Facebook Twitter

საქმე №ას-1108-2018 24 დეკემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ე. მ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. და პ. ბ-ები (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ე. მ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და პ. ბ-ების (შემდგომში _ მოპასუხეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ ნასყიდობის საგნის ღირებულების (პირველი მოპასუხისათვის 7 644 აშშ დოლარის, ხოლო მეორე მოპასუხისათვის _ 5 135 აშშ დოლარის) დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტებს, რომ მათ სრულად ჰქონდათ ანაზღაურებული ნასყიდობის საფასური.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მეორე მოპასუხისათვის 5 135 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისაგან გათავისუფლება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით _ ადვოკატის ავადმყოფობით, რის შესახებაც წინასწარ ვერ ეცნობებოდა სასამართლოს. 2018 წლის 13 ივნისს, ძლიერი ტკივილის გამო, მხარის წარომადგენელმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას და დაუდგინდა წელ-გავის მწვავე რადიკულიტი, ანამნეზიის თანახმად, პაციენტს ჰქონდა მწვავე ტკივილი წელ-გავის არეში ირადიაციით, მარჯვენა ფეხის აქტიური და პასიური მოძრაობის გამოხატული შეზღუდვა გაძნელებით. გადაადგილებით გამოწვეული ტკივილის გამო რადგანაც ადვოკატი ვერ გამოცხადდებოდა სხვა სხდომაზე, მომდევნო დღეს აიღო სამედიცინო ცნობა. მკურნალობის შედეგად ტკივილმა იკლო და იგი ვარაუდობდა, რომ გადაადგილებას შეძლებდა სხვისი დახმარებით. პროცესის დღეს, სხვისი დახმარებით ადვოკატი წავიდა ხანდაზმული ბებიის მოსანახულებლად სოფელ აღაიანში იმ იმედით, რომ 15:00 საათზე გამოცხადდებოდა სასამართლოში, თუმცა, სოფელში ყოფნისას, კვლავ განუახლდა ძლიერი ტკივილი, შოკურ მდგომარეობაში, ბუნებრივია, ვერც სასამართლოში ვერ გაოცხადდებოდა და ვერც წინასწარ, აცნობებდა მას გამოცხადების შეუძლებლობაზე, ასევე, ვერ შეძლო კონცენტრაცია განცხადების მოსამზადებლად. 22 ივნისსაც თბილისში ვერ დაბრუნდა, ხოლო, მომდევნო სამუშაო დღეს _ 25 ივნისს მიმართა სამედიცინო დაწესებულებას და აიღო სამედიცინო ცნობის დუბლიკატი. რაც შეეხება კომპანიის წარმომადგენელს _ დირექტორს, ის არ არის იურისტი, ვერ შეძლებდა კომპანიის ინტერესების დაცვას და არც იგეგმებოდა მისი სასამართლოში გამოცხადება, რის გამოც სასამართლო სხდომის დღეს იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში, მომხდარის შესახებ კი, მის ინფორმირებას ტელეფონით არავითარი აზრი არ ჰქონდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ე. მ.“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის სხდომის დროისა და ადგილის, ასევე, გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ მხარეებს;

1.2.2. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადა აპელანტი, ხოლო გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე;

1.2.3. სააპელაციო სასამართლომ შემოაწმა მხარეთა ინფორმირების საკითხი, დაადგინა, რომ აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ რაიმე შუამდგომლობა არ ყოფილა წარდგენილი და დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე;

1.2.4. საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის თანახმად, აპელანტის ინტერესების დაცვა მინდობილი ჰქონდა ადვოკატ ზურაბ ჟივიძეს;

1.2.5. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით _ ავადმყოფობით, რის შესახებაც წინასწარ არ შეეძლო ეცნობებინა სასამართლოსათვის, ხოლო, რაც შეეხება კომპანიის კანონიერ წარმომადგენელს _ დირექტორს (იხ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი), ვინაიდან ის არ არის იურისტი, არც იგეგმებოდა მისი მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და ამ მიზეზით იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში, ამასთანავე, მხარე მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე დირექტორის ინფორმირებას არავითარი შედეგი არ მოჰყვებოდა.

1.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობები, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად კი, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიურ შედეგებს ითვალისწინებს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნტი. ამდენად, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე დასაბუთებულია.

1.4. მხარის გამოუცხადებლობის მოტივით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის). განსახილველ შემთხვევაში, მხარე განჩინების გაუქმებას სწორედ საპატიო მიზეზის არსებობის მოტივით მოითხოვს და საპატიოდ მიიჩნევს წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, რის შესახებაც ვერ აცნობა სასამართლოს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპატიო მიზეზის ცნება დადგენილია ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით: საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

1.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივარში გამოთქმულ არგუმენტაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი ფორმა #100/ა-ის შესწავლით ეს საკითხი უტყუარად არ დგინდება, კერძოდ, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 21 ივნისს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობის თანახმად, ზ.ჟ-ეს მწვავე რადიკულიტი დაუდგინდა 2018 წლის 13 ივნისს, სამკურნალო და შრომითი რეკომენდაცია მიცემული აქვს: „მედიკამენტური მკურნალობა; 14/VI 18წ. გათავისუფლეს სამსახურისგან“. რაიმე მითითებას ხსენებული დოკუმენტი ხანგრძლივ შრომით რეკომენდაციაზე არ შეიცავს, ხოლო 2018 წლის 21 ივნისის მდგომარეობით მისი ჯანმრთელობის გაუარესების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. უფრო მეტიც, უდავოა, რომ აპელანტი იურიდიული პირია, რომელსაც, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ჰყავს წარმომადგენელი _ დირექტორი, რომელიც ასევე არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, ხოლო კერძო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ ის არ არის იურისტი და ვერ დაიცავდა კომპანიის ინტერესებს, ასევე, პროცესის დღეს იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში, არც საქმის მასალებითაა დადასტურებული და არც მხარის გამოუცხადებლობას ხდის საპატიოს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონტექსტში, კომპანიის კანონისმიერი წარმომადგენლობა, თუ არა კვალიფიციურ იურიდიულ დაცვას, გარიგებით წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოს წინასწარ ინფორმირებას არ გამორიცხავს.

1.6. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული შედავება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ე. მ.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური