 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 5 662,23 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების, ასევე, მ. ბ-ისათვის 2015 წლის 13 ოქტომბრის განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 260,93 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებს შესაგებლით ვალდებულების არსებობა სადავოდ არ გაუხდიათ, არამედ, მათ სადავო გახადეს დავალიანების ოდენობა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს კრედიტორის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 2015 წლის 6 ივლისის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 5 662,23 აშშ დოლარის (სადაც თავდებთა პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა ჯამში 10 390,15 აშშ დოლარით განისაზღვრა) გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით მოვალე, მ. ბ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 260,93 ლარის გადახდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოვალეებმა და მოითხოვეს მისი ნაწილობრივ შეცვლა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, რადგანაც მოპასუხე მხარეს, რომ არ ჰქონოდა დავის მიმართ ინტერესი, არ გამოასწორებდა ხარვეზს და არ გადაიხდიდა სახელმწიფო ბაჟს, გარდა ამისა, მოვალეებს არ ჩაბარებიათ კრედიტორის სააპელაციო შესაგებელი. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაში არასწორადაა მითითებული, რომ სხდომის შესახებ ეცნობათ მ. ბ-ს, ასევე, გ. და ლ. ჩ-ებს, რადგანაც განჩინება არ შეიცავს მითითებას შესაბამის მტკიცებულებებზე, ამასთანავე, სააპელაციო საჩივრის ავტორებს წაროადგენდნენ ჯ. ჩ-ი და ქ. შ-ი, რომელთაც უწყება არ ჩაბარებიათ. რეალურად სასამართლო უწყება ტელეფონით ჩაბარდა მხოლოდ მ. ბ-ს, რომელმაც განუმარტა თანაშემწეს, რომ დანიშნულ სხდომამდე არსებული დიდი დროის გათვალისწინებით, მას დამატებით უნდა გაეგზავნა უწყება, რათა მხარეს არ დავიწყებოდა გამოცხადება, ამასთანავე, აპელანტები ცხოვრობენ სხვადასხვა მისამართზე, და თითოეულ მათგანს უნდა გაგზავნოდა წერილობითი შეტყობინება, ისევე, როგორც სხდომის შესახებ არ გაფრთხილებულან აპელანტების ის წარმომადგენლები, რომლებიც მათ ინტერესებს იცავდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ჩ-ის, მ. ბ-ის, ქ. შ-ის, გ. ჩ-ისა და ლ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
1.3. საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით, 2018 წლის 25 სექტემბერს, 13:00 საათზე;
1.3.2. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი შესაგებელი აპელანტებს გაეგზავნათ მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე:
i მ. ბ-ისათვის გაგზავნილი შესაგებელი ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს _ ჯ. ჩ-ს;
ii ქ. შ-ს შესაგებელი ჩაბარდა პირადად;
iii პირადად ჩაბარდა შესაგებელი ჯ. ჩ-საც;
iv რაც შეეხებათ გ. და ლ. ჩ-ებს, მათ მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ გაიგზავნა შესაგებელი, თუმცა, ადრესატებს არ ჩაბარებიათ;
1.3.3. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 13 ივლისის სატელეფონო შეტყობინების აქტები, რომელთა თანახმადაც: სასამართლოს მოხელე დაუკავშირდა:
i მ. ბ-ს, რომელსაც აცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი, ასევე განუმარტა სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებიც. თავის მხრივ, მ.ბაბლუანმა იკისრა ვალდებულება, უწყების შესახებ ეცნობებინა თავის მეუღლის _ ჯ. ჩ-ისა და რძალ _ ქ. შ-ისათვის;
ii გ. ჩ-ის მეუღლე ე. ა-ეს, რომელსაც ეცნობა სასამართლო უწყების შინაარსი და სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები;
iii ლ. ჩ-ს, რომელსაც ასევე ეცნობა სხდომის თაობაზე და განემარტა გამოუცხადებლობის შედეგები;
1.3.4. 2018 წლის 25 სექტემბერს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც გასაჩივრებული განჩინებით დაკმაყოფილდა.
1.4. კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ძირითადად ორი საფუძვლით მოითხვენ: ისინი კანონით დადგენილი წესით არ იყვნენ დაბარებული საქმის განხილვაზე; არ ეცნობათ საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამ პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე თეორიულ საკითხზე:
1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის (აპელანტის) გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განუხილველად დატოვოს სარჩელი/სააპელაციო საჩივარი, ნორმის ფორმალური წინაპირობების გარდა უნდა შემოწმდეს ხომ არ არსებობს ზემოხსენებული საპროცესო ინსტიტუტების გამომრიცხველი წინაპირობები (სსსკ-ის 233.1 მუხლი). კერძო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარეები სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით ედავებიან.
1.5. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პოზიციას, რომ მათ დროულად არ ეცნობათ საქმის ფაქტობრივი გარემოებების, შესახებ რადგანაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ კრედიტორის მიერ წარდგენილი პასუხი ჯ. ჩ-სა და ქ. შ-ს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ პირადად, ხოლო მ. ბ-ს _ ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც მხარის ჯეროვან ინფორმირებად განიხილება, რაც შეეხებათ ლ. და გ. ჩ-ებს, საპროცესო სამართლებრივად ისინი ასევე ინფორმირებულად მიიჩნევიან, რამდენადაც კორესპონდენცია ორჯერ გაეგზავნათ მათ მიერვე მითითებულ მისამართზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით მხარის ინფომირებულად მიჩნევის წინაპირობაა (თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით (თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე), უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება). ამდენად, მოვალეთა პრეტენზია, რომ მათ არ ჩაბარებით სააპელაციო პასუხი, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლიანობას.
1.6. რაც შეეხება კერძო საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ უწყება ასევე არ ჩაბარებიათ ადრესატებსაც, მასაც უარყოფს საკასაციო პალატა და ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.3.3. პუნქტში მითითებული გარემოებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე (1) (3), 73-ე (1) და 74-ე (1) მუხლებთან (მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეები ... შეიძლება, დაიბარონ ტელეფონით ... ასეთ შემთხვევაში დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს ... და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ... უწყების მიმღები ასევე ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად) სუბსუმირების შედეგად ასკვნის, რომ აპელანტები სასამართლო სხდომაზე მიწვეული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, მხარის ინფორმირების შემთხვევაში, საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს მისი წარმომადგენლის ინფორმირების აუცილებლობასაც, შესაბამისად, კერძო საჩივრის ეს არგუმენტი უსაფუძვლოა.
1.7. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ჩ-ის, მ. ბ-ის, ქ. შ-ის, გ. ჩ-ისა და ლ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური