Facebook Twitter

საქმე №ა-524-შ-16-2019 29 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ი-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის პენზენსკის ოლქის კამეშკირსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსეთის ფედერაციის პენზენსკის ოლქის კამეშკირსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ს. ს-ის ძე ი-ს ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა შვილების – 2012 წლის 26 აპრილს დაბადებული სეირან ი-ისა და 2016 წლის 24 აპრილს დაბადებული ლ. ი-ის სარჩენად ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 1/3-ის გადახდა 2017 წლის 4 აპრილიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

ნ. ნ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის პენზენსკის ოლქის კამეშკირსკის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით ნ. ნ-ის შუამდომლობა რუსეთის ფედერაციის პენზენსკის ოლქის კამეშკირსკის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

აღნიშნული განჩინება და ნ. ნ-ის შუამდომლობა თანდართული მასალებით ორჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ს. ი-ს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე. ფოსტიდან დაბრუნებული შეტყობინიდან ირკვევა, რომ ს. ი-ი ცხოვრობს რუსეთში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის შუამდგომლობას რუსეთის ფედერაციის პენზენსკის ოლქის კამეშკირსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მირებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით ნ. ნ-ის შუამდომლობა რუსეთის ფედერაციის პენზენსკის ოლქის კამეშკირსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. აღნიშნული განჩინება და ნ. ნ-ის შუამდომლობა თანდართული მასალებით ორჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ს. ი-ს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე. ფოსტიდან დაბრუნებული შეტყობინიდან ირკვევა, რომ ს. ი-ი ცხოვრობს რუსეთში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა მოწინააღმდეგე მხარის არასწორი მისამართი, მოცემული შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187-ე, 275-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ-ის შუამდომლობა რუსეთის ფედერაციის პენზენსკის ოლქის კამეშკირსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე