Facebook Twitter

საქმე №ას-1354-2018 24 დეკემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ქ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „ს. ბ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ქ-ას (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) მიმართ, და მოითხოვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 9 032,47 ლარის (საიდანაც დავალიანების ძირ თანხას შეადგენს 6 981,08 ლარი, სარგებელს _ 805,42 ლარი, პირგასამტეხლოს _ 1 245,97 ლარი) დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ _ სესხის ძირი თანხის დავალიანების მოთხოვნის ნაწილში ცნო, ხოლო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე განაცხადა უარი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირი თანხის _ 6 981,08 ლარის, სარგებლის _ 805,42 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 394 ლარის, ასევე, თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისა და მოსარჩელის მიერ გაწეული ქონების დაყადაღების ხარჯის _ 150 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, დატოვებულ იქნა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2 000 ლარს, რადგანაც სააპელაციო საჩივრით მხარე მოითხოვდა არა მხოლოდ სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმას, არამედ, მის მიერ გადახდილი თანხის დავალიანების ძირში ჩათვლას, რითაც შემცირდებოდა ძირი თანხის მოცულობა 1 500 ლარით, ამდენად, დავის საგნის ღირებულება აღემატებოდა 2 000 ლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოვალეს მის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირი თანხის _ 6 981,08 ლარის, სარგებლის _ 805,42 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 349 ლარის, ასევე, სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება;

1.2.2. ხსენებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მხარე მოითხოვს გადაწყვეტილების შეცვლას და ახალი გადაწყვეტილებით სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლებას, ძირ თანხასთან მიმართებით პრეტენზია სააპელაციო საჩივარში არ არის მითითებული;

1.2.3. პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის ღირებულების გამოთვლის ზოგად წესს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი გამოიანგარიშება გადასახდელი თანხით, თავის მხრივ, აღნიშნული ნორმა ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოდიფიცირდება და სააპელაციო სამართალწარმოებისას, იგი განისაზღვრება იმ ოდენობით, რა ფარგლებშიც ითხოვს აპელანტი გადაწყვეტილების შეცვლას (იხ. სსსკ-ის 365-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1 154,42 ლარია და გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ იგი სწორად განსაზღვრა;

1.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით (სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს) ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა კრიტერიუმი და განსაზღვრა, თუ რა ღირებულების დავის თაობაზე დაიშვება სააპელაციო საჩივრის წარდგენა. ნორმის განმარტებით ირკვევა, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.

1.4. მოცემულ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საპროცესო სამართლის ნორმის დროში მოქმედების პრინციპის სწორი განმარტება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლში 2018 წლის 7 მარტის კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ) შეტანილ იქნა ცვლილება და გაიზარდა სააპელაციო საჩივრის ქონებრივი ცენზი, კერძოდ, ადრე არსებული რედაქციის ნორმა სააპელაციო საჩივარს დასაშვებად მიიჩნევდა, თუ მისი საგნის ღირებულება აღემატებოდა 1 000 ლარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ ზემოხსენებული კანონი ვებგვერდზე განთავსდა 2018 წლის 29 მარტს და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ამასთან, მასში არ არის მითითებული კანონისათვის უკუძალის მინიჭების შესახებ.

1.5. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ მოვალის სააპელაციო საჩივარი მიიღო განსახილველად, 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 365-ე მუხლის ახალი რედაქციის საფუძველზე, როგორც დაუშვებელი, დატოვა განუხილველად, ხოლო ცვლილების შედეგად ამოქმედებული ახალი რედაქციის ნორმას უკუძალა ამავე კოდექსის 435-ე მუხლის საფუძველზე მიანიჭა. საკასაციო პალატა სრულიად არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ხსენებულ დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ვლინდება ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპოცესო ნორმის დროში მოქმედების წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ამ დათქმისაგან განსხვავებულ რეგულაციას არც კოდექსის გარდამავალ დებულებებში არსებული 435-ე მუხლი ადგენს (სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს). უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი წარმოადგენს სწორედ ცალკეულ საპროცესო მოქმედებას, რომელიც სასამართლომ 2017 წლის 22 დეკემბერს, იმ დროს მოქმედი რედაქციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით უკვე განახორციელა, ხოლო შემდგომ, 2018 წლის 25 ივნისის განჩინების მიღებისას სავსებით უმართებულოდ გამოიყენა ახალი რედაქციის საპროცესო ნორმა, რომელსაც კანონის მოთხოვნთა დარღვევით მიანიჭა უკუძალა და არასწორად დატოვა განუხილველად მოვალის სააპელაციო საჩივარი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საპროცესო ნორმის ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს და დაუსაბუთებლად ხელყოფს პირის ხელმისაწვდომობას სასამართლოზე.

1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს უბრუნებს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის ეტაპიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ქ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური