საქმე №ას-1436-2018 24 დეკემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. წ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნ. ბ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. წ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოვალე) მიმართ მოპასუხისათვის 57 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ _ 3 600 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში ცნეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 600 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო 53 400 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს: სააპელაციო პალატის განჩინება არასწორია, რადგანაც დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის ერთიანი თანხის დაკისრება. ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილ ერთ-ერთ განცხადებას აპელანტმა დაურთო სახელმწიფო ბაჟის, 500 ლარის- გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შესაბამისად, თუკი სასამართლო არ გადაუვადებდა აპელანტს სახელმწიფო ბაჟის დარჩენილ ნაწილს, მას სადავო თანხის იმ ნაწილში განსახილველად უნდა მიეღო სააპელაციო საჩივარი, რა ოდენობითაც იქნა გადახდილი ბაჟი. რაც შეეხება დარჩენილი თანხის გადახდის გადავადებას, მხარე განცხადებებში მიუთითებდა საკუთარ ჯანმრთელობაზე, იმაზე, რომ ჰქონდა მძიმე ფინანსური მდგომარეობა და ამასთანავე სასამართლოში აწარმოებდა ქონებრივი სახის სხვა დავებს გაცემული სესხების დაბრუნების მიზნით. ამ გარემოებათა გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოში მას უკვე გადახდილი ჰქონდა 3 000 ლარი. დარჩენილი თანხის გადავადების შემთხვევაში, მხარე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით ან თავად გადაიხდიდა თანხას, ან იგი დაეკისრებოდა მოწინააღმდეგე მხარეს, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა და მით უფრო ფიზიკური პირისათვის უნდა გადაევადებინა თანხის გადახდა. გარდა ამისა, სასამართლოს ეცნობა, რომ აპელანტი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ მტკიცებულებებს ვერ წარადგენდა, რადგანაც ფ.თოდრიას სახელობის კლინიკაში, კიბერ.თავდასხმის შედეგად წაშლილია ის ინფორმაცია, რაც საავადმყოფოში ინახებოდა ელექტრონულად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, დადგენილი ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორმა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. სააპელაციო საჩივარი შეიცავს შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა არც ფაქტობრივი საფუძვლებია მითითებული და არც შესაბამისი მტკიცებულებებია წარდგენილი;
1.2.2. 2018 წლის 19 მარტის განჩინებით სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლობის მოტივით არ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა და საჩივარს დაუდგინა ხარვეზი, კერძოდ, კრედიტორს დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 5 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომელთა ანალიზის შედეგად სასამართლოს მიეცემოდა შესაძლებლობა, ემსჯელა მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე;
1.2.3. აპელანტმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. განცხადების თანახმად, სამკურნალო დაწესებულებიდან მან მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო, ვერ შეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დეტალური ინფორმაციის მოპოვება. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში, აპელანტმა ითხოვა საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება. განცხადებას ერთვის „კლინიკური მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის“ მიერ 2015 წლის 30 იანვარს გაცემული კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც პაციენტ ნ.ბაშარულს დაუდგინდა „ქრონიკული ზედაპირული გასტრიტი, რეფლუქს ეზოფაგიტი, კარდიული რგოლის უკმარისობა, ბულბიტი“;
1.2.4. 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით პალატამ არ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა მას გაუგრძელა 10 დღით;
1.2.5. აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ კუთვნილი თანხების ამოღების მიზნით აწარმოებდა ქონებრივ დავებს სასამართლოში, რის გამოც არ შეეძლო დაკისრებული ბაჟის გადახდა, კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. რაიმე მტკიცებულება, რომელიც თუნდაც სასამართლოებში დავის წარმოების ფაქტს ან მხარის ქონებრივ მდგომარეობას დაადასტურებდა, მას არ წარუდგენია;
1.2.6. 2018 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო პალატამ კვლავ არ გაიზიარა შუამდგომლობა და აპელანტს ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა გაუგრძელა 10 დღით;
1.2.7. დადგენილ ვადაში აპელანტმა მიმართა სასამართლოს განცხადებით და წინა შუამდგომლობებში გადმოცემულ გარემოებებზე მითითებით კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 4 500 ლარის გადავადების თაობაზე, ამასთანავე, განცხადებას ერთვის 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.
1.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და ის შეიძლება, გარკვეულ შეზღუდვას ექვემდებარებოდეს. შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს დასახული მიზნის მიღწევის პროპორციული. სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება წარმოადგენს, რომელიც სასამართლოთა დაუსაბუთებელი გადატვირთვის თავიდან აცილების მიზანს ემსახურება, თუმცა, ამავდროულად კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისებს, მაგალითად: ამავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, ერთ-ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თუმცა, ამ უკანასკნელმა უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცოს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის არსებობა, რაც მოცემული საქმის მასალებით არ დგინდება, კერძოდ, ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად, მხარეს არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც მისი ქონებრივი მდგომარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. ამ მხრივ ვერ იქნება გზიარებული კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ იგი აწარმოებს სხვა ქონებრივი ხასიათის დავებსაც, რადგანაც ჯერ ერთი, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის, ამასთან, მხოლოდ ის ფაქრი, რომ მხარე აწარმოებს სხვა დავას, მისი ქონებრივი მდგომარეობის განსაზღვრის საშუალება ვერ იქნება, ისევე, როგორც პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ გახდება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ერთადერთი საფუძველი.
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს ასევე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ ვინაიდან განსახილველი დავის საგანი მოპასუხისათვის ერთიანი თანხის დაკისრებაა, გადახდილი ბაჟის პროპორციულად სასამართლოს სააპელაციო საჩივარი უნდა მიეღო განსახილველად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის ფარგლებში- გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრება წარმოადგენს მხარის მიერ დისპოზიციური ნების გამოვლენას და პროცესის ამ სტადიაზე სრულად ვრცელდება ამვე კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული, მათ შორის მოთხოვნის შემცირების ინსტიტუტი. საქმეში არ მოიპოვება არცერთი განცხადება, რომლის შესწავლითაც სასამართლო გამოიტანდა დასკვნას, რომ აპელანტმა სააპელაციო მოთხოვნის ფარგლები შეამცირა, სასამართლო კი, არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით ჩაერიოს მხარის დისპოზიციურ ნებაში და შეამციროს მოთხოვნა მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის კვალობაზე. ამდენად, მხარის ეს მოთხოვნა სრულიად დაუსაბუთებელია.
1.5. ამდენად, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ აპელანტმა, მიუხედავად საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძელებისა, კვლავ არ გამოასწორა სრულყოფილად საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რის გამოც არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 368-ე (5) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური