Facebook Twitter

№ ას-561-520-2017 18 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. ო–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. პ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2011 წლის 7 დეკემბერს, გ. გ–სა და ო. ო–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქ. ბორჯომში, რ-ში მდებარე ო. ო–ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა (საკადასტრო კოდი 6-...) 25 400 აშშ დოლარად შეიძინა გ. გ–მა.

2. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, 2008 წლის 30 მაისს ი. ო–ის მიერ სს ,,ს -დან“ აღებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ო. ო–ის საკუთრებაში არსებული ქ. ბორჯომში, რ-ში მდებარე (საკადასტრო კოდი 6-...) საცხოვრებელი ბინა.

3. 2012 წლის 18 ივლისს გ. გ–სა და ნ. პ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გ. გ–მა ნ. პ-ს 25 400 აშშ დოლარად მიჰყიდა ქ. ბორჯომში, რ-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N2ბ/671-13) ბათილად იქნა ცნობილი გ. გ–სა და ნ. პ--ს შორის 2012 წლის 18 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ამავე გადაწყვეტილებით ო. ო–სა და გ. გ–ს შორის 2011 წლის 7 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მიჩნეულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად.

5. ნ. პ-ს მიერ საცხოვრებელი ბინის შეძენის შემდეგ ი. ო–ს სს ,,ს -ს“ წინაშე ნაკისრი ვალდებულება (სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა) არ შეუსრულებია.

6. 2012 წლის 1 აგვისტოდან 2013 წლის 30 მაისის ჩათვლით ნ. პ-მ ი. ო-ის ანგარიშზე გადარიცხა 2 830 აშშ დოლარი, საიდანაც სს ,,ს.“ ახდენდა ი. ო–ის სასესხო დავალიანების ჩამოჭრას.

7. ნ. პ-მ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ო–ის (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 2830 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

8. მოსარჩელის განცხადებით, მან მოპასუხისაგან შეიძინა სს „ს-ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინა. ვინაიდან მოპასუხე ბანკს არ უხდიდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას, ბანკის წარმომადგენელი დაუკავშირდა მოსარჩელეს (ბინის მესაკუთრეს) და შეატყობინა ბინის შესაძლო რეალიზაციის თაობაზე, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა ბანკისათვის გადაერიცხა 2 830 აშშ დოლარი მოპასუხის სასარგებლოდ.

9. მოსარჩელის აზრით, მის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ ბანკისათვის სესხის თანხის გადახდით მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რაც სასამართლოში მის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.

10. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ მასთან შეუთანხმებლად დაიწყო სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ბანკისათვის გადახდა, ხოლო კრედიტორს მოპასუხის თანხმობის გარეშე არ შეეძლო აღნიშნული შესრულების მიღება. ამასთან, იგი არასათანადო მოპასუხეა და მოსარჩელეს მოთხოვნა უნდა წარედგინა არა მის, არამედ ბანკის მიმართ.

11. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 292-ე, 991-ე, 976-ე, 986-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ კანონი ადგენს კონდიქციური ვალდებულების არსებობას ყველა იმ შემთხვევაში, როცა ერთი პირი მდიდრდება მეორის ხარჯზე. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ გაისტუმრა მოპასუხის ვალი 2 830 აშშ დოლარის ოდენობით, აღნიშნული გულისხმობს, რომ სწორედ ამ ოდენობით დაზოგა ქონება მოპასუხემ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა წარდგენილი სარჩელი და არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გაასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

15. კასატორის განცხადებით, სასამართლომ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება არ მისცა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ, პრეიუდიციულ გარემოებებს და არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ 2012 წლის 18 ივნისს გ. გ–სა და ნ. პ-ს მიზნად ჰქონდათ დასახული არა ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, არამედ გ. გ–ის სახელზე რიცხული სადავო უძრავი ქონების დაცვა მესამე პირის სარჩელისაგან. ამასთან, მოსარჩელემ იცოდა, რომ თუ არ დაფარავდა ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, ბანკი დაიკმაყოფილებდა მის მოთხოვნას უძრავი ქონებიდან, რაც ბუნებრივია, არ შედიოდა მოსარჩელის ინტერესებში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ვინაიდან მოსარჩელე არ იყო უძრავი ქონების მესაკუთრე, იგი ვალდებული იყო დაეფარა მოპასუხის დავალიანება ბანკის მიმართ.

16. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს თანხის მოთხოვნის უფლება ჰქონდა არა მოპასუხის, არამედ ბანკის მიმართ. შესაბამისად, კასატორი არასათანადო მოპასუხეა.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

21. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი და თანხის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად ბანკის ნაცვლად არასწორად მიიჩნია მოპასუხე.

22. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით კი, დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

23. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (სუსგ №ას-360-342-2015, 3 ივნისი, 2015 წელი).

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (იხ. სუსგ №ას-1117-1074-2016, 2017 წლის 6 მარტი).

27. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.

28. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე - სალაროს შემოსავლის ორდერებსა და საბანკო ანგარიშებზე - დაყრდნობით დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადაურიცხა 2830 აშშ დოლარი ბანკის წინაშე მოპასუხის სასესხო ვალდებულების შესრულების მიზნით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 45-56; 184-191). ამ გარემოების გამაბათილებელ რაიმე არგუმენტზე კი მოპასუხეს არ მიუთითებია. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შედგეგად სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა მოსარჩელის ხარჯზე მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, თანხის უკან მოთხოვნის უფლებას წარმოუშობდა მოსარჩელეს (სსკ 976-ე მუხლი). აღნიშნული დასკვნის გამაბათილებელ გარემოებად კი ვერ მიიჩნევა კასატორის მითითება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან მოსარჩელე არ იყო უძრავი ქონების მესაკუთრე, იგი ვალდებული იყო დაეფარა მოპასუხის დავალიანება ბანკის მიმართ. კასატორის მოცემული პრეტენზიები არსებითად სცდება წინამდებარე დავის ფარგლებს და არ გამომდინარობს მისგან.

29. ამრიგად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 340.68 ლარის 70% – 238.47 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. ო–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ ი. ო–ს (პ/ნ: 1-...) დაუბრუნდეს ლ. შ–ის (პ/ნ: 1-...) მიერ 2017 წლის 25 მაისს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 340.68 ლარის 70% – 238.47 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე