საქმე №ას-987-2018 24 დეკემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. მ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დ. მ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ირა მამულაშვილის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) მიმართ, ზეპირი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 700 აშშ დოლარის მოვალისათვის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ _ 500 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თელავის რაიონულის სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 700 აშშ დოლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის ძველი რედაქცია, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივარი დაიშვებოდა, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატებოდა 1 000 ლარს. მართალია, მოქმედი რედაქციის ხსენებული ნორმა სააპელაციო საჩივარს დასაშვებად მიიჩნევს, თუ დავის საგნის ღირებულება 2 000 ლარს აღემატება, თუმცა, სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის სამართლ;ებრივი ურთიერთობა წარმოიშვა წლების წინ, როდესაც საპროცესო ურთიერთობა რეგულირდებოდა ძველი რედაქციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით. კანონის ნორმის ამგვარი გამოყენებით კერძო საჩივრის ავტორს დაერღვა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:
1.2.1. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის 700 აშშ დოლარის დაკისრება;
1.2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივრით ამ გადაწყვეტილების სრულად გაუქმებაა მოთხოვილი;
1.2.3. პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის ღირებულების გამოთვლის ზოგად წესს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი გამოიანგარიშება გადასახდელი თანხით, თავის მხრივ, აღნიშნული ნორმა ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოდიფიცირდება და სააპელაციო სამართალწარმოებისას, იგი განისაზღვრება იმ ოდენობით, რა ფარგლებშიც ითხოვს აპელანტი გადაწყვეტილების შეცვლას (იხ. სსსკ-ის 365-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარია და გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ იგი 1 729 ლარით განსაზღვრა. ამ მხრივ რაიმე შედავებას კერძო საჩივარი არ შეიცავს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა კრიტერიუმი და განსაზღვრა, თუ რა ღირებულების დავის თაობაზე დაიშვება სააპელაციო საჩივრის წარდგენა. ნორმის განმარტებით ირკვევა, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
1.4. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი ჩარევა ლეგიტიმურია, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).
1.5. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მას დაერღვა სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება, რადგანაც სააპელაციო საჩივრით მხარე რომელიმე ფუნდამენტური პრინციპის დარღვევაზე არ მიუთითებს, ხოლო ქონებრივი ცენზის გათვალისწინებით, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, საჩივრის დაშვებაზე უარი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს ემყარება. რაც შეეხება მხარის მტკიცებას, სასამართლოს მხრიდან სამართლის ნორმის არასწორად გამოყენების თაობაზე, პალატა უარყოფს ამ პრეტენზიასაც და განმარტავს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის დროში მოქმედების პრინციპისაგან განსხვავებით (იხ. სკ-ის 3.1. და მე-6 მუხლების თანახმად, კანონი ... ძალაში შედის მხოლოდ დადგენილი წესით ოფიციალურ ორგანოში საყოველთაო გაცნობისათვის მათი გამოქვეყნების შემდეგ. კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ამდენად, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების თავისებურება ისაა, რომ დავის შემთხვევაში, გამოიყენება სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქციის ნორმა და მასში განხორციელებულ შემდგომ ცვლილებას უკუძალა მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში ექნება), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს საპროცესო-სამართლებრივი ნორმის დროში მოქმედების წესს, კერძოდ სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლში ცვლილება შეტანილ იქნა 2018 წლის 7 მარტის კანონით „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და ეს უკანასკნელი ნორმატიული აქტი ვებგვერდზე 2018 წლის 29 მარტს განთავსდა (ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე), სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ახალი კანონის მოქმედების ფარგლებში _ 2018 წლის 18 მაისს, შესაბამისად, სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას მართებულად იხელმძღვანელა კანონის ახალი რედაქციით და სწორად უთხრა მოვალეს უარი სააპელაციო საჩივრის მიღებაზე.
1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური