საქმე №ას-1405-1325-2017 15 მარტი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი. ს-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ-ე (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ ბმა „კ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. ნ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ს-ისა (შემდგომში _ პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „კ–ის“ (შემდგომში _ მეორე მოპასუხე ან ამხანაგობა) მიმართ და მოითხოვა ამხანაგობის 2014 წლის 25 აგვისტოს #35, 2015 წლის 17 მაისის #70 და #71 კრების ოქმების ბათილად ცნობა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეს საკუთრების უფლებით ერიცხება უძრავი ქონება და წარმოადგენს ამხანაგობის წევრს. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის #1906969 ბძრანებით პირველ მოპასუხეს ნება დაერთო ამხანაგობის წევრთა თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოეხდინა საკუთარი სახლის რეკონსტრუქცია, შესაბამისად, გაიცა სამშენებლო ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 3 ივნისიდან 2016 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით. პირველმა მოპასუხემ, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში მიმართა არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად, თუმცა, სამსახურის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მას მოეთხოვა ამხანაგობის წევრთა 100%-იანი თანხმობა, რამდენადაც რეკონსტრუქცია ითვალისწინებდა თანასაკუთრებაში არსებულ მიწაზე განთავსებული #2 ნაგებობის გადაკეთებას, ხოლო, პროექტის მიხედვით ხდებოდა #02/1, #08/1 და #10/1 შენობების რეკონსტრუქცია. სამსახურის 2015 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის განცხადებას კვლავ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა კრების ახალი გადაწყვეტილების წარდგენა, გარდა ამისა, ხსენებული გადაწყვეტილებდანვე დგინდება არქიტექტურის სამსახურის ინფორმრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს რეკონსტრუქიციის მოთხოვნის წინააღმდეგ წარდგენილი ჰქონდა საჩივარი. მოგვიანებით, პირველი მოპასუხის განცხადებას არქიტექტურის სამსახურმა კვლავ ხარვეზი დაუდგინა და განმცხადებელს დაავალა ამხანაგობის სახელით მიღებული კრების ახალი გადაწყვეტილების წარდგენა თავმჯდომარისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, ასევე, მიეთითა, რომ თუკი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ინდივიდუალური ქონების განვითარების ხარჯზე ხდებოდა და ითვალისწინებდა არსებული ფართის გაზრდას, საჭირო იყო ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობა. სარჩელის თანახმად, პირველი მოპასუხის ინტერესს წარმოადგენს საერთო საკუთრების მიწაზე ახალი შენობის აშენება, რომელიც არსებითი ხასიათის გაუმჯობესებაა, ამასთანავე, სადავო კრების ოქმები, რომელთა ბათილობაც მოთხოვნილია სარჩელით, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, კრება რეალურად არ მოწვეულა და თანამესაკუთრეებს არ გამოუხატავთ ნება ამ კრებზე.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით პირველმა მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ამხანაგობის წევრებისათვის ცნობილი იყო, როგორც კრების მოწვევის თარიღი, ისე _ დღის წესრიგი, კრება ჩატარდა დათქმულ დროს და მას ესწრებოდა 12 წევრი, განხილულ იქნა მოპასუხის განცხადება, კენჭი ეყარა მოთოხვნას და ამხანაგობის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი განსახილველ საკითხს (#2 შენობის რეკონსტრუქცია მანსარდის ტიპის მეორე სართულის დაშენებით, ასევე, მეორე მოპასუხის კუთვნილი #8, #9 და #10 ნაგებობეის განახლება ფართის მცირე ცვლილებებით). რაც შეეხება 2014 წლის 25 აგვისტოს კრების ოქმს, ქ.თბილისში, კ–ის ქ#7-ში არსებული #2 ნაგებობა ეკუთვნოდა ე. კ-ას, რომლის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო მიიღეს შვილიშვილებმა, ხოლო, ამ უკანასკნელებისგან ქონება შეიძინა პირველმა მოპასუხემ. #2 შენობა ფაქტობრივად 38 კვ.მეტრს წარმოადგენს, ხოლო, საჯარო რეესტრში რეგიტრირებული იყო 29 კვ.მეტრი. შიდა აზომვითი ნახაზისა და სადავო კრების ოქმის საფუძველზე განხორციელდა ფაქტობრივად არსებული შენობის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში იმგვარად, რომ თანასაკუთრების რაიმე ფართის მიტაცებას ადგილი არ ჰქონია;
2.2. მარტივი შესაგებელი იქნა წარდგენილი მეორე მოპასუხის მხრიდან, რომლითაც უარყოფილია სარჩელში მითითებული გარემოებები და აღნიშნულია, რომ სადავო კრების ოქმები კანონის მოთხოვნათა დაცვითაა მიღებული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის კრების სადავო ოქმები.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითოხვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ხოლო, მ. ნ-ის სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაზე გამოვლენილი ნების _ მრავალხმრივი გარიგების კანონთან შესაბამისობას შეეხება. ვიდრე პალატა საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, ყურადღებას საკასაციო სამართალწარმოების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილებს:
1.1.1. საკასაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით, კერძოდ: სასამართლო უპირველესად ამოწმებს, ხომ არ ვლინდება გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება კასატორის პრეტენზიების დასაბუთებულობა, ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში.
1.1.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ისე _ მისი უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მათი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
1.2. საკასაციო პალატა მიუბრუნდება განსახილველ საკითხს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობას შეეხება. უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:
ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში;
ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;
გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
1.2.1. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.
1.2.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი რამ სასამართლომ გადაწყვეტილებით აღიაროს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ-ები: #ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; #ას-937-887-2015, 10.11.2015; #ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; #ას-773-730-2015, 08.09.205წ.; #ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; #ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
1.3. განსახილველ შემთხვევაში, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სურს პირველი მოპასუხის მხრიდან ინდივიდუალური საკუთრების საგნის არსებითი განვითარებისას ხელყოფისაგან დაიცვას საზიარო საგანი. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით აღიარებულია საერთო საკუთრების დაცვა და მართვა (იხ. ამავე კანონის მე-7, მე-8 და მომდევნო მუხლები), რომელიც თანამესაკუთრეთა დადასტურებული უფლებაა და ამ უფლებიდან ნაწარმოებ მოთხოვნებში ამხანაგობის წევრები გვევლიანებიან სოლიდარულ კრედიტორებად ან მოვალეებად, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 455-ე, 955-ე და 957-ე მუხლების საფძველზე, თანამესაკუთრეთა სასარგებლოდ ერთ-ერთი პირის მიერ სარჩელის აღძვრა დასაშვებია, თუმცა, მხოლოდ სარჩელის უფლება განსახილველი საკითხის გადაწყვეტისათვის არასაკმარისია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება სადავო კრების ოქმების ბათილობა, მხოლოდ აღნიშნული ვერ გახდება საზიარო საგნის თანამესაკუთრეთა უფლებების დაცვის საკმარისი საშუალება, ვინიადან იმის მიხედვით, თუ რას განიხილავს მოსარჩელე უფლების დარღვევად, მან უნდა აღძრას შესაბამისი სარჩელი (ხელშეშლის აღკვეთა, უკანონო მფლობელობიდან საზიარო საგნის/მისი ნაწილის გამოთხოვა, უკანონო ნაგებობის დემონტაჟი და სხვა), რომლის მტკიცების საგანს და არა სასარჩელო მოთხოვნას შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეულ დოკუმენტთა ნამდვილობა. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ამხანაგობის წევრთა დარღვეული უფლების აღდგენის საუკეთესო საშუალება, განსახილველ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელი არ არის, ამასთანავე, სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის იმპერატიული შეზღუდვიდან გამომდინარე, ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას და ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმას, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით კი, დგინდება, რომ აღიარებითი სარჩელი, განსახილველ შემთხვევაში, დაუშვებელია.
1.4. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. (საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).
1.5. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და, მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც ვლინდება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
2. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების დასაბუთება:
2.1. აღიარებითი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის დასრულებამდე ი. ს-ეს აეკრძალა ქ.თბილისში, კ–ის ქ.#7-ში, ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 29 მაისის #1906969 ბრძანების საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება;
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით მ.ნ-ის სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მისი უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებაც.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების გამო, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 1991, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და მ. ნ-ის სარჩელი ი. ს-ისა და ბმა „კ–ის“ მიმართ, ბმა „კ–ის“ 2014 წლის 25 აგვისტოს #35, 2015 წლის 17 მაისის #70 და 2015 წლის 17 მაისის #71 კრების ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ი. ს-ეს (პ/#1-...) დავის დასრულებამდე აეკრძალა ქ.თბილისში, კ–ის ქ.#7-ში, ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 29 მაისის #1906969 ბრძანების საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.
4. ი. ს-ეს (პ/#1-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს რ. ხ-ის მიერ კასატორის სახელით 29.11.2017წ. #2 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარისა და ვ. გ–ის მიერ შპს „ე–ის“ სახელით 19.12.2017წ. #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 510 ლარის, სულ _ 810 ლარის 70% _ 567 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი