საქმე №ა-842-შ-29-2019 28 მარტი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – ა. კ., ნ. ც.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის დადგენილებით ყადაღა დაედო ნ. ტ-ს ასულ ც-ს ქონებას განცხადებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში 776790 (შვიდას სამოცდათექვსმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაათი) აშშ დოლარის ოდენობით.
2. ზემოაღნიშნული დადგენილებიდან ირკვევა, რომ მის მიღებას საფუძვლად დაედო დ. ა-ს ძე ა-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე. ამასთან, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, რომლითაც ყადაღა დაედო ნ---- ტ-ს ასულ ც-ს ქონებას, ამავე სასამართლოს მიერ 2018 წლის 25 დეკემბერს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
3. 2019 წლის 21 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართეს დ. ა-ის წარმომადგენლებმა ლ. კ-ემ და მ. ნ-მ და ითხოვეს რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინების და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მათი აღსრულების მიზნით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით დ. ა-ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საქართველოს სასამართლოს აქვს საერთაშორისო კომპეტენცია (მაგ.: ნ. ც. არის საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი ან მას გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე ქონება); ბ) შუამდგომლობა, რომელშიც დაზუსტებული იქნებოდა მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს შესაბამისი განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე და ასევე ამავე განჩინების მიხედვით განსაზღვრული იქნებოდა მოწინააღმდეგე მხარეთა წრე. შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა.
5. ზემოაღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს თამარ ორმოცაძეს ჩაბარდა 2019 წლის 15 მარტს. მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 25 მარტის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. ა-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
9. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის განჩინება ჩაბარდა 2019 წლის 15 მარტს. ამასთან, მას განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა, თუმცა, მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 25 მარტის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მოცემული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
12. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ა-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ა-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური