Facebook Twitter

საქმე №ა-1348-ბ-2-2019 8 აპრილი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ე. კ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)

მესამე პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩნება

განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩნების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. კ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) და მესამე პირის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში _ მესამე პირი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, 1992-2000 წლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში არსებულ კომლად აღიაროს მოსარჩელე და აუნაზღაუროს ზიანი.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა, მოსარჩელე აღიაროს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში არსებულ კომლად 1992-2000 წლებში.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ე. კ-ას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

8. 2019 წლის 19 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა ელენა კურაკინას წარმომადგენელმა ქ. ჯ-ამ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის საქმეზე #3/ბ-167-2014 და 2016 წლის 3 ნოემბრის საქმეზე #3/ბ-541-2016 მონაწილეობდნენ ერთი და იგივე მოსამართლეები. მოგვიანებით ისევ მომართა სასამართლოს და ითხოვა ბათილობის შესახებ განცხადების გამოთხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა განცხადების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლი შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, განცხადება უნდა შეიცავდეს: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მართალია მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩნების ბათილად ცნობას, მაგრამ პალატა მიიჩნევს, რომ არ არის დაცული განსჯადობის წედები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

3. საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიმღებ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, ხოლო საკასაციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი, როგორც დაუშვებელი დატოვა განუხილველად, ამასთან, თავად განცხადების შესწავლით დგინდება, რომ საქმის წარმოების განახლებას მხარე მოითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში) და უთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები, რომელთაც არ ჰქონდათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვაში. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ განცხადების განხილვაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს სააპელაციო და არა საქართველოს უზენაესი სასამართლო, რის გამოც ე. კ-ას განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვას არ ექვემდებარება და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

4. რაც შეეხება ე.კურაკინას მოთხოვნას საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების გამოხმობის თაობაზე (სსსკ-ის 831 მუხლი), პალატა მას შეფასების გარეშე ტოვებს, ვინაიდან მოცმეულ შემთხვევაში არ არსებობს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის წინაპირობები.

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში, ე. კ-ას უნდა დაუბრუნდეს ქ. ჯ-ას მიერ 2019 წლის 19 მარტის #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 399-ე, 424-ე და 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ელენა კურაკინას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.

2. ელენა კურაკინას (პ/ნ 42001014576) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773155) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ქართლოს ჯობავას მიერ 2019 წლის 19 მარტის #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ბ. ალავიძე