Facebook Twitter

№ ას-1106-1063-2016 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ." (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტ ილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ-ს“ (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 469 781.55 ლარის, ასევე აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 69 935.60 ლარის გადახდის დაეკისრება.

2. მოსარჩელის განცხადებით, 2013 წლის 4 ნოემბერს მოპასუხესთან გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ქ. ფოთში, დ–ის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის (ფასადების მოპირკეთება და მანსარდის მოწყობა) სამუშაოები. სამუშაოთა შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 30 ივნისი. ამასთან, ხელშეკრულებაში არაერთხელ შევიდა ცვლილება ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე. მოპასუხეს არაერთი წერილობითი შეტყობინება და გაფრთხილება გაეგზავნა სამუშაოების დროულად შესრულების მოთხოვნით, თუმცა 2015 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობითაც მოპასუხეს ვალდებულებები არ ჰქონდა შესრულებული სრულად, რის გამოც მოსარჩელემ მასთან შეწყვიტა ხელშეკრულება, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო 0.2%. არერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელე ნებაყოფლობით არ იხდის დაკისრებულ თანხას.

3. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო საბანკო გარანტიით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მან მიმართა გარანტორს საგარანტიო თანხის განაღდებასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ - მოპასუხეს ეცნობა, რომ გარანტორს შეჩერებული აქვს საქმიანობის ლიცენზია.

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას რაიმე ვალდებულება მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი აღარ აქვს, რაც გამორიცხავს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. ამასთან, ხელშეკრულება შეწყვეტილია და მისი შეწყვეტის შემდგომ პირგასამტეხლოს დარიცხვა გაუმართლებელია. მოპასუხის განცხადებით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის ნაწილში იგი არ წარმოადგენს სათანადო მხარეს, ვინაიდან საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ხოლო მოცემულ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ ბანკი არ/ვერ უხდის ბენეფიციარს საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხას, არ წარმოადგენს საგარანტიო თანხის პრინციპალისთვის დაკისრების საფუძველს.

5. ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 117 445,38 ლარი; სასარჩელო მოთხოვნა საბანკო გარანტიის თანხის - 69935,60 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2013 წლის 4 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო 1 389 502 ლარის ღირებულების სამუშაო და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს 0,2 %.

8. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2013 წლის 4 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვების ობიექტის მიწოდების ვადა ამოიწურა 2014 წლის 30 ივნისს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად არ შესრულდა მოპასუხის ბრალით, კერძოდ, მან შეასრულა 1 216 494.37 ლარის სამუშაო და შესასრულებელი დარჩა 173 007.63 ლარის სამუშაო, რის გამოც დაერიცხა პირგასამტეხლო 469 781.55 ლარი. სასამართლომ დაადგინა, რომ დარიცხული პირგასამტეხლო მოიცავდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან (2014 წლის 30 ივნისი) ხელშეკრულების შეწყვეტამდე (2015 წლის 25 სექტემბერი) პერიოდს, ანუ 451 დღეს. ხოლო ვინაიდან მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სადავო პერიოდში მის მიერ ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება და სარჩელში დაფიქსირებულ ფაქტებზე მხოლოდ მარტივი შედავება განახორციელა, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო წარმოადგენდა ამ პერიოდში შეუსრულებელი სამუშაოების 0,2 %-ს - 469 781.55 ლარს.

9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 417-ე, 420-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, ვინაიდან შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 33,8%-ს, შესაბამისად, არსებობდა მისი შემცირების საფუძველი. სასამართლომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად ნაცვლად 0,2%-ისა მიიჩნია 0,05%, ხოლო პირგასამტეხლოს მთლიანი ოდენობა ნაცვლად 469 781.55 ლარისა, შეამცირა 117 445,38 ლარამდე.

10. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიუთითა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით საბანკო გარანტია, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისგან განსხვავებით არააქცესორულია და ბენეფიციარს ამ ურთიერთობის ფარგლებში უფლება აქვს ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნა წარუდგინოს მხოლოდ გარანტს. გარანტის მიერ საგარანტიო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში პრინციპალისთვის მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობას კი მატერიალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რაც საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის მოპასუხისთვის დაკისრების შესაძლებლობას გამორიცხავს.

11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე მტკიცებულებების დართვის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმება.

12. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სადავო პერიოდში (2014 წლის 30 ივნისიდან 2015 წლის 25 სექტემბრამედ) მის მიერ ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება და მან სარჩელში მითითებულ ფაქტებზე მხოლოდ მარტივი შედავება განახორციელა. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქმეში არსებულ მოხსენებით ბარათებზე, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებენ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების თითქმის სრულად შესრულების ფაქტს. კერძოდ, 2014 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს შესრულებული ჰქონდა სამუშაოების 50%, 2014 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით - 80%, ხოლო 2015 წლის 28 მაისის მდგომარეობით სამუშაოები დასრულებული იყო და დარჩენილი იყო მხოლოდ კომერციული ფართების ფასადის მოპირკეთების სამუშაოები, რაზეც ფართების მეპატრონეები აცხადებდნენ უარს.

13. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ხელშეკრულებიდან გასვლის პირგასამტეხლოს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე პირგასამტეხლოს დარიცხვას ადგილი არ ჰქონია, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რაც პირგასამტეხლოს გაანგარიშებისა და მისი დარიცხვის ფაქტს დაადასტურებს. კასატორი მიუთითებს 2015 წლის 11 სექტემბრით დათარიღებულ ფორმა #3-ზე (რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს ერთმანეთის მიმართ ფულადი ვალდებულებები) და აღნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე სახის ინფორმაციას პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე, შესაბამისად, 2015 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხისათვის პირგასამტეხლო დარიცხული არ ყოფილა.

14. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებისას ასევე არ გაითვალისწინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, სადაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს რეკომენდაციას, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) განსაზღვროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით.

15. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა და მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე საოქმო განჩინებით დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა მის მიერ წარდგენილი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების მტკიცებულების სახით საქმეზე დართვის თაობაზე.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

20. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია. აქედან გამომდინარე, კასატორი სადავოდ მიიჩნევს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერებასაც.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. განსახილველ დავაში სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოება - მოპასუხის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა დაადგინა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. კერძოდ, აღნიშნული დავაში, სადაც მოსარჩელეს წარმოადგენდა შპს „ჯ.“, ხოლო მოპასუხეს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, მოსარჩელის მოთხოვნა მხარეთა შორის 2013 წლის 4 ნოემბრს გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტის ვადის დარღვევის საპატიოდ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2013 წლის 4 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა ამოიწურა 2014 წლის 30 ივნისს, ხოლო ამ დროისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად არ იყო შესრულებული მოპასუხე კომპანიის ბრალით. საერთო ჯამში მოპასუხემ შეასრულა 31.35%-ის ღირებულების სამუშაო. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ პრეიუდიციული მნიშვნელობა მიანიჭა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს, რის საფუძველზეც ნაწილობრივ დააკმაყოფილა წარდგენილი სარჩელი.

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრეიუდიციული ფაქტების მნიშვნელობის შესახებ უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით განმარტებულია შემდეგი: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი“ (იხ.სუსგ საქმე Nას-827-791-2014, Nას-592-560-2015; Nას-895-845-2015; N ას-58-56-2016, Nას-1199-1159-2016; Nას-824-790-2016).

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისთვის მატერიალური თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტები მართებულად დაადგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და უსაფუძვლოდ გაიზიარა მოსარჩელის მითითება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ (მენარდის მიერ ვალდებულებათა დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის თაობაზე) ფაქტებზე.

26. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობზე, რომ ვინაიდან მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება ხელშეკრულებიდან გასვლისათვის პირგასამტეხლოს გადახდას არ ითვალისწინებდა, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ანუ ძირითადი ვალდებულების არსებობის პერიოდში პირგასამტეხლოს დარიცხვას ადგილი არ ჰქონია, მას პირგასამტეხლო საერთოდ არ უნდა დაკისრებოდა.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. იხ. სუსგ საქმე № ას 848-814-2016, 28.12.2016; საქმე №ას-816-767-2015, 19.11.2015; საქმე №ას-953-918-2016, 22.11.2016).

28. ამასთან, სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

29. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების 10.2 მუხლით ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.2% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ვალდებულება მოპასუხის (კასატორის) ბრალით არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში (ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2014 წლის 30 ივნისს), ხოლო ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 25 სექტემბერს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ 2014 წლის 30 ივნისიდან 2015 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდი მართებულად განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების დროდ, ხოლო საქმის კონკრეტულ გარემოებების, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის გათვალისწინებით, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად შეამცირა შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.2%-დან 0,05%-მდე.

30. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომლითაც იგი სადავოდ მიიჩნევს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქმეზე მტკიცებულების სახით დართვის შესახებ სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების კანონიერებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, სარჩელის წარდგენის დროისათვის სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაზე (და ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე) ისე, რომ არ ურთავდა სარჩელს მისი კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელ მტკიცებულებას, თუნდაც აღნიშნული მტკიცებულება მას საერთოდ არ წარედგინა სასამართლოსთვის, ეს გარემოება მაინც ვერ გახდებოდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების წინამდებარე საქმეზე მტკიცებულების სახით გამოუყენლობის საფუძველი. საქმის განმხილველ სასამართლოს მხარის შუამდგომლობის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით, ნებისმიერ დროს შეეძლო შეემოწმებინა, იყო თუ არა კანონიერ ძალაში შესული მოცემული გადაწყვეტილება, რაც საფუძველს აცლის კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევიდან გამომდინარე მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 5872.269 ლარის გადახდა კასატორს გადაუვადდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის (5872.269 ლარის) 30% - 1761.6807 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჯ-ს" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ შპს „ჯ-ს“ (ს/კ: 4-...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (5872.269 ლარის) 30% – 1761.6807 ლარის გადახდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე