Facebook Twitter

საქმე №ას-700-700-2018 24 დეკემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „გ. ...“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ. ს-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ. ...“-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების _ 9 520 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მან ვალდებულება სრულად შეასრულა, შესაბამისად, არავითარი დავალიანება არ გააჩნია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 9 520 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მხარემ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რაც არასწორია, რადგანაც სააპელაციო საჩივარი სრულყოფილი სახით იყო წარდგენილი და არ არსებობდა განუხილველად დატოვების წინაპირობები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ. ...“-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, როგორც სააპელაციო საჩივარზე სასამართლოს მხრიდან ხარვეზის დადგენის, ისე _ ამ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:

1.2.1. სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, რომლითაც მოთხოვნილია მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ აპელანტი მისი მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე მიუთითებს, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას. სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, არ არის წარმოდგენილი არც შუამდგომლობა და არც შესაბამისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც სასამართლო აპელანტს გადაუვადებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას (სსსკ-ის 48-ე მუხლი), გარდა ამისა, უდავოა, რომ მოვალე არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის და არც „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის სუბიექტს არ წარმოადგენს (არ არის კანონის ძალით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული);

1.2.2. 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუდგინა ხარვეზი და მის ავტორს დაავალა სახელმწიფო ბაჟის _ 380 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, ასევე, კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა. საპროცესო მოქმედების განხორციელების ვადა განისაზღვრა 10 (ათი) დღით და მხარეს განემარტა მისი შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგების შესახებ;

1.2.3. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს (რწმუნებულება იხ. ს.ფ. 89) გაეგზავნა ფოსტით სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, 2018 წლის 3 აპრილს ჩაბარდა პირადად;

1.2.4. უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 4 აპრილს და ამოიწურა 13 აპრილს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობლით არ მიუმართავს სასამართლოსათვის.

1.3. საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი შეესაბამებოდა საპროცესო მოთხოვნებს და არ არსებობდა ხარვეზის დადგენის წინაპირობები. მართალია, მხარე საჩივარში ასახელებდა საკუთარ არგუმენტს, თუ რატომ უნდა გაუქმებულიყო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა, იგი არ მიუთითებდა ამ არგუმენტის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საჩივრის ხარვეზიანობაზე მიუთითებს, ასეც რომ არ იყოს, უდავოა, რომ სააპელაციო საჩივარზე მხარეს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.1. პუნქტში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მაინც არსებობდა საჩივარზე ხარვეზის დადგენის წინაპირობები, შესაბამისად, მოვალის არგუმენტი, რომ მას სრულყოფილი სააპელაციო საჩივარი ჰქონდა წარდგენილი, გაუმართლებელია.

1.4. რაც შეეხება საჩივრის განუხილველად დატოვებას, მხარეს კერძო საჩივარში ამ მხრივ პრეტენზია არ გამოუთქვამს და, ბუნებრივია, სასამართლო ვერ გასცდება მას (სსსკ-ის 404.1 მუხლი), ამასთან, ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.3. და 1.2.4. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და თვლის, რომ ქვემდგომმა სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 368-ე (5) მუხლების შესაბამისად, სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.

1.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ. ...“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური