საქმე №ას-130-2019 12 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ქ-ე (მოსარჩელე,აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს-ია“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი:
1. თ. ქ-ემ (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა შპს „ს-იის“ (შემდეგში: დამსაქმებელი ან მოპასუხე კომპანია ან მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების (საყვედურის გამოცხადების) შესახებ, 2017 წლის 25 იანვრის Nპ/209 ბრძანების (შემდეგში - პირველი სადავო ბრძანება) ბათილად ცნობა; 2) დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, 2017 წლის 06 მარტის Nპ/680 ბრძანების (შემდეგში - მეორე სადავო ბრძანება) ბათილად ცნობა; 3) ქუთაისის სერვის ცენტრის მეტროლოგიის, სტანდარტიზაციისა და გამრიცხველიანების სამსახურის უფროსის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა; 4) 2017 წლის 06 მარტიდან, სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება; 5) დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა; 6) მორალური ზიანის - 4000 ლარის ანაზღაურება.
2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად დასაქმებულმა მიუთითა, რომ 2010 წლიდან მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში, 2016 წლიდან მის მიმართ დაიწყო დევნა, კერძოდ, 2016 წლის 26 აგვისტოს, სრულიად უკანონოდ, კომპანიის მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მოსთხოვა სამსახურიდან წასვლა, ვინაიდან მისი სიძე არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და მას და მის ოჯახს გააჩნდა სხვა პოლიტიკური შეხედულება. პირველი სადავო ბრძანებით, დასაქმებულს უმიზეზოდ, დაუსაბუთებლად გამოეცხადა საყვედური, ხოლო შემდგომ, ორგანიზაციულ ცვლილებებზე მითითებით შეამცირეს მისი სამუშაო ადგილი. რეალურად, შემცირებას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, რამდენიმე თანამშრომელის შემცირების ხარჯზე, გაზრდილი იქნა ყოველთვიური სარგო, რაც ადასტურებს, რომ სახეზეა მოჩვენებითი შემცირება, რასაც მოჰყვა მისი გათავისუფლება.
3. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში მიუთითა, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 37-მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც ფაქტობრივად განაპირობა კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონულ ფილიალებსა და მათში შემავალ სერვის ცენტრებში: ქუთაისის სერვის ცენტში, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ სერვის ცენტრში, 2017 წლის თებერვალ-მარტის თვეებში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებით, რეგიონული ფილიალების სერვის ცენტრებში თანამშრომელთა სამუშაო ძალის შემცირებით. ამასთან, 2017 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები, განსაკუთრებით კი, სახელფასო ფონდი. კომპანიის სახელფასო ფონდის შემცირებამ გამოიწვია კომპანიის სათაო ოფისსა და ტერიტორიულ ერთეულებში სამუშაო ძალის შემცირება. სწორედ, ეს გახდა მიზეზი შტატების შემცირებისა და მოსარჩელე თ. ქ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა. რეორგანიზაციამდე, ქუთაისის სერვის ცენტრი შედგებოდა 336 თანამშრომლისგან, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ ქუთაისის სერვის ცენტრში თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 297 საშტატო ერთეულით. შესაბამისად, შემცირდა სამუშაო ძალა 39 თანამშრომლით. მთლიანობაში, მოპასუხე კომპანიაში რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა 300 შტატი.
4. პირველ სადავო ბრძანებასთან დაკავშირებით კი, დამსაქმებელმა აღნიშნა, რომ მისი გამოცემის საფუძველი გახდა კომპანიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 17 იანვრის N1-4201 სამსახურებრივი ბარათით წარმოდგენილი 2017 წლის 16 იანვრის N5 დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ქუთაისის სერვის ცენტრის მეტროლოგის, სტანდარტიზაციისა და გამრიცხველიანების სამსახურის უფროსი - მოსარჩელე, შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დროულად არ ახორციელებდა აღრიცხვის კვანძების დალუქვას, ამასთან, სამსახურის მიერ რეაგირება ხორციელდებოდა ინფორმაციის მიწოდებიდან 3-4 თვის შემდეგ, რაც აღემატება ყოველგვარ გონივრულ ვადას. ამასთან, დამსაქმებელმა აღნიშნა, რომ აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის რეკომენდაცია იყო მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების სახედ გამოყენებულიყო ,,თანამდებობიდან ჩამოიქვეითება“, მაგრამ სახდელის სახედ მოპასუხე კომპანიამ გამოიყენა ,,საყვედური“. შესაბამისად, კომპანიის დირექტორის ამ გადაწყვეტილებითაც ნათლად ჩანს, რომ არ ხდებოდა მოსარჩელის დისკრიმინაციული ნიშნით შევიწროება.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ არასამუშაო დღეებში შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს 132 ლარის ანაზღაურება, აგრეთვე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, 2017 წლის 4 და 25 თებერვალს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ოდენობის 0.07 პროცენტი, ვადაგადაცილებული დღეების პირგასამტეხლოს სახით; სარჩელის დანარჩენი მოთხოვნები უარყოფილი იქნა.
6. გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა დასაქმებულმა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე კომპანიაში საკადრო ოპტიმიზაციის გამო, ქუთაისის სერვის ცენტრში გაუქმდა მეტროლოგიის, სტანდარტიზაციისა და გამრიცხველიანების სამსახური, რომლის უფროსსაც წარმოადგენდა დასაქმებული, ასევე სახელფასო ფონდი 180 080 ლარიდან შემცირდა 20 070 ლარით -160 010 ლარამდე, ხოლო სამუშაო შტატი 39 ერთულით (ტ.1. ს.ფ. 21-34, 70, ტ.2.ს.ფ.231-238).
9. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა საკითხზე 2017 წელს, მოპასუხე კომპანიაში საკადრო ოპტიმიზაცია, კერძოდ, ქუთაისის სერვის ცენტრში მეტროლოგიის, სტანდარტიზაციისა და გამრიცხველიანების სამსახურის გაუქმების საჭიროება, განაპირობა თუ არა, საწარმოს ფინანსურმა სიძნელეებმა - 2017 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების, განსაკუთრებით, სახელფასო ფონდის შემცირებამ, თუ ეს ემსახურებოდა დისკრიმინაციული ნიშნით არასასურველი პირების, მათ შორის, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოპასუხე კომპანიის 100% წილის მქონე პარტნიორს წარმოადგენს სახელმწიფო, ხოლო წილის მმართველს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (100%) (იხ.ტ.1.ს.ფ.132-133).
10. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის წერილით ირკვევა, რომ სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯებით და დადგინდა მოპასუხე კომპანიის სათაო ოფისში, რეგიონალურ ფილიალებსა და სერვისცენტრებში ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია (ტ.1.ს.ფ.105).
11. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხე კომპანიის დირექტორის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ, 16.12.2016წ. მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის სათაო ოფისში 40-50 ერთეული თანამშრომლის შემცირების თაობაზე, ასევე ტერიტორიულ ერთეულებში თანმდევი სამუშაო ძალის შემცირების შესახებ (იხ.ტ.1.ს.ფ.108, 109).
12. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2017 წლის 24 თებერვლის N82 და 85 ბრძანებების მიღება, რომლითაც განისაზღვრა ქუთაისის სერვის ცენტრის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა და გაუქმდა მეტროლოგიის, სტანდარტიზაციისა და გამრიცხველიანების სამსახური (სულ აღნიშნულ რეგიონულ ფილიალში შემცირდა 39 შტატი) განაპირობა, სწორედ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადაწყვეტილებამ, რაც შედავებული არ ყოფილა და ძალაშია. ამდენად, სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომდადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანიაში რეალურად განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, რასაც მოჰყვა ფინანსური რესურსების დაზოგვა, მათ შორის, ქუთაისის სერვის ცენტრში სახელფასო ფონდის 180 080 ლარიდან-160 010 ლარამდე შემცირება, ხოლო სამუშაო შტატის 39 ერთულით შემცირება.
13. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანიაში ეკონომიკური გარემოებების გამო, ორგანიზაციული ცვლილებების (სახელფასო ფონდის შემცირება, რამაც აუცილებელი გახადა სამუშაო ძალის შემცირება) მართლზომიერი იყო. ამ მიზეზით, მოსარჩელის საშტატო ერთულის გაუქმება და მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2017 წლის 06 მარტის Nპ/680 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
14. მოსარჩელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების (საყვედურის გამოცხადების) შესახებ, 2017 წლის 25 იანვრის Nპ/209 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის ქმედება სამსახურეობრივი მოვალეობების დარღვევის კუთხით შეფასებულია საქმეში წარმოდგენილი კომპანიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 16 იანვრის N5 დასკვნის (ტ.1.ს.ფ.174-177) მიხედვით, რაც დაფუძნებულია ამავე დეპარტამენტში დასაქმებული ფიზიკური პირების, ახსნა-განმარტებებზე. აუდიტის დასკვნაში მოკვლეული გარემოებების შედავების კუთხით მოსარჩელეს, გარდა სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული მოსაზრებისა, რაიმე კონკრეტულ გარემოებებზე, რაც სხვაგვარად წარმოაჩენდა სასამართლოს წინაშე მოკვლევის შედეგებს და დასაქმებულის ქმედებას, არ წარმოუდგენია ასევე არ წარმოუდგენია მტკიცებულებები (მაგ.დასკვნის მიხედვით გამოკითხული პირების, სასამართლოს ხდომაზე მოწმის სახით დაკითხვა და ამ წესით მიღებული ჩვენებები), რაც გააქარწყლებდა დასკვნაში ასახულ ფაქტებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკუთრივ შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მოკვლეული გარემოებები გასაზიარებლია, რაც ადასტურებს მოსარჩელის მიერ, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას და გამორიცხავს აღნიშნული გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების (საყვედურის გამოცხადების) შესახებ, 2017 წლის 25 იანვრის Nპ/209 ბრძანების ბათილად ცნობას. დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით, აპელანტის მიერ მითითებული სადავო საკითხის შესწავლის მიზნით, პალატამ მიუთითა სშკ-ის მე-2-ე და 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომელთა მიხედვითაც, შრომით ურთიერთობებში დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, მათ შორის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო, ასევე დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლით. ამავე კოდექსის 402-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ... ამ კანონის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეტანილ სარჩელზე, მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს, თუ დასაქმებული მიუთითებს გარემოებებზე, რომლებიც ქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ დამსაქმებელი ... ამ კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის (მოთხოვნების) დარღვევით მოქმედებდა.
15. აღნიშნული მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მოსარჩელის პროცესუალური ვალდებულებაა მიუთითოს კონკრეტული ფაქტები, ხოლო მოპასუხე-დამსაქმებელი ვალდებულია, უარყოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ამტკიცოს, რომ დისკრიმინაციის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და, რომ ამ საფუძვლით მოსარჩელის განთავისუფლება არ მომხდარა. მოსარჩელემ, მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დასამტკიცებლად და ამ საფუძვლით გათავისუფლების დასადასტურებლად მიუთითა იმ ფაქტზე, რომ მისი სიძე არის პოლიტიკური ორგანიზაციის-ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და თავადაც სხვა პოლიტიკური შეხედულება გააჩნია. მოპასუხემ, ამ ფაქტის უარსაყოფად მიუთითა, რომ მათ კომპანიაში ამჟამადაც დასაქმებულნი არიან სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი-თ. კ-ი, რომელიც მონაწილეობას იღებდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ კანდიდატად, 2017 წლის 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში, ხოლო - საარჩევნო ბლოკი „დ-ი ლ-ე, კ. კ-ა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოდან საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებული იყო კ. ქ-ია.
16. მისი მითითების დასადასტურებლად, მოპასუხემ წარმოადგინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წერილი, საარჩევნო კომისიის ვებგვერდიდან ამობეჭდილი კანდიდატთა სია, ასევე, შპს ს-იაში თ. კ–ისა და კ. ქ-იას დასაქმების ამსახველი ბრძანებები (ტ.2.ს.ფ.193-212).
17. დისკრიმინაციის ფაქტის უარსაყოფად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიციას იმის შესახებ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ვინაიდან, მოპასუხის მიერ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის აქტიური პოლიტიკური საქმიანობის მიუხედავად, მოპასუხე კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში ყოფნის ფაქტი.
18. აღნიშნული ადასტურებს, რომ არ არსებობდა განსხვავებული მოპყრობა პირების მიმართ, რომელთაც გააჩნიათ კანონით დაცული ნიშანი-მოვლენათა განვითარების დროს იყვნენ სხვა პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები და გააჩნდეთ სხვა შეხედულებები.
19. ზემოაღნიშნული მსჯელობებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა მართლზომიერი საფუძვლით, დისკრიმინაციული ნიშნის გარეშე, დამსაქმებლის ეს გადაწყვეტილება იყო ნამდვილი, რაც გამორიცხავს მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, 2017 წლის 06 მარტის Nპ/680 ბრძანების ბათილად ცნობის, ქუთაისის სერვის ცენტრის მეტროლოგიის, სტანდარტიზაციისა და გამრიცხველიანების სამსახურის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის დაკისრების, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე მორალური ზიანის-4000 ლარის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
21. კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკვლევ საკითხებს წარმოადგენს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების ფაქტობრივი განხორციელებისა და მისი კანონთან შესაბამისობის საკითხი.
22. კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხე კომპანიაში განხორციელდა თვალთმაქცური რეორგანიზაცია არასასურველი დასაქმებულების თავიდან მოშორების მიზნით. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კანონიერად მიიჩნიეს რეორგანიზაცია მხოლოდ სახელფასო ფონდის 20070 ლარით შემცირებისა და 39 შტატის შემცირების გამო. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო არ მოუთითებს, არსებობდა თუ არა შტატების შემცირების საჭიროება, არამედ საკმარისად მიაჩნია მხოლოდ ციფრი იმისთვის, რომ ლეგიტიმურად მიეჩნია შემცირება, რაც უსაფუძვლოა. სასამართლო თავად ეწინააღმდეგება თავის მსჯელობას და ვერ ასაბუთებს დამსაქმებლის მიერ წარმოებული რეორგანიზაციის ლეგიტიმური მიზნის არსებობას.
23. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები, რომლის მიხედვით მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2017 წლის 24 თებერვლის №82 და №85 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა მოპასუხე კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა, რომლითაც მეტროლოგიის, სტანდარტიზაციისა და გამრიცხველიანობის სამსახური გაუქმდა (სულ აღნიშნულ რეგიონულ ფილიალში შემცირდა 39 შტატი). ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ იგი სადავოდ ხდიდა რა ამ გარემოებას, თავიდანვე, მიაჩნია, რომ ამ გარემოების უდავო გარემოებად მიჩნევა არასწორია. პირიქით, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ რეორგანიზაცია განხორციელდა არასასურველი კადრების გასათავისუფლებლად და სამუშაო ძალის შემცირების აუცილებელი რეალური წინაპირობა არ არსებობდა.
24. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კომპანიის დირექტორის 2017 წლის 29 მარტის წერილით ირკვევა, რომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართელოს კანონით განსაზღვრული სამინისტროს ასიგნებები დაიგეგმა შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯებით, რამაც გამოიწვია მოპასუხე კომპანიის სახელფასო ფონდის შემცირება, კომპანიაში ორგანიზაციული ცვლილებები და სამუშაო ძალის შემცირება. ეს გარემოება მიჩნეულია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მაშინ, როდესაც ეს ფაქტობრივი გარემოება წარმოადგენს ძირითად სადავო ფაქტობრივ გარემოებას და მას ეფუძნება სარჩელი. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა დაუსაბუთებელია იმის თაობაზე, თუ რატომ იქნა მიჩნეული რეოგრანიზაცია რეალურად.
სამოტივაციო ნაწილი:
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
26. კასატორი სადავოდ ხდის მოპასუხე კომპანიაში განხორციელებული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შესაბამისობას კანონთან და საკასაციო საჩივრის პრეტენზიას აფუძნებს გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობას (იხ., დაზუსტებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები (მიზეზები)).
27. მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად დამსაქმებელმა მიუთითა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებებისას, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას).
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამსაქმებელი უფლებამოსილია, შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუ ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები ხორციელდება, რომელიც სამუშო ძალის შემცირებას აუცილებელს ხდის. აღსანიშნავია ისიც, რომ შრომითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლების დადასტურების ვალდებულება დამსაქმებელს ეკისრება (იხ., სუსგ №ას-665-636-2016, 9 დეკემბერი, 2016წ.; №ას-1329-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; №ას-1189-1109-2017, 10 ნოემბერი, 2017 წელი), რაც გულისხმობს იმასაც, რომ დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არის რეორგანიზაციისა და შემცირების შესაბამისი, სამართლიანი და გონივრული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა უნდა ეფუძნებოდეს დამსაქმებლის მიერ გამოკვლეულ, სათანადოდ დადასტურებულ გარემოებებს, რაც შრომითი მოვალეობის არსებით დარღვევებზე მიუთითებს. წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია მოპასუხე ორგანიზაციაში ჩატარებული რეორგანიზაციის მართლზომიერებას ემყარება (იხ., ამ განჩინების პ-22).
29. ერთ-ერთ გადაწყვეტლებაში საკასაციო პალატამ განმარტა სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძველი: „რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. ადმინისტრაციის მიერ ამგვარი ნების გამოვლენას, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსი (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა) ბათილად მიიჩნევს და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ., სუსგ №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი, პ-24).
30. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა განაპირობა სამუშო ძალის შემცირებამ, კადრების ოპტიმიზაციამ, კომპანიის ფინანსურმა სიძნელეებმა დამსაქმებელს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკისრა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს. დამსაქმებელმა თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში (მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში) მიუთითა, რომ 2017 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები, განსაკუთრებით კი, სახელფასო ფონდი. კომპანიის სახელფასო ფონდის შემცირებამ გამოიწვია კომპანიის სათაო ოფისსა და ტერიტორიულ ერთეულებში სამუშაო ძალის შემცირება. სწორედ, ეს გახდა მიზეზი შტატების შემცირებისა და მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა. რეორგანიზაციამდე, ქუთაისის სერვის ცენტრი შედგებოდა 336 თანამშრომლისგან, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ ქუთაისის სერვის ცენტრში თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 297 საშტატო ერთეულით. შესაბამისად, შემცირდა სამუშაო ძალა 39 თანამშრომლით. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიაში საკადრო ოპტიმიზაციის გამო, ქუთაისის სერვის ცენტრში საერთოდ გაუქმდა მეტროლოგიის, სტანდარტიზაციისა და გამრიცხველიანების სამსახური, რომლის უფროსსაც წარმოადგენდა დასაქმებული.
31. რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯებით და დადგინდა მოპასუხე კომპანიის სათაო ოფისში, რეგიონალურ ფილიალებსა და სერვისცენტრებში ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია. მინისტრის ამ გადაწყვეტილების საფუძველზე კი, მოპასუხე კომპანიის დირექტორის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ, 16.12.2016წ.-ს მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის სათაო ოფისში 40-50 ერთეული თანამშრომლის შემცირების თაობაზე, ასევე ტერიტორიულ ერთეულებში თანმდევი სამუშაო ძალის შემცირების შესახებ (იხ., ამ განჩინების პპ: 10, 11, 12). დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2017 წლის 24 თებერვლის N82 და 85 ბრძანებების მიღება, რომლითაც განისაზღვრა მოპასუხე კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა და გაუქმდა მეტროლოგიის, სტანდარტიზაციისა და გამრიცხველიანების სამსახური (სულ აღნიშნულ რეგიონულ ფილიალში შემცირდა 39 შტატი) განაპირობა, სწორედ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადაწყვეტილებამ, რაც შედავებული არ ყოფილა და ძალაშია.
32. სსსკ-ი 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იმ გარემოებების საწინააღმდეგოდ, რომ მოპასუხე კომპანიაში განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, რასაც მოჰყვა ფინანსური რესურსების დაზოგვა, მათ შორის, ქუთაისის სერვის ცენტრში სახელფასო ფონდის შემცირება, ხოლო სამუშაო შტატის 39 ერთულით შემცირება, კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია, კერძოდ, კასატორს არ მიუთითებია, რომ აღნიშნული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევით (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-3 ნაწილი). კასატორი პრეტენზიას მხოლოდ განჩინების დაუსაბუთებლობაზე ამყარებს, ზოგადი შედავების საფუძველზე კი, საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია იყო თვალთმაქცური და სინამდვილეში მიზნად ისახავდა თანამშრომელთა, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძვლის შექმნას.
33. მაშასადამე, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე კომპანიაში განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების საპირისპიროდ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, საკასაციო პალატის შემდგომი შეფასების საგანია, იმ გარემოების შემოწმება, სწორად გავრცელდა თუ არა მოსარჩელეზე შტატების შემცირების შედეგი ანუ, მოსარჩელის მიმართ სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლის გამოყენების მართებულობა. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს მოსარჩელის იმ არგუმენტზე, რომლის მიხედვით მის მიმართ შტატების შემცირების შედეგმა გავლენა დისკრიმინაციული საფუძვლით იქონია (იხ., მოსარჩელის მითითება (დისკრიმინაციული საფუძველზე ამ განჩინების პ- 2).
34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (შდრ: სუსგ Nას-860-860-2018, 16.11.2018წ.; №ას-1329-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი).
35. სსსკ-ის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების შედეგად, დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება, რა დროსაც, პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაცია. ამ მიზნით, დამსაქმებლის მიერ მარტოოდენ რეორგანიზაციაზე აპელირება დისკრიმინაციას არ გამორიცხავს (შდრ: სუსგ 10.04.2014წ, №ას-762-730-2014). ამ გარემოების მტკიცების ტვირთის ფარგლებში დამსაქმებელმა მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღება არ იყო მოტივირებული რომელიმე დისკრიმინაციული ნიშნით, პოლიტიკური შეხედულება და ა.შ, არამედ ემყარებოდა ობიექტურ კრიტერიუმებს, რომელიც მითითებულია ამ განჩინების პპ-30-32-ში და რომლის საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
36. რაც შეეხება სარჩელის დანარჩენ მოთხოვნებს, როგორიცაა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების (საყვედურის გამოცხადების) შესახებ, 2017 წლის 25 იანვრის Nპ/209 ბათილად ცნობა და მორალური ზიანის ანაზღაურება, აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში კასატორს შედავება არ წარმოუდგენია (იხ., დაზუსტებული საკასაციო საჩივარი), ხოლო სარჩელის იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ქუთაისის სერვის ცენტრის მეტროლოგიის, სტანდარტიზაციისა და გამრიცხველიანების სამსახურის უფროსის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სარჩელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, 2017 წლის 06 მარტის Nპ/680 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ამ მოთხოვნაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის განმაპირობებელი საფუძვლის (ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევი სამართლებრივი შედეგი) არარასებობის გამო.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ვინაიდან რეორგანიზაციის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო
2. კასატორ თ. ქ-ეს (პ/ნ 6-...) უკან დაუბრუნდეს ი. ჩ-ის მიერ 2019 წლის 15 თებერვალს საგადახდო დავალება N44 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარი) 70% 350 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე