საქმე №ას-357-357-2018 15 ივნისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ჯ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ჯ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2011 წლის 6 ივნისის №770404 დასკვნის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დეპარტამენტი) იმერეთის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზინო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი ზ.ვ. ძე ჯ. (შემდეგში: მოვალე ან მეორე მოპასუხე) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა (იხ. ბრძანება, ტ. 2, ს/ფ 21).
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოვალეს დეპარტამენტის სასარგებლოდ 4000 ლარის გადახდა დაეკისრა.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს (შემდეგში: სააღსრულებო ბიურო) მიერ 2016 წლის 13 ივნისს, ქუთაისში, ...... აღწერილი და დაყადაღებული იქნა მოძრავი ქონება (იხ. აქტი, ტ. 2, ს/ფ 13-14):
3.1. სამეული ნაჭრის ზედაპირით, ყვავილების გამოსახულებით, ყავისფერი ხის დეტალებით - 1 (ერთი) ცალი;
3.2. ხის მაგიდა, ყავისფერი გასაშლელი - 1 (ერთი) ცალი;
3.3. ხის სკამი, ყავისფერი, გასაშლელი - 10 (ათი) ცალი;
3.4. ხის სკამი წითელი ნაჭრის დასაჯდომით და საზურგით, სახელურებიანი, ყავისფერი - 2 (ორი) ცალი;
3.5. მაცივარი „BOSH” ფირმის თეთრი ფერის ორკამერიანი - 1 (ერთი) ცალი;
3.6. სარეცხი მანქანა„BOSH” ფირმის თეთრი ფერის - 1 (ერთი) ცალი;
3.7. ტელევიზორი “SAMSUNG”-ის ფირმის - 1 (ერთი) ცალი;
3.8. ჭურჭლის კარადა ღია და დახურული სათავსოებით მინის ვიტრინით, ყავისფერი - 1 (ერთი) ცალი;
3.9. ჟურნალის მაგიდა, ყავისფერი- 1 (ერთი) ცალი.
4. შპს ,,ა.ს.ც–ის’’ 2015 წლის 4 ივლისის №02/123 აუდიტორული დასკვნის მიხედვით, აუდიტორული ფირმა ,,ა.ს.ც–ის’’ ექსპერტმა ვ. ბ–ძემ, ვ.ჯ–ას (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) მიმართვის საფუძველზე ქ. ქუთაისში, ..... არსებული, ამ განჩინების 3.1-3.9 ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი საოჯახო ნივთები შეაფასა (იხ. დასკვნა, ტ. 2, ს/ფ 18).
5. სააღსრულებო ბიუროს მიერ 2016 წლის 4 ივლისს გაცემული №13028872-009/001 ცნობით დადგენილია, რომ 2016 წლის 4 ივლისის მდგომარეობით აუქციონი დანიშნული არ არის (იხ. ცნობა, ტ. 2, ს/ფ 15).
6. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას დაიკითხნენ შემდეგი მოწმეები (იხ. სხდომის ოქმი, ტ. 2, ს/ფ 73-80):
6.1. მოწმე ვ.დ–მა განმარტა, რომ ის მოსარჩელის მეზობელია და მისთვის ცნობილია, რომ დაყადაღებული ავეჯი მოსარჩელის მშობლებმა შეიძინეს.
6.2. მოწმე ვ.ა–ემ განმარტა, რომ ის მოსარჩელის მეზობელია და მისთვის ცნობილია, რომ დაყადაღებული ავეჯი მოსარჩელის მშობლებმა მოიტანეს კონტეინერით. იგი ეხმარებოდა ავტომანქანიდან ავეჯის გადმოღებაში და დააწყვეს სახლის მეორე სართულზე. მოსარჩელის მამა, ს. მუშაობდა ავტოქარხანაში და მათ ხელი მიუწვდებოდათ ასეთ ავეჯზე. მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ ელექტროტექნიკა მოსარჩელემ შეიძინა.
6.3. მოწმე თ.დ–მა განმარტა, რომ ის მოსარჩელის მეზობელია და იცის, რომ ავეჯი მოსარჩელის მშობლებმა შეიძინეს. მისივე განმარტებით, გადმოცემით იცის, რომ ახალი ტექნიკა მოსარჩელემ მეზობლისაგან შეიძინა.
7. სარჩელის საფუძვლები
7.1 მესაკუთრემ, 2016 წლის 11 ივლისს, სარჩელით მიმართა სასამართლოს, დეპარტამენტისა და მოვალის წინააღმდეგ, მოითხოვა წინამდებარე განჩინების 3.1-3.9 ქვეპუნქტებში მითითებული მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება.
7.2 მოსარჩელემ ამ განჩინების 1-6 პუნქტებზე მითითებით განმარტა, რომ ის სადავო ქონების მესაკუთრეა, ამასთან, არ არის დეპარტამენტის მოვალე, რაც გამორიცხავს მის საკუთრებაში არსებულ ნივთებზე სააღსრულებო წარმოების განხორციელებას.
8. პირველი მოპასუხის შესაგებელი
8.1. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოძრავი ქონების დაყადაღება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა.
8.2. მეორე მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია, თუმცა, სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო და განმარტა, რომ სადავო მოძრავი ქონება მას არ ეკუთვნის.
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით მესაკუთრის სარჩელი დაკმაყოფილდა და 2016 წლის 13 ივნისს შედგენილი მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა მოსარჩელის კუთვნილი ნივთები:
· სამეული ნაჭრის ზედაპირით, ყვავილების გამოსახულებით, ყავისფერი ხის დეტალებით - 1 (ერთი) ცალი;
· ხის მაგიდა, ყავისფერი გასაშლელი - 1 (ერთი) ცალი;
· ხის სკამი, ყავისფერი, გასაშლელი - 10 (ათი) ცალი;
· ხის სკამი წითელი ნაჭრის დასაჯდომით და საზურგით, სახელურებიანი, ყავისფერი - 2 (ორი) ცალი;
· მაცივარი „BOSH” ფირმის თეთრი ფერის ორკამერიანი - 1 (ერთი) ცალი;
· სარეცხი მანქანა„BOSH” ფირმის თეთრი ფერის - 1 (ერთი) ცალი;
· ტელევიზორი “SAMSUNG”-ის ფირმის - 1 (ერთი) ცალი;
· ჭურჭლის კარადა ღია და დახურული სათავსოებით მინის ვიტრინით, ყავისფერი - 1 (ერთი) ცალი;
· ჟურნალის მაგიდა, ყავისფერი- 1 (ერთი) ცალი.
9.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, ევროპის სასამართლოს პრაქტიკაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 103-ე, 105-ე, 140-ე მუხლებსა და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-2, 32-ე, მე-40, 44-ე, 45-ე, 48-ე, 55-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მეორე მოპასუხის დავალიანების გამო დაყადაღებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
10. პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
10.1. პირველმა მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
11.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
11.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოძრავ ნივთებთან მიმართებით პირის უფლების დადგენა მხოლოდ გარკვეული სახის მტკიცებულებით კანონით დადგენილი არ არის და ასეთ დანაწესზე ვერც აპელანტი უთითებდა. აღნიშნული გამორიცხავს მოპასუხე დეპარტამენტის პოზიციის გაზიარებას მოწმეთა ჩვენებების არასაკმარის მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე.
11.4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა პირებმა დაადასტურეს, ქუთაისში, ..... განთავსებული ნივთები, რომლებიც 2016 წლის 13 ივნისს აღწერილი და დაყადაღებული იქნა სააღსრულებო ბიუროს მიერ, მოსარჩელის საკუთრებაა. სახელდობრ მოწმეებმა განმარტეს, რომ მოძრავი ნივთების მნიშვნელოვანი ნაწილი შეძენილი იყო მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მშობლების მიერ ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს, როდესაც მათი შვილი - მეორე მოპასუხე ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, ხოლო ნაწილი კი - მეორადი ტექნიკის სახით, პირადად მოსარჩელეს მეზობლისაგან აქვს შეძენილი (იხ. ამ განჩინების 6.1-6.3 ქვეპუნქტები). ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა გამაბათილებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
11.5. სააპელაციო სასამართლომ სპეციალური კანონის მე-40.1, 32.1-ე, 32.2-ე, 44.1-ე მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ საქმის მასალებით მოსარჩელის საკუთრების უფლება დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე დგინდებოდა. შესაბამისად, მართებული იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მესაკუთრის სარჩელის, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ, დაკმაყოფილების თაობაზე.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა (დეპარტამენტმა) გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოძრავი ნივთების მესაკუთრის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
12.2. კასატორის განმარტებით, სასამართლოში მხარემ საკმარისი მტკიცებულებები არ წარადგინა, რაც დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრებას დაადასტურებდა. მოვალის ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი, სპეციალური კანონის 44-ე მუხლისა და სსკ-ის 165-ე მუხლის საფუძველზე, შედგენილია მეორე მოპასუხის მისამართზე. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებებსა და მოსარჩელის განმარტებას შორის გამოვლინდა წინააღმდეგობები.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს (დეპარტამენტს) ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც დასტურდება, რომ დაყადაღებული ქონების ნაწილი, უშუალოდ მოსარჩელემ შეიძინა, ნაწილი კი - მისმა მშობლებმა.
19. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ივარაუდება, სწორედ მოსარჩელე არის აღნიშნული ნივთების მესაკუთრე, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. წინამდებარე შემთხვევაში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი პირველი მოპასუხის (დეპარტამენტის) ვალდებულება იყო, რაც ამ უკანასკნელმა ვერ დაძლია სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საკასაციო მოთხოვნას უსაფუძვლოს და დაუსაბუთებელს ხდის.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, შესაძლებელია საკუთვნებელის სახით არსებული გარკვეული ნივთი წარმოადგენდეს ცალკე სანივთო უფლების ობიექტს, თუმცა, ის, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრებად რიცხულ ბინაში განთავსებული მოძრავი ქონება წარმოადგენს არა მოსარჩელის, არამედ - მოვალის საკუთრებას, დეპარტამენტს სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა, რაც მოპასუხემ ვერ მოახერხა.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში (შდრ. სუსგ #ას-274-274-2018, 23.03.2018 წ.).
22. სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს (იხ. სუსგ #ას-1202-1144-2014, 06.02.2015 წ.; #ას-262-253-2012, 25.06.2012 წ.).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად იხელმძღვანელეს სპეციალური კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის მართებულად განაწილების, ასევე, მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით, დასაბუთებულად დაადგინეს მოსარჩელის საკუთრების უფლება დაყადაღებულ ნივთებზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სპეციალური კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
26. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე