Facebook Twitter

საქმე №ას-44-2019 22 თებერვალი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ა., თ., უ. და თ. ს-ები (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების მიკუთვნება, ვალდებულების უზრუნველსაყოფად ქონების იპოთეკით დატვირთვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ა., თ., უ. და თ. ს-ებმა (შემდგომში _ მოსარჩელეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ა.“ (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვეს მხარეთა შორის 2013 წლის 30 ოქტომბერს ქ.ბათუმში, კახაბერის დასახლებაში მდებარე 1 830 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მოსარჩელეებისათვის მიკუთვნება.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო გარიგება მონაწილეთა ნამდვილ ნებას წარმოადგენს და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმეს მოსამართლე იხილავდა ერთპიროვნულად მაშინ, როდესაც მსგავსი კატეგორიის საქმეები იხილება კოლეგიური შემადგენლობით. მოცემულ საქმეზე სხდომა 2018 წლის 28 ნოემბერს იყო დანიშნული, რაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს დაემთხვა და გამოცხადდა უქმედ, 26 ნოემბერს აპელანტების წარმომადგენელს ტელეფონით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და აცნობა, რომ ახალი სხდომა 2018 წლის 13 დეკემბერს გაიმართებოდა, 14:00 საათზე, რაც წარმომადგენელმა მოინიშნა, სხდომის დღეს ადვოკატი იმყოფებოდა ოფისში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, 12:03:51 საათზე გამოცხადდებოდა თუ არა სასამართლოში, რის პასუხადაც ეს უკანასკნელი დაუკავშირდა წარმომადგენელს და აცნობა, რომ სხდომა 14:00 საათზე იყო დანიშნული, ამასთანავე, გამოიყენა იურიდიული ტაქტიკა და მისწერა „მაპატიე“, საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით გაემგზავრა სააპელაციო სასამართლოს მიმართულებით და ცდილობდა მოსამართლის თანაშემწესთან დაკავშირებას, თუმცა, უშედეგოდ, მხოლოდ 12:14:15 საათზე დაუკავშირდა და ადრესატს ეცნობა, რომ ადვოკატს არასწორად ჰქონდა მონიშნული სხდომის საათი, 12:19:24 საათზე კი, ადვოკატს თანაშემწემ შეატყობინა, სხდომის ჩატარების შესახებ, რამაც მასზე ცუდად იმოქმედა, თუმცა შეძლო ტრანსპორტით მოძრაობის გაგრძელება, ხოლო 12:25:00 საათზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა დაუდასტურა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტი. იმავე დღეს, 13 დეკემბერს წერილობით, მოითხოვა აპელანტის წარმომადგენელმა სხდომის ოქმისა და სატელეფონო შეტყობინების ჩანაწერის, როგორც ციფრული, ისე _ ბეჭდური ვერსიის გადაცემა, რომელთა შესწავლითაც დგინდება, რომ ადრესატი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე არ იყო გაფრთხილებული კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მას არ განმარტებია გამოუცხადებლობის შედეგები, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია. უნდა აღინიშნოს, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის ცნობილი იყო შექმნილი ვითარების შესახებ, თუმცა, მან არაკეთილსინდისიერად იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერის მოსმენით ირკვევა, რომ გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე მოითხოვდა სარჩელის განუხილველად დატოვებას, ხოლო სასამართლომ შეცვალა მისი მოთხოვნა და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად, რითაც გასცდა მხარის მოთხოვნას. კერძო საჩივრის ავტორმა დამატებით იშუამდგომლა საქმეზე მოსამართლის თანაშემწის დაკითხვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა., თ., უ. და თ. ს-ების კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

1.3. საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, ამავე წლის 28 ნოემბერს, 17:00 საათზე დაინიშნა სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენა, რის თაობაზეც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ეცნობათ მხარეებს;

1.3.2. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 2018 წლის 28 ნოემბერი გამოცხადდა უქმედ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის გამო, შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტის თანახმად, მხარეთა წარმომადგენელს სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ ტელეფონით აცნობა, რომ საქმე, ნაცვლად 28 ნოემბრისა, განიხილებოდა 2018 წლის 13 დეკემბერს, 12:00 საათზე;

1.3.3. საქმის ზეპირ განხილვაზე არც აპელანტები და არც მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა (რწმუნებულება იხ. საქმის მასალებში), გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

1.4. კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე:

1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. იმისათვის, რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განუხილველად დატოვოს სარჩელი/სააპელაციო საჩივარი, ნორმის ფორმალური წინაპირობების გარდა, უნდა შემოწმდეს ასევე სახეზე ხომ არ არის ზემოხსენებული საპროცესო ინსტიტუტების გამომრიცხველი წინაპირობები (სსსკ-ის 233.1 მუხლი). გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

1.4.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ საქმე, ნაცვლად კოლეგიური შემადგენლობისა, არასწორად განიხილა სააპელაციო პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად. ამ მხრივ პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო საქმეებს სააპელაციო წესით განიხილავს 3 მოსამართლე. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საქმეები, ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინების თაობაზე, აგრეთვე, შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ. განსახილველ შემთხვევაში, მხარე ვერ მიუთითებს, თუ რატომ უნდა განეხილა წინამდებარე საქმე სააპელაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, როგორც გარიგების ფასს, ისე _ დაფარული გარიგების საგნის ღირებულებას თავად 9 935,05 ლარით, ხოლო სარჩელის საგანს _ 16 470 ლარით განსაზღვრავს. ასეც რომ არ იყოს, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით მისი საჩივრის განუხილველად დატოვებამ, გაურკვეველია, რა უსწორობა შეიძლება გამოიწვიოს, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ არ გამოვლენილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის წინაპირობები;

1.4.3. დაუსაბუთებელია ასევე მხარის პრეტენზია სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევის თაობაზე, რადგანაც ხსენებული ნორმა გულისხმობს დავის მატერიალური მოთხოვნის გადიდებასა თუ შეცვლას, ხოლო იმ პირობებში, როდესაც საკითხი პროცესუალურ-სამართლებრივი ხასიათისაა, მხარე თუნდაც არასწორად აყენებდეს მას, სასამართლო ვალდებულია, განუმარტოს შესაბამისი საპროცესო წესები და განიხილოს დაზუსტებული შუამდგომლობა, ასევე, დაუსაბუთებულია კერძო საჩივარში გადმოცემული შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, რადგანაც მისთვის ცნობილი იყო აპელანტთა წარმომადგენლის გამოცხადების მცდელობის შესახებ და მაინც იშუამდგომლა საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არცერთი საპროცესო წესი არ ავალდებულებს მოწინააღმდეგე მხარეს/მის წარმომადგენელს დაიცავს გამოუცხადებელი მხარის ან ზოგადად მისი პროცესუალური მოწინააღმდეგის ინტერესები, უფრო მეტიც, კლიენტსა და ადვოკატს შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულება სწორედ პირის სასამართლო წესით დარღვეული უფლების დაცვისკენაა მიმართული და ნებისმიერი კანონით გათვალისწინებული საშუალების განკარგვა, რაც მისი მარწმუნებლის ინტერესების დაცვას მოემსახურება, დასაშვებია.

1.4.4. რაც შეეხება წარმომადგენლის ინფორმირების შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან, ამ ნაწილში პალატა სრულად იზიარებს კერძო საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიას და დადასტურებულად მიიჩნევს მხარის შეტყობინება-დაბარების წესების დარღვევის ფაქტს, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტის თანახმად, აპელანტთა წარმომადგენელს განემარტა გამოუცხადებლობის შედეგები, თუმცა, კერძო საჩივარს ერთვის სატელეფონო შეტყობინების აუდიოჩანაწერი, რომლის შესწავლითაც საპირისპირო დგინდება: მოსამართლის თანაშემწე ადვოკატს აცნობებს სხდომის დროსა და ადგილს, თუმცა რაიმე განმარტება არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე ჩანაწერში ასახული არ არის, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნების დარღვევაა. ამ თვალსაზრისით, პალატა მოიხმობს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას, სადაც საკასაციო სასამართლო არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ადვოკატი კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულად ითვლება მაშინაც, თუ მას არ განმარტებია საპროცესო ვალდებულებები, პალატის განმარტებით, საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია არც სასამართლოს და არც მხარეთა შეხედულებაზე არაა დამოკიდებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხარისა და ადვოკატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ნორმის განმარტება იმგვარად, რომ ადვოკატმა ისედაც იცის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები და აღარ უნდა ეცნობოს, არ არის მართებული. საპროცესო ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია არასწორია იმიტომაც, რომ ის მძიმე ტვირთად დააწვებოდა თავად მხარეს. მხარეებს, ისევე, როგორც მათ წარმომადგენლებს, უწყება უნდა ჩაბარდეთ დადგენილი ფორმით, ამ დროს სიზუსტეს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, რამდენად სწორად არის წერილობითი ფორმით შედგენილი თუ ტელეფონით გადაცემული უწყება ჩაბარებული, ანუ რამდენად შეესაბამება უწყების შინაარსი სსსკ-ის 72.1 მუხლის მოთხოვნებს. პროცედურული წესები მოდავე მხარეთათვის თანაბარ უფლება-ვალდებულებებს ითვალისწინებს, სასამართლოს მიერ მათი ზედმიწევნით დაცვა აუცილებელია, რაც ნორმის განსაკუთრებით მკაცრ ინტერპრეტაციად არ უნდა შეფასდეს. ამგვარი მიდგომა განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლითაც: მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფრო ფართო ცნების ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე ისეთ პირობებში, რომლებიც მას არ აყენებს არსებითად არამომგებიან პოზიციაში მის ოპონენტთან შედარებით (Nideröst-Huber v. Switzerland; Kress v. France; Gorraiz Lizarraga and Others v. Spain). ამასთან, ევროპული სასამართლოს განმარტებით, კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, მოაწყონ თავიანთი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეუწყონ სწრაფ და ეფექტურ საქმისწარმოებას, გადაწყვეტილებების დაუსწრებლად გამოტანის შესაძლებლობის ჩათვლით (Aždajić v. Slovenia), თუმცა ეს არ შეიძლება განხორციელდეს სხვა სამართლებრივი გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე. ის შეიძლება, მხოლოდ ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქმისწარმოების სისწრაფე და ეფექტურობა, ამასთან, ეს ღონისძიება არ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით, მხარეთა თანასწორობის პრინციპის საზიანოდ (იხ. სუსგ №ას-930-888-2013, 19 ივნისი, 2015 წელი).

1.4.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ იკვეთება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამომრიცხველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით), შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა საფუძვლიანია და, ამავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სასამართლოს მხრიდან საპროცესო წესების დარღვევის ფაქტის დადასტურების პირობებში პალატა საჭიროდ აღარ მიიჩნევს სადავო გარემოებების დადასტურებისათვის მოწმის დაკითხვის აუცილებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა., თ., უ. და თ. ს-ების კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი