Facebook Twitter

საქმე №ას-597-597-2018 30 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ნ. ა-ე, ნ. და ა. ს-ეები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ს-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საკომლო ჩანაწერიდან კომლის წევრის ამორიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ქ. ს-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ა-ის, ნ. და ა. ს-ეების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეები ან კასატორები) მიმართ და მოითხოვა, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზ-ეების საკომლო წიგნში მოსარჩელის კომლში მოპასუხეების რეგისტრაციის თაობაზე არსებული ჩანაწერის გაუქმება და თანმდევი შედეგებით მოპასუხეების ამორიცხვა კომლიდან.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზ-ეებში. ამავე ოჯახში ცხოვრობს მისი შვილი ჯ. ს-ე ოჯახის წევრებთან ერთად. კერძოდ, ჯ. ს-ე 1998 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. ა-ესთან და მხოლოდ 2000 წლის 1 მარტს დარეგისტრირდა ქორწინება. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ქალიშვილები: ნ. ს-ე (დაბ. 19.. წლის 1.. აგვისტოს) და ა. ს-ე (დაბ. 20...წლის 1... აგვისტოს). 2010 წლის 4 მაისს ჯ. ს-ე და ნ. ა-ე განქორწინდნენ, მიუხედავად ამისა, ნ. ა-ე დღემდე ცხოვრობს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ერთ ოთახში. 2017 წელს ქ. ს-ემ მოინდომა ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, 2017 წლის 1 მარტის ხელვაჩაურის არქივის მიერ გაცემული ცნობით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის რაიონის, შ. თემის საკრებულოს 1986-2000 წლის საკომლო ამონაწერის თანახმად, კომლის უფროსი არის ქ. ს-ე და კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე _ ე. ს-ე და შვილები: ლ., მ., ი. და ჯ. ს-ეები, ასევე, კომლში ჩაწერილები არიან ჯ. ს-ის ოჯახის წევრები: მეუღლე _ ნ. ა-ე და შვილი ნ. ს-ე. საკომლო წიგნში გაკეთებული იქნა აღნიშვნა, რომ 1992 წლის 25 დეკემბერს ლ. ს-ე გადახაზულია, მიწერილია ამოეწერა, გათხოვდა, ხოლო ნ. ა-ეზე მიწერილია 2003 წლის 15 აპრილს. ხელვაჩაურის რაიონის შარაბიძეების თემის საკრებულოს 2001–2006 წლის საკომლო ამონაწერის თანახმად, კომლის უფროსი არის ქ. ს-ე და კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე _ ე. ს-ე, შვილები: მ. ს-ე, ი. ს-ე, ჯ. ს-ე, მისი მეუღლე ნ. ა-ე და შვილები: ნ. და ა. ს-ეები. საკომლო წიგნში გაკეთებულ იქნა აღნიშვნა, რომ 1998 წელს მ. ს-ე გათხოვდა, ხოლო, ჯ. ს-ე 2005 წლის 17 ნოემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა უგზო-უკლოდ დაკარგულად. კომლის მესაკუთრეს წარმოადგენს ქ. ს-ე და მისი ოჯახის წევრები: მეუღლე _ ე. ს-ე, ჯ. ს-ე და ი. ს-ე, ხოლო კომლის დანარჩენი წევრები: ნ. ა-ე, ნ. და ა. ს--ეები არ წარმოადგენენ კომლის თანამესაკუთრეებს, ვინაიდან მათი კომლის შემადგენლობაში ჩაწერა მოხდა კომლის გაუქმების შემდეგ, კერძოდ, ნ. ა-ე 2003 წელს, ხოლო ნ. და ა. ს-ეები დაბადებიდან _ 1999 და 2004 წლებიდან. საკომლო წიგნის ჩანაწერი უფლების დამდგენი საბუთია, იგი განსაზღვრავს პირის მიერ ქონების მართლზომიერ მფლობელობას. ხშირ შემთხვევაში, ქონებაზე თანამესაკუთრეობას და წარმოადგენს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების წარმომშობ დოკუმენტს, მოპასუხეები კანონიერად არ ფლობდნენ და არ სარგებლობდნენ სადავო ქონებით. საკომლო წიგნის ამონაწერი შეიცავს ცნობას, რომ კომლს გააჩნია მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. მას შემდეგ კი, კომლის არსებობას არ აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კომლი წყვეტს არსებობას და კომლის ქონება გარდაიქმნება კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულს თანაბარი წილი ეკუთვნის. საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი დგინდება, რომ მოპასუხეებს სადავო კომლში საკუთრების უფლება არ გააჩნიათ. შესაბამისად, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ისინი წარმოადგენდნენ სამოქალაქო სამართლის კოდექსით (ძველი რედაქციით) გათვალისწინებულ სუბიექტს - საკოლმეურნეო კომლის წევრებს, რომლებსაც 1993 წლიდან პირადი საკუთრების უფლება წარმოეშვათ კომლის ქონებაზე.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა კომლის წევრობიდან მისი და მისი შვილების ამორიცხვაზე მიმართულია იმისკენ, რომ ქ. ს-ემ დაირეგისტრიროს საკუთრებაში მთლიანი ქონება და შემდგომში არასრულწლოვან შვილებთან ერთად გამოასახლონ მოპასუხეები, რომელთაც სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ, მთელი ცხოვრების მანძილზე ერთგულად შრომობდა ამ ოჯახში და ადრიდანვე, როცა მისი ყოფილი მეუღლე, მოსარჩელის შვილი _ ჯ. ს-ე წავიდა სახლიდან და შემდგომში აღიარებული იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, იგი შვილებთან ერთად აპირებდა მამისეულ სახლში დაბრუნებას, თუმცა მოსარჩელემ არ გაუშვა და შეპირდა, რომ შეუქმნიდა ყველა პირობას ნორმალური ცხოვრებისათვის. ჯ. ს-ის საქართველოში დაბრუნების შემდგომ, 2010 წელს მეუღლეები განქორწინდნენ, თუმცა, ქონებაზე არ უდავიათ, რადგან კომლის სხვა წევრებმა ურთიერთშეთანხმებით გამოუყვეს მოპასუხეებს საცხოვრებელი ფართი, სადაც ზრდის შვილებს და ფაქტობრივად ირიცხება ცალკე კომლად, აქვს თავისი ელექტრო მრიცხველი, ცალკე იხდის გადასახდებს და აქვს ცნობა, რომ წარმოადგენს ცალკე კომლს. რაც შეეხება მოპასუხეთა კომლში ჩაწერას, ის თავისი ნებით განახორციელეს ქ. და ჯ. ს-ეებმა, შესაბამისად, ყველა ქმედება განხორციელდა კანონიერად და ჩანაწერის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზ-ეების საკომლო წიგნში, ქ. ს-ის კომლში ნ. ა-ის, ნ. ს-ის და ა. ს-ის ჩანაწერი კომლში რეგისტრაციის თაობაზე თანმდევი შედეგით და ამოირიცხნენ ისინი ხელვაჩაურში, სოფელ ზ-ეებში ქ. ს-ის კომლის წევრობიდან.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ხოლო, ქ. ს-ის სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი. ვიდრე პალატა საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, ყურადღებას საკასაციო სამართალწარმოების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილებს:

1.1.1. საკასაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით, კერძოდ: სასამართლო, უპირველესად ამოწმებს, ხომ არ ვლინდება გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება კასატორის პრეტენზიების დასაბუთებულობა, ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში.

1.1.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ისე _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მათი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

1.2. საკასაციო პალატა მიუბრუნდება განსახილველ საკითხს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის კვლევას შეეხება. უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და, დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაცაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას?. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:

ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში;

ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;

გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

1.2.1. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს სხვა ტიპის სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.

1.2.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი რამ სასამართლომ გადაწყვეტილებით აღიაროს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ-ები #ას-937-887-2015, 10.11.2015; #ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; #ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; #ას-773-730-2015, 08.09.205წ.; #ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; #ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

1.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ აღიარებით სარჩელის იურიდიულ ინტერესად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუძლია საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ხოლო მოპასუხეთა კომლის წევრობიდან ამორიცხვა დაუკავშირა იმ გარემოებას, რომ მათი ჩაწერა 1993 წლის შემდგომ განხორციელდა.

1.4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის #949 დადგენილების საფუძველზე, 1993 წლის 1 იანვრიდან საქართველოში არსებული კოლმეურნეობების ლიკვიდაცია მოხდა და ამ დღიდან, საქართველოში არსებული ყველა საკოლმეურნეო კომლი გაუქმდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის 1964 წლის კოდექსის 125-ე, 128-ე, 129-ე მუხლების საფუძველზე ლიკვიდირებული საკოლმეურნეო კომლის ქონების მესაკუთრეები გახდნენ ამ კომლის წევრები, თანაბარი წილის უფლებით. ასეთ ვითარებაში, თუკი მოსარჩელეს სურს ინდივიდუალური საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, მას ბუნებრივია ეს საკითხი სრულად შეუძლია მოაგვაროს მარეგისტრირებელ ორგანოში, რომლისთვისაც კარგადაა ცნობილი ზემოხსენებული საკანონმდებლო დანაწესები, გარდა ამისა, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე არ კარგავს უფლებას, სასამართლო წესით მოითხოვოს ქონებაზე საკუთრების უფლება, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ასევე ვინდიკაციური სარჩელის ინსტიტუტიც, რამდენადაც თუკი მესაკუთრე დაამტკიცებს, რომ მფლობელს არ გააჩნია ნივთის ფლობის მართლზომიერი უფლება ან შეუწყდა იგი, მას შეუძლია მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. რაც შეეხება ინდივიდუალური საკუთრების მოპოვების მიზანს, სადავო ჩანაწერის ბათილად ცნობის სარჩელით ეს მიზანი არ მიიღწევა, თავის მხრივ, სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის იმპერატიული შეზღუდვიდან გამომდინარე, ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას და ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმას, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ აღიარებითი სარჩელი, განსახილველ შემთხვევაში, დაუშვებელია.

1.5. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. (საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).

1.6. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და, მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც ვლინდება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ა-ის, ნ. და ა. ს-ეების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება, ასევე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და ქ. ს-ის სარჩელი ნ. ა-ის, ნ. და ა. ს-ეების მიმართ საკომლო ჩანაწერიდან კომლის წევრის ამორიცხვის თაობაზე დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე