საქმე №ას-1028-2018 18 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ვ. ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო. და გ. ა-ები (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ვ. ა-ის სარჩელი ო. და გ. ა-ების მიმართ, უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა 2013 წლის 21 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ო. ა-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (ს/კ #01.12....);
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და განემარტათ მხარეებს საქმის წარმოების შეწყვეტის პროცესუალური შედეგები. მორიგების პირობების დამტკიცების შესახებ განჩინება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში;
3. სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა ო. ა-მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და გაუქმდა ზემოხსენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ამ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ვ. ა-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, რაც სააპელაციო პალატის მიერ 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი დაუსაბუთებელია და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების/შეცვლის წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:
1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს საქმის წარმოების დასრულების შემდგომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისიძიების გაუქმების კანონიერება, ამ მხრივ კი, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს შემდეგზე:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 აპრილის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ო. ა-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (ს/კ #01.12...);
2.2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რა ვ. ა-ის სარჩელი, სასამართლომ გააუქმა მის მიერვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება;
2.3. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მხარეთა შორის მიღწეულ იქნა მორიგება, რომელიც დაამტკიცა სასამართლომ 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით, ბუნებრივია, მან სრულად გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, მათ შორის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში და საქმის წარმოება შეწყვიტა;
2.4. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების პირობები შემდეგია:
- ომარ ამიროვმა იკისრა ვალდებულება, ვ. ა-ს მიენიჭოს სადავო ქონებაში, მდებარე: ქ.თბილისში, ლ. ქუჩა #..., ს/კ #01.12...., ცხოვრების უფლება მისი სიცოცხლის ბოლომდე, შემდეგ ფართებზე: ორსართულიანი სახლის პირველ სათულზე განთავსებულ ოთახსა და სარდაფში. აღნიშნულ უფლებაში შედის ცხოვრების უფლება შეუზღუდავად, მათ შორის, აღნიშნულ ფართში მუდმივად თუ დროებით ყოფნის, სტუმრების მიღების, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის, საყოფაცხოვრებო საჭიროებებიდან გამომდინარე სპეციალური სამსახურების წარმომადგენლების (სს „ყ.“, შპს „ჯ. უ. ე. ფ.“, სს „თ.“ და სხვა სამსახურების) მიღების, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მომვლელის ყოლის უფლება;
- ვ. ა-მა იკისრა ვალდებულება, არ მიაყენოს შეურაცხყოფა ო. ა-სა და მისი ოჯახის წევრებს, ასევე, არ შეუშალოს ხელი ო. ა-ს მისი საკუთრებით სარგებლობაში.
3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი, იგი წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფეტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე სახეზეა მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა, თავად უზრუნველყოფის დროებითი ბუნებიდან გამომდინარე კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
4. საკასაციო პალატა იზიარებს რა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ მორიგების პირობებით მხარეებს საერთოდ არ შეუთანხმებიათ უზრუნველყოფის საკითხი, ბუნებრივია, სააპელაციო პალატას ჯერ კიდევ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გამოტანისას უნდა ემსჯელა ხსენებულ საკითხზე, უფრო მეტიც, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებით მხარეს მიენიჭა რა უფლებამოსილება, ფლობდეს სადავო ქონებას, თუკი ეს უფლება მას შეეზღუდება მესაკუთრის მხრიდან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეძლებს მის დაცვას, ამასთან, მისი როგორც მართლზომიერი კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებებს მესამე პირებისაგან იცავს სამოქალაქო კოდექსის 160-ე-162-ე მუხლები.
5. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ვინაიდან სხვაგვარ შეთანხმებას მხარეთა მორიგების პირობები არ ითვალისწინებს, გარდა ამისა, გაუმართლებელია საჩივრის ავტორის შიში მისი უფლებების შესაძლო დარღვევის თაობაზე, რადგანაც არსებობს კანონისმიერი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების აღსრულებას, შესაბამისად, არ არსებობს ვალერიან ამიროვის საჩივრის დაკმაყოფილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისისა და 2 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი