Facebook Twitter

საქმე №ას-1387-2018 24 დეკემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – მ. ფ-ი, გ. ც-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ. ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „თ. ბ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ფ-ისა და გ. ც-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები ან მოვალეები) მიმართ მოპასუხეებისათვის სესხის ძირი თანხის _ 9 885,15 ლარის, სარგებლის _ 1 157,41 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 1 005,97 ლარის, ასევე, 2017 წლის 8 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირი თანხის წლიური 22,62%-ისა და, ამ ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს სახით დღეში 49,42 ლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი სესხის ძირი თანხის ნაწილში ცნეს, დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის _ 9 885,18 ლარის, სარგებლის _ 904,5 ლარის, პირგასამტეხლოს _ 300 ლარის, ასევე, 2017 წლის 8 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე მოპასუხეებს დაეკისრათ სესხის ძირი თანხის წლიური 11%-ისა და ამ ვალდებულების დარღვევის გამო, 2017 წლის 8 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირი თანხის 0,01%-ის, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარის გადახდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოვალეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს: აპელანტები სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მ. ფ-ი წლების მანძილზე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციებში ღირსეულად მონაწილეობისათვის დაჯილდოებულია მედლით, ასევე - უმწიკვლო სამსახურისათვის მიღებული აქვს არა ერთი საერთაშორისო ჯილდო. 2018 წლის 5 მარტიდან გათავისუფლდა თავდაცვის სამინისტროდან და არის უმუშევარი, რის გამოც არ გააჩნია შემოსავალი. სასამართლოს წარედგინა, როგორც გათავისუფლების ბრძანება, ისე _ წახალისების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რასაც უკანონოდ აუარა გვერდი. ასევე, უკანონოა სასამართლოს მითითება მეორე აპელანტის მხრიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით, რადგანაც მოცემულ დავაში ისინი დასახელებული არიან თანამოპასუხეებად და აერთიანებთ საერთო უფლება, რის გამოც ერთ-ერთი მათგანის გათავისუფლება ბაჟის გადახდისაგან გავლენას უნდა ახდენდეს მეორეზეც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-ისა და გ. ც-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოვალეებმა, რომლებმაც სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე. შუამდგომლობის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მ. ფ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან და არის უმუშევარი, რის გამოც არ გააჩნია საკმარისი მატერიალური სახსრები. სააპელაციო საჩივარს ერთვის, როგორც მ.ფ-ის სამსახურიდან გათავისუფლების, ისე _ მისი წახალისების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

1.2.2. 2018 წლის 2 მაისის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, ასევე, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ: ა) სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტება; ბ) კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და გ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა განისაზღვრა 10 (ათი) დღით და აპელანტებს განემარტათ საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის შედეგების შესახებ;

1.2.3. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი და კვლავ იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე თავდაპირველად წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებების საფუძველზე;

1.2.4. 2018 წლის 28 მაისის განჩინებით პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე და გააგრძელა ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი საპროცესო ვადა 5 (ხუთი) დღით, შესაბამისად, აპელანტებს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 463,56 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა. მხარეებს კვლავ განემარტათ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგები;

1.2.5. საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტთა წარმომადგენელს (რწმუნებულებები იხ. ს.ფ. 92; 110) გაეგზავნა ფოსტით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 15 ივნისს ჩაბარდა საადვოკატო ბიუროს ბუღალტერს, ე. ა-ეს;

1.2.6. უდავოა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 16 ივნისს და ამოიწურა 21 ივნისს. ამ ვადაში აპელანტებს არც ხარვეზის გამოსწორების მიზნით და არც სხვა შუამდგომლობით სასამართლოსათვის აღარ მიუმართავთ.

1.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პოზიციას, რომ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მათი გათავისუფლების საფუძველი და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და ის შეიძლება, გარკვეულ შეზღუდვას ექვემდებარებოდეს. შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს დასახული მიზნის მიღწევის პროპორციული. სასამართლო ხემოსაწვდომობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება წარმოადგენს, რომელიც სასამართლოთა დაუსაბუთებელი გადატვირთვის თავიდან აცილების მიზანს ემსახურება, თუმცა ამავდროულად კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისებს, მაგალითად: ამავე კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარე გაათავისუფლოს ამ ხარჯის გადახდისაგან, თუმცა, მხარემ უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცოს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის არსებობა, რაც მოცემული საქმის მასალებით არ დგინდება. საკასაციო პალატა, მართალია, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მ. ფ-ს საჯარო სამსახურში გაწეული საქმიანობისათვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, თუმცა ეს გარემოება ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენას ვერ ახდენს, ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მ.ფ-ი გათავისუფლებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, თუმცა, ინდივიდუალურად აღებული მხოლოდ ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს მ. ფ-ის გადახდისუუნარობას, კერძოდ, არ დგინდება, რომ მხარეს რაიმე შემოსავალი არ გააჩნია, ამდენად, არ არსებობს მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი, მით უფრო გიორგი ცერცვაძის მოთხოვნის ნაწილში შუამდგომლობა სავსებით დაუსაბუთებელია, რადგანაც ამ უკანასკნელს ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს. უფრო მეტიც, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეები კრედიტორის წინაშე წარმოადგენდნენ სოლიდარულ მოვალეებს (სკ-ის 463-ე მუხლი), მ. ფ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შემთხვევაშიც კი, გ. ც-ეს სრულად უნდა გადაეხადა სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4% სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე.

1.4. ამდენად, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ აპელანტებმა დაარღვიეს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა, რის გამოც არსებობდა მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 368-ე (5) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ფ-ისა და გ. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური