საქმე №ას-518-2019 10 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I კერძო საჩივრის ავტორი – გ. ა-ი (მოპასუხე)
II კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ა-ა (მოპასუხე)
III კერძო საჩივრის ავტორი – რ. ა-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. დ. (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - ი. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრების ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ა. დ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ა-ას, ი. ა-ის, გ. ა-ის და რ. ა-ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ა-ამ, გ. ა-მა და რ. ა-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. ა-ამ, გ. ა-მა და რ. ა-ამ შეიტანეს კერძო საჩივრები და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინება გაეგზავნათ ლ. ა-ას, გ. ა-ს და რ. ა-ას საქმეში არსებულ მისამართზე - ქ. რუსთავი, ტ. გ–ის ქ. 7-3. ლ. ა-ას სახელზე გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა პირადად ადრესატს 2019 წლის 19 თებერვალს. იმავე დღეს ლ. ა-ამ ასევე ჩაიბარა რ. ა-ას სახელზე გაგზავნილი გზავნილი, როგორც მისმა დამ, ხოლო გ. ა-ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი, როგორც ოჯახის წევრმა (იხ. ს.ფ. 295-297).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება ლ. ა-ას და მასვე, როგორც რ. ა-ას და გ. ა-ის ოჯახის წევრს ჩაბარდა 2019 წლის 19 თებერვალს, კერძო საჩივრების ავტორებისათვის განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2019 წლის 20 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 3 მარტს. ვინაიდან 3 მარტი იყო არასამუშაო დღე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 2019 წლის 4 მარტს. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილია ფოსტის მეშვეობით 2019 წლის 12 მარტს (იხ. ს.ფ. 309), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კერძო საჩივრები შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ. ა-ას, გ. ა-ის და რ. ა-ას კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური