საქმე №ას-1357-2018 24 დეკემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ყ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის მიღების დავალდებულება
დავის საგანი – გაზსადენის შეჭრა და მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) მოწყობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მ. გ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ყ.“ (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა, 170 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მოპასუხის დავალდებულება გლდანის მე-... „...“ მიკრორაიონში, ...-ე კორპუსის ბინა #....-ში შეჭრას გაზსადენი და მოაწყოს მრიცხველი (აღრიცხვის კვანძი).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
3.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განჩინებით კი, მოსარჩელის საჩივარი უარყოფილ იქნა და ძალაში დარჩა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მათი გაუქმება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის მიღების დავალდებულება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარში საკმარისადაა მითითებული ის ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც მხარე ამყარებდა თავის მოთხოვნას. ეს მხარის ხელშეუვალი უფლებაა და, თუკი იგი არასაკმარისად ასაბუთებს საჩივარს ან არ მიუთითებს ყველა საჭირო ფაქტობრივ გარემოებას, მაშინ ამგვარი ქმედება აპელანტის პროცესუალური რისკია, რასაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი მოჰყვება შედეგად. ეს დასკვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მე-4 მუხლიდან, შესაბამისად, გაუგებარია რატომ ჩაერია სასამართლო მხარის სასარჩელო პოლიტიკაში და რატომ დაუწუნა სააპელაციო საჩივარი, ამგვარი ვითარება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, და არა განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა. საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე დისპოზიციურობის პრინციპის დარღვევა მით უფრო გაუმართლებელი იყო, რადგანაც აპელანტი სასამართლოსთან ოპონირებას იყო მოკლებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მალხაზ გობოსაშვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, როგორც სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის, ისე _ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ირკვევა, რომ მხარე მოითხოვს მხოლოდ ზემოხსენებული საპროცესო აქტების გაუქმებას იმგვარად, რომ რაიმე საფუძველი რაც მის მოთხოვნას გაამართლებდა და რაიმე მტკიცებულებაზე მითითება, რაც დაასაბუთებდა აპელანტის პრეტენზიას, საჩივარში აღნიშნული არ არის;
1.2.2. 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო პალატამ იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და მის ავტორს დაავალა კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრა 7 (შვიდი) დღით და განემარტა მხარეს მისი განუხორციელებლობის შედეგები;
1.2.3. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა ფოსტით მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, 2018 წლის 20 ივნისს ჩაბარდა პირადად;
1.2.4. უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 21 ივნისს და ამოიწურა 27 ივნისს. ამ ვადაში აპელანტს არც ხარვეზის გამოსწორების მიზნით და არც სხვა შუამდგომლობით სასამართლოსათვის აღარ მიუმართავს.
1.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ ჰქონდა ხარვეზის დადგენის უფლება და ამით დაირღვა დისპოზიციურობის პრინციპი. პალატა განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც საპროცესო სამართლის ქვაკუთხედია, აწესებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი. ხსენებული ნორმის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ, საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ნორმაში მითითებული თითოეული ელემენტი წარმოადგენს იმ საპროცესო უფლებათა ზოგად ჩამონათვალს, რომელთა განკარგვა მხარის ნებაზეა დამოკიდებული და, ბუნებრივია, სასამართლოს მხრიდან რაიმე იძულება ამ უფლებათა განხორციელებაში დაუშვებელია. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, რა თქმა უნდა, სრულად ექცევა დისპოზიციურობის პრინციპის ფარგლებში და იგი მხარის მხოლოდ უფლებას და არა ვალდებულებას წარმოადგენს, ისევე, როგორც სარჩელისა თუ სააპელაციო/საკასაციო საჩივრის მატერიალური საფუძვლიანობის/გამართულობის ტვირთი სრულად აწევს მოდავე მხარეს, თუმცა ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს დისპოზიციურობის პრინციპის ფარგლებში პირის მიერ საპროცესო საშუალებათა განკარგვა და ამ განკარგვის პროცესუალური სისწორე, მაგალითად: სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან ე.წ ფორმალური მოსამზადებელი პროცესის წარმოება (სსსკ-ის 364-ე-3761 მუხლები), რომლის ფარგლებშიც სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს საჩივრის ფორმალური შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან, მათ შორისაა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილიც ადგენს იმ მინიმალურ სტანდარტს, რომლებსაც სააპელაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, საჩივარს დაუდგინოს ხარვეზი და მის ავტორს დაავალოს შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელება, მათ შორის სააპელაციო მოთხოვნის საფუძვლების დასახელება და მითითება, თუ რომელი მტკიცებულებები გაამართლებენ ამ საფუძვლებს. რაც შეეხება სააპელაციო სამართალწარმოების მეორე ეტაპს (სსსკ-ის 377-ე და მომდევნო ნორმები), სწორედ ამ ეტაპზე მოწმდება სააპელაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების საფუძვლიანობა და ამ გზით განისაზღვრება საჩივრის წარმატებულობა.
1.4. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ მხარეს სააპელაციო გასაჩივრების საფუძვლებზე ფორმალურადაც კი არ ჰქონდა მითითებული, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით სწორად დაუდგინა საჩივარს ხარვეზი, რაც, ბუნებრივია, არ განიხილება დისპოზიციურობის პრინციპის დარღვევად.
1.5. რაც შეეხება საჩივრის განუხილველად დატოვებას, მხარეს კერძო საჩივარში ამ მხრივ პრეტენზია არ გამოუთქვამს და შესაბამისად, სასამართლო ვერ გასცდება მას (სსსკ-ის 404.1 მუხლი), ამასთან, ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.3. და 1.2.4. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და თვლის, რომ ქვემდგომმა სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 368-ე (5) მუხლების შესაბამისად, სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური