Facebook Twitter

საქმე №ას-996-2018 23 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ლ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ო-ის, ა. გ. და გ. მ-ების უფლებამონაცვლე ნ. გ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი ქ. ო-ის, ა., გ. და გ. მ-ების მიმართ კედლის დემონტაჟისა და საერთო ფართით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. ო-ეს, გ., გ. ა. მ-ებს დაევალათ, მოშალონ ქ.ბათუმში, ლ. ქ#...-ში, საერთო სარგებლობის დერეფანში უნებართვოდ აშენებული კედელი, მათვე დაევალათ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოპასუხეთა მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ზემოხსენებული მოქმედებების შესრულება შეეძლო მოსარჩელეს აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით. სააპელაციო პალატის ხსენებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.11.2015წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად) და კრედიტორის სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება და იმ მოტივით, რომ სადავო მისამართზე არსებული უძრავი ქონების ამჟამინდელ მესაკუთრეს წარმოადგენს ნაზი გორგილაძე, იგი მიჩნეულ იქნა მოპასუხეების უფლებამონაცვლედ.

4. სააპელაციო პალატას კვლავ განცხადებით მიმართა ლიანა მალაყმაძემ და მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ნ. გ-ისათვის ქ.ბათუმში, ლ. ქ#...-ში მდებარე #16 ბინის გასხვისების აკრძალვა. განცხადების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ ნ.გ-ძე, გადაწყვეტილების აღსრულებისაგან თავის არიდების მიზნით, აპირებს ქონების გასხვისებას. თუკი ამგვარ ღონისძიებას მიმართავს ახალი შემძენიც, გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით ლ.მ-ის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით კი, ლ.მ-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი დაუსაბუთებელია და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების/შეცვლის წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გარკვეული ღონისძიებების გატარებაზე უარის თქმის კანონიერება. თავის მხრივ, კრედიტორის ძირითადი მოტივაცია სააღსრულებო პროცესში დაუსრულებელი უფლებამონაცვლეობის თავიდან არიდებისა და დადგენილი მართლწესრიგის რეალურად აღსრულების მიზნით მოვალისათვის ქონების გასხვისების აკრძალვაა, რაც შეეხება გასაჩივრებულ განჩინებას, სააპელაციო პალატამ ძირითადად იმ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება და ამ ეტაპზე საპროცესო უზრუნველყოფათა გამოყენება დაუშვებელია.

3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებთა ევროსასამართლომ, ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში განმარტა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს არა მხოლოდ საქმის სამართლიან გადაწყვეტასა და სასამართლო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, არამედ, გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულების შესაძლებლობას (იხ. მაგ: „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი no 40765/02). საკასაცო პალატის მოსაზრებით, თუკი აღსრულების შეუძლებლობა დადგება დღის წესრიგში, რასაკვირველია, სასამართლო ვალდებულია, განკარგოს მათ შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე (191-ე და მომდევნო ნორმები) მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობანი, რათა პირს არ დაერღვეს გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები შემდეგი გარემოებები:

3.1. განსახილველი დავის საგანს ხელშეშლის აღკვეთა წარმოადგენს, თავად ხელშეშლად კი, გვევლინება მოსარჩელის მეზობლად/მომიჯნავედ არსებულ ნაგებობაზე უკანონოდ ნაწარმოები მშენებლობა;

3.2. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხემ (ნაგებობის მესაკუთრემ) უნდა განახორციელოს უკანონოდ აშენებული კედლის დემონტაჟი;

3.3. უდავოა, რომ გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და დაწყებულია მისი იძულებით აღსრულება.

4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს აღსრულების პროცესის თითოეულ ეტაპს და ადგენს შესაბამის მოქმედებებს, რომლებიც აღმასრულებელმა უნდა განახორციელოს, კანონის XV თავით კი, მოწესრიგებილია იმგვარი შემთხვევები, როდესაც აღსრულება შეეხება მოქმედების შესრულებას. კანონის 86-ე მუხლის მიხედვით, თუ მოვალე არ ასრულებს ისეთ ვალდებულებას, რომელიც შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით კრედიტორს უფლება აქვს, თავისი ხარჯით, რომელიც სასამართლო წესით ეკისრება მოვალეს, თვითონ შეასრულოს ეს მოქმედება. ხსენებული ნორმა წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის პრაქტიკულ რეალიზაციას (ისეთი გადაწყვეტილების გამოტანისას, რომელიც მოპასუხეს ავალებს განსაზღვრული მოქმედების შესრულებას, რაც დაკავშირებული არ არის ქონების ან ფულადი თანხების გადაცემასთან, სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებაში შეუძლია მიუთითოს, რომ, თუ მოპასუხე გადაწყვეტილებას არ შეასრულებს დადგენილ ვადაში, მოსარჩელეს უფლება აქვს ეს მოქმედება შეასრულოს მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით) და მიმართულია სწორედ კრედიტორის ინტერესების დაცვისაკენ, რათა მოვალემ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სამართლებრივი მექანიზმების არაკეთილსინდისიერი განკარგვის შედეგად ხელი ვერ შეუშალოს აღსრულების პროცესს. სწორედ ამ მიზნით დაადგინა სააპელაციო სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის უფლება, თავად განახორციელოს კედლის დემონტაჟი, თუკი მოპასუხე თავს აარიდებს ვალდებულების შესრულებას. ამ გზით გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, ბუნებრივია, მოსარჩელე არ კარგავს გაწეული ხარჯების მიღების უფლებას - მათ შორის უფლებამონაცვლისაგან.

5. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ვინაიდან არსებობს კანონისმიერი მექანიზმი, რომელიც მოსარჩელის მიერ მოპოვებული უფლების რეალიზაციას უზრუნველყოფს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოვალისათვის ქონების გასხვისების აკრძალვის დადგენის თაობაზე მისი მოთხოვნის გაზიარება შეუძლებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება/საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი/მათი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტისა და 6 ივნისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე