საქმე №ას-1014-2018 24 დეკემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ლ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ. ბ.“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ რატი აბუთიძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს „ლ. ბ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამსესხებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ა-ისა (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხე ან მსესხებელი) და გ. ლ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან თავდები) მიმართ 2014 წლის 1 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 6 717,41 ლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების, ხოლო მსესხებლისათვის დამატებით 2013 წლის 26 დეკემბრის საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 1 674,01 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მსესხებელმა სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში ცნო სარჩელი, ხოლო თავდებს სარჩელის წინააღმდეგ არც შესაგებელი წარუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2014 წლის 1 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 5 764,1 ლარის გადახდა, მსესხებელს ასევე დაეკისრა 2013 წლის 26 დეკემბრის საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის _ 1 400 ლარისა და სარგებლის, _ 274,01 ლარის, გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდებმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მოსარჩელისათვის უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მხარეს არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და დავის მორიგებით დასრულების შესაძლებლობა. საჩივრის წარდგენის დაგვიანება გამოწვეული იყო თავდების ავადმყოფობით. კერძო საჩივრის ავტორი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და მას არ გააჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადახდის შესაძლებლობა. სააპელაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში, მას მცირედით მაინც შეუმცირდება დაკისრებული თანხის ოდენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო პალატის შეფასების საგანს საპოცესო ვადის დარღვევის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.2.1. გამსესხებლის სარჩელზე კერძო საჩივრის ავტორი, როგორც მსესხებლის სოლიდარული თავდები, მითითებულია მოპასუხედ;
1.2.2. პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას მას ეგზავნებოდა შეტყობინებები ამა თუ იმ საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით, თუმცა, თავდებს არც შესაგებლის უფლებით არ უსარგებლია და არც სასამართლოში არ გამოცხადებულა, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი;
1.2.3. 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სასამართლომ თავდებს გაუგზავნა მისთვის ცნობილ მისამართზე, მათ შორის შსს-ს შესაბამის სამსახურს დაავალა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება, რაც ვერ მოხერხდა, საბოლოოდ სასამართლო გზავნილი 2017 წლის 25 ნოემბერს ჩაბარდა მოპასუხის დედას _ ე. ლ-ს;
1.2.4. სააპელაციო საჩვარზე დართული საფოსტო კონვერტის შტამპით დასტურდება, რომ თავდებმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2018 წლის 24 აპრილს.
1.3. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
1.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების/ამ ვადის განმავლობაში პირის გამოუცხადებლობას, ხოლო, მეორე შემთხვევაში, მისთვის გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარებას უკავშირდება, რადგანაც, ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. უდავოა ის ფაქტიც, რომ თავდები არც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდა და მისთვის არც ცნობილი იყო ამ საპროცესო მოქმედების თარიღი, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად გაუგზავნა მხარეს გადაწყვეტილების ასლი.
1.5. საქმის მასალებით დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორი არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს _ დედას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის ინფორმირებულად მიჩნევაზე მიუთითებს, შესაბამისად, დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა, ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაიწყო 2017 წლის 26 ნოემბერს და, ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე 9 დეკემბერი იყო შაბათი, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს 2017 წლის 11 დეკემბერს, უდავოა, რომ აპელანტმა ეს ვადა დაარღვია.
1.6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის პოზიციას საპროცესო ვადის საპატიო მიზეზით დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადებთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი არ გამოიყენება (საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები), რადგანაც თავად ნორმის დათქმა „თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“ მიანიშნებს იმაზე, რომ იგი რელატიური წესია, ამ ნორმის საპირისპიროდ, იმპერატიულ დებულებას შეიცავს ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმადაც სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. რაც შეეხება მხარის მტკიცებას, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა, დაესრულებინა დავა მორიგებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კრედიტორთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 18.2 მუხლის შესაბამისად, მას კვლავ აქვს უფლება, დავა დაასრულოს მორიგებით.
1.7. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებს და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე, 61-ე მუხლებით და სწორად უთხრა უარი თავდებს სააპელაციო საჩივრის მიღებაზე. კერძო საჩივარი კი, არ შეიცავს ამ განჩინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გაუქმების საფუძვლებზე მითითებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური