Facebook Twitter

საქმე №ა-842-შ-29-2019. 27 მარტი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – დ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – ა. კ., ნ. ც.

განმცხადებლის მოთხოვნა – რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის დადგენილებით ყადაღა დაედო ნ. ტ. ასულ ც-ს ქონებას განცხადებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში 776790 (შვიდას სამოცდათექვსმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაათი) აშშ დოლარის ოდენობით.

2. ზემოაღნიშნული დადგენილებიდან ირკვევა, რომ მის მიღებას საფუძვლად დაედო დ. ა–ის ძე ა-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე.

3. 2019 წლის 21 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართეს დ. ა-ის წარმომადგენლებმა ლ. კ-ემ და მ. ნ-ემ და ითხოვეს რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინების და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მათი აღსრულების მიზნით, ასევე - საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, საქმის განხილვის დამთავრებამდე ნ. ც-სათვის საჯარო რეესტრში მის სახელზე რიცხული, თბილისში, ტ.ტ-ის ქ. №11, ტ.ტ----ის ქ. №11-ის მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №0-...) გასხვისებისა და რაიმე სახის ქონებრივი/უფლებრივი დატვირთვის აკრძალვა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით დ. ა-ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) განცხადება, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნებოდა დაზუსტებული მოთხოვნა, როგორც რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს შესაბამისი განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე, ასევე, ნ. ც-ს საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად; ბ) მის მიერ ხელმოწერილი განცხადება ან წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით; გ) 50 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმული იქნებოდა მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“). განმცხადებელს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება განუხილველად დარჩებოდა.

5. განმცხადებლის წარმომადგენელს თ. ო-ეს, რომელმაც წარმოადგინა მის სახელზე გაცემული სათანადო წესით დადასტურებული მინდობილობა, ზემოაღნიშნული განჩინების ასლი ჩაბარდა 2019 წლის 26 თებერვალს. მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 8 მარტის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. განმცხადებლის წარმომადგენლებმა ლ. კ-ემ და მ. ნ-ემ განჩინებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2019 წლის 12 მარტს მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ითხოვეს განცხადების განუხილველად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. ა-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფისას საქართველოს სასამართლო კომპეტენტურია, თუ უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის იმგვარად განმარტებას, რომ მისი რეგულირების ქვეშ სარჩელის უზრუნველყოფასთან ერთად იგულისხმებოდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების უზრუნველყოფაც (იხ. სუსგ №ა-4330-შ-121-2016, 2016 წლის 9 დეკემბერი).

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

12. სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას არ ახლავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, ანდა სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას განუხილველად დატოვებს, რაც გასაჩივრდება საჩივრით.

13. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ განმცხადებლის წარმომადგენელს თ. ო-ეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი ჩაბარდა 2019 წლის 26 თებერვალს. მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 8 მარტის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. განმცხადებლის წარმომადგენლებმა ლ. კ-ემ და მ. ნ-ემ განჩინებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2019 წლის 12 მარტს მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ითხოვეს განცხადების განუხილველად დატოვება.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მოცემული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

15. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განმცხადებელს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ა-ის განცხადება რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 63-ე მუხლებითა და 191-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ა-ის განცხადება რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური