საქმე №ას-1347-2018 24 დეკემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორები – ი. ჯ-ძე, დ. ჭ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. ო. კ. ს. კ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განჩინება
საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისის განჩინებით, ი. ჯ-ისა და დ. ჭ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, შეჩერდა ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას მიერ 2016 წლის 24 მაისს გაცემული #160550... სააღსრულებო ფურცლის მოქმედება და კერძო აღმასრულებელ ნ. კ-ის #16050868-... სააღსრულებო წარმოება მოსარჩელე ი. ჯ-ის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე, ასევე შეჩერდა ნოტარიუს ბ. შ-იას მიერ 2016 წლის 24 მაისს გაცემული #16055... სააღსრულებო ფურცლის მოქმედება და კერძო აღმასრულებელ ნ. კ-ის #16050871-... სააღსრულებო წარმოება მოსარჩელე დ. ჭ-ის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, ი. ჯ-ისა და დ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
2.1. ცვლილება შევიდა 2016 წლის 24 მაისს ნოტარიუს ბ. შ-იას მიერ მოვალე ი. ჯ-ის მიმართ გაცემულ #16055... სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა 422.5 აშშ დოლარამდე;
2.2. ცვლილება შევიდა 2016 წლის 24 მაისს, ნოტარიუს ბ. შ-იას მიერ მოვალე დ. ჭ-ის მიმართ გაცემულ #16055... სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა 422.5 აშშ დოლარამდე;
2.3. ი. ჯ-ის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით გადახდილი 2 067 აშშ დოლარიდან 1 994 აშშ დოლარის სარგებელში ჩათვლის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
2.4. დ. ჭ-ის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით გადახდილი 2 067 აშშ დოლარიდან 1 994 აშშ დოლარის სარგებელში ჩათვლის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
2.5. შპს „მ. ო. კ. ს. კ.“, მოსარჩელე ი. ჯ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი 50 ლარი და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 29.65 ლარი.
2.6. შპს „მ. ო. კ. ს. კ.“, მოსარჩელე დ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი 50 ლარისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 29.65 ლარის ანაზღაურება.
2.7. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დატოვა ძალაში იმ დასაბუთებით, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, ი. ჯ-ისა და დ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება (ამ განჩინების აღწერილობითი ნაწილის 2.3. და 2.4. პ.პ.) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც:
4.1. ი. ჯ-ის მიერ პირგასამტეხლოს სახით გადახდილი 2 067 აშშ დოლარიდან 1 994 აშშ დოლარი ჩაითვალა სარგებლის სახით გადახდილად და შესაბამისად, დაანგარიშდა ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 24 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოთხოვნილი სარგებელი;
4.2. დ. ჭ-ის მიერ პირგასამტეხლოს სახით გადახდილი 2 067 აშშ დოლარიდან 1 994 აშშ დოლარი ჩაითვალა სარგებლის სახით გადახდილად და შესაბამისად დაანგარიშდა ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 24 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოთხოვნილი სარგებელი.
4.3. ი. ჯ-ეს დაუბრუნდა ზ. მ-ის მიერ 2017 წლის 6 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 194 ლარის ოდენობით.
4.4. დ. ჭ-ეს დაუბრუნდა ზ. მ-ის მიერ 2017 წლის 6 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 194 ლარის ოდენობით.
4.5. შპს „მ. ო. კ. ს. კ.“ ი. ჯ-ისა და დ. ჭ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 100 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი.ჯ-ემ და დ.ჭ-ემ, რაც საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრისა და 17 ნოემბრის განჩინებებით დარჩა განუხილველად.
6. სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „მ. ო. კ. ს. კ.“ და მოითხოვა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ბ. შ-ას მიერ 2016 წლის 24 მაისს გაცემული #16055... სააღსრულებო ფურცლის მოქმედება და კერძო აღმასრულებელ ნ. კი-ის #16050868-.... სააღსრულებო წარმოება მოსარჩელე ირაკლი ჯინჭარაძის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე, ასევე, შეჩერდა ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას მიერ 2016 წლის 24 მაისს გაცემული #16055... სააღსრულებო ფურცლის მოქმედება და კერძო აღმასრულებელ ნ. კ-ის #16050871-... სააღსრულებო წარმოება მოსარჩელე დ. ჭ-ის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე).
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანეს ი. ჯ-ემ და დ. ჭ-ემ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
8. სააპელაციო პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით ი.ჯ-ისა და დ.ჭ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, განსახილველად გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, გასაჩივრებული განჩინებების დასაბუთებულობას, შეისწავლა მოსარჩელეთა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. 420-ე მუხლი, თავის მხრივ, მითითებითი ნორმაა და საპროცესო შედეგის განსაზღვრის სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევს ამავე კოდექსის 410-ე-412-ე მუხლებს. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები, კერძოდ:
2.1. განსახილველი დავის საგანს წარმოადგენდა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეები, როგორც მოვალეები, სადავოდ ხდიდნენ სანოტარო სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობას;
2.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კრედიტორს მის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცელი წარდგენილი ჰქონდა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში და დაწყებული იყო სააღსრულებო წარმოება. სწორედ ეს გარემოება გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობა, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2016 წლის 1 ივლისის განჩინებით შეაჩერა ნოტარიუს ბ. შ-იას მიერ 2016 წლის 24 მაისს გაცემული #16055... სააღსრულებო ფურცლის მოქმედება და კერძო აღმასრულებელ ნ. კ-ის #16050868-... სააღსრულებო წარმოება მოსარჩელე ი. ჯ-ის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე, ასევე შეაჩერა ნოტარიუს ბ. შ-იას მიერ 2016 წლის 24 მაისს გაცემული #160550... სააღსრულებო ფურცლის მოქმედება და კერძო აღმასრულებელ ნ. კ-ის #16050871-... სააღსრულებო წარმოება მოსარჩელე, დ. ჭ-ის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე.
2.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული ზემდგომი სასამართლოს მხრიდან, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წის 29 ივნისის გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა) შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში და სწორედ ამ გადაწყვეტილებით განისაზღვრა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა.
3. ხსენებულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები და სააღსრულებო პროცესი უნდა გაგძელდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებების გათვალისწინებით.
4. საკასაციო პალატა არ იზიარებს საჩივრის ავტორთა მიერ გამოთქმულ პრეტენზიას, რომლის თანახმადაც, მათ მომზადებული აქვთ ახალი სარჩელი, რომლითაც სადავოდაა გამხდარი ის სესხის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძვლეზეც დაწყებულია იძულებითი აღსრულება და მის წარდგენას აფერხებს სახელმწიფო ბაჟისათვის საჭირო თანხების არქონა, ხოლო აუქციონის ჩანიშვნის შემთხვევაში, საჩივრის ავტორები მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას, მოითხოვონ უზრუნველყოფის ახალი ღონისძება. მოხმობილ პრეტენზიასთან მიმართებით, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შეეხება სასამართლოს წარმოებაში არსებულ კონკრეტულ სარჩელს (ან საგამონაკლისო შემთხვევაში, სსსკ-ს 192-ე მუხლის შესაბამისად, ჯერ კიდევ არაღძრულ სარჩელს) და არც ერთი საპროცესო ნორმიდან არ გამომდინარეობს, რომ ერთ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, ემსახურებოდეს სხვა სარჩელს. მხარის ინტერესი ერთი უზრუნველყოფის ფარგლებში, შესაძლოა, სხვა მოთხოვნის უზრუნველყოფასაც ემთხვეოდეს, თუმცა ეს გარემოება ვერ გახდება იმ დავაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმის წინაპირობა, რომელიც დასრულებულია. ახალი დავის უზრუნველყოფა მოსარჩელის რისკია და არ არის გამორიცხული აუქციონის დანიშვნამდე მან ისარგებლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე ან 192-ე მუხლით, ასევე, სარჩელის აღძვრის დამბრკოლებელი გარემოების (სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საკმარისი თანხის არქონა) ასარიდებლად განკარგოს კანონით გარანტირებული საპროცესო ინსტიტუტები (მაგ: სსსკ-ის 47-ე ან 48-ე მუხლი).
5. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრისა და 28 ივნისის განჩინებები კანონიერია და არ არსებობს მათი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ჯ-ისა და დ. ჭ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრისა და 28 ივნისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური