საქმე №ას-962-2018 24 დეკემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ა-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხეები: გ. ქ-ი, გ. კ-ი, კ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს „მ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ქ-ის (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხე, მსესხებელი ან მოვალე), გ. ა-ის (შემდგომში _ მოპასუხე, პირველი თავდები, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), გ. კ-ისა (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხე ან მეორე თავდები) და კ. კ-ის (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხე ან მესამე თავდები) მიმართ მოპასუხეებისათვის სესხის ძირი თანხის _ 2 500 ლარის, სარგებლის _) 814,20 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 1 000 ლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით (სადაც თავდებთა პასუხისმგებლობა შემოიფარგლება 2 500 ლარით)
2. მოპასუხეების პოზიცია:
პირველმა თავდებმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარგებლის ნაწილში სესხის ხელშეკრულება იყო ბათილი, რადგანაც განაკვეთი ბევრად აღემატებოდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საპროცენტო ოდენობას, გარდა ამისა, საქმეში არ არსებობდა თავდებობის ხელწერილები, ხოლო თავდებთა მიმართ პრეტენზია წარდგენილი იყო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც ამავდროულად იყო ხანდაზმული. მსესხებელმა სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი, რაც შეეხება დანარჩენ თანამოპასუხეებს, მათ არც შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც საქმის განხილვაზე გამოცხადებულან.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2 308,14 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა თავდებმა (სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა ასევე მსესხებლის მიერ, თუმცა, მას სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ გაუსაჩივრებია და არც საკასაციო პალატა არ იმსჯელებს მასზე), მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო საჩივრით მხარე მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი. საპროცესო ვადის დაცვით მხარემ მიმართა სასამართლოს და კვლავ ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, თუმცა, სასამართლომ არ გაითვალისწინა შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად, რაც არასწორია, რადგანაც ყველა მოქალაქეს არ აქვს საშუალება, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა თავდებმა, რომელმაც სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. შუამდგომლობაში მითითებულია, რომ აპელანტს აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, თუმცა, არ არის წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ხსენებულ გარემოებას დაადასტურებდა;
1.2.2. 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რა აპელანტის შუამდომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნას (არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი), საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა ან მისი გადახდის გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა. ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა განისაზღვრა 10 (ათი) დღით და აპელანტს განემარტა საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის შედეგების შესახებ;
1.2.3. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა ფოსტით სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და განმეორებით გაგზავნილი კორესპონდენცია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 12 მარტს ჩაბარდა იჯახის ქმედუნარიან წევრს, ბიძას _ მ. ა-ს;
1.2.4. უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 12 მარტს და ამოიწურა 22 მარტს. ამ ვადის დაცვით სააპელაციო სასამართლოსათვის აპელანტის მიმართვის ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება და ამგვარი არც კერძო საჩვრის ავტორს არ წარმოუდგენია.
1.3. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.4. პუნქტში მითითებული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ მან სასამართლოს საპროცესო ვადის დაცვით მიმართა შუამდგომლობით და კვლავ ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რაც არ იქნა გაზიარებული პალატის მხრიდან. ამგვარად, მხარის ხსენებული პრეტენზია სინამდვილეს არ შეესაბამება, რამდენადაც საქმეში არსებული დოკუმენტებით განსხვავებული გარემოებები დასტურდება. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხს, პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლზე და განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და ის შეიძლება გარკვეულ შეზღუდვას ექვემდებარებოდეს. შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული სადავო უფლებასა და დაცულ სიკეთეს შორის. სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება წარმოადგენს, რომელიც სასამართლოთა დაუსაბუთებელი გადატვირთვის თავიდან აცილების მიზანს ემსახურება, თუმცა, ამავდროულად, კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისებს, მაგალითად: ამავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეს გადაუვადოს ამ ხარჯის გადახდა, თუმცა, მხარემ უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცოს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის არსებობა, რაც მოცემული საქმის მასალებით, როგორც არაერთხელ ითქვა, არ დგინდება.
1.4. ამდენად, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ აპელანტმა დაარღვია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა, რის გამოც არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 368-ე (5) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური