Facebook Twitter

საქმე №ას-1262-1182-2017 18 მაისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. დ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ...“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „მ-მ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, პირველი აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, ლიზინგის გამცემი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. დ-იას (შემდგომში _ მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი, ლიზინგის მიმღები ან მოვალე) მიმართ ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის დავალიანების 3 521,64 ლარის (საიდანაც დავალიანების ძირი თანხა 2 953,06, სარგებელი _ 225,15, ხოლო პირგასამტეხლო _ 344,43 ლარია), დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 31 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება და ლიზინგის გამცემმა მოპასუხისათვის ლიზინგის უფლებით გადაცემის მიზნით 4 340 ლარად შეიძინა ავტომობილი, ამავე ხელშეკრულებით მოპასუხეზე გაიცა ლიზინგის კრედიტი 4 340 ლარის ოდენობით. კრედიტი იყო სარგებლიანი _ თვეში 4,98%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 ოქტომბრამდე. შეთანხმების თანახმად, ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად 311,08 ლარის ოდენობით ხელშეკრულებაზე დართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად, გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რომელიც ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში (თანხის გადახდის ვადაგადაცილება) შეადგენდა ერთჯერადად 20 ლარს, ამას ემატებოდა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმ შემთხვევაში თუ ლიზინგის მიმღები გადახდის ვადას 30 დღეზე მეტი ხნით გადააცილებდა, მას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს სახით სატრანსპორტო საშუალების გადაუხდელი ღირებულების 10%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, 2015 წლის 30 სექტემბრის გაფრთხილების მიუხედავად, არ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც, 2015 წლის 17 ოქტომბერს ლიზინგის გამცემმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვს დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრებას.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%-ის დაკისრება შეუსაბამოდ მაღალია, ისევე, როგორც ერთჯერადად გადასახდელი თანხა და ლიზინგის დავალიანების 10%. მოვალეს არ დაურღვევია ხელშეკრულების პირობები, მან 2015 წლის 5 ოქტომბერს გადაიხადა 418 ლარი, ხოლო 2015 წლის 29 ოქტომბერს _ 400 ლარი, გარდა ამისა, მას 2014 წლის 30 დეკემბერს გადახდილი აქვს 312 ლარი, 2015 წლის 17 მარტს ასევე შესრულებული აქვს გადახდა, ხოლო კრედიტორმა ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაუდო 30-დღიანი ვადაგადაცილება. მართალია, ვალდებულების შესრულებისას იყო ვადაგადაცილებაც, მაგრამ მოპასუხე ყოველთვის იხდიდა თანხას. 2015 წელში განხორციელებული გადახდების გათვალისწინებით ლიზინგის გამცემს არ ჰქონდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება, გარდა ამისა, ამ უფლებით სარგებლობა მას შეეძლო მხოლოდ მოპასუხის წინასწარი წერილობითი ინფორმირების შემთხვევაში, რაც არ განუხორციელებია, რაც შეეხება დავალიანებას, ის არასწორია, რადგანაც თითქმის სრულად აქვს ლიზინგის მიმღებს ვალდებულება შესრულებული. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მოპასუხემ მიმართა კომპანიის ადმინისტრაციას ვალდებულების გაგრძელების თხოვნით, თუმცა, პასუხი არ მიუღია, მხოლოდ კრედიტორის იურისტები დაუკავშირდნენ და შესთავაზეს ჯერ 500, ხოლო, შემდგომ _ 200 ლარის ჩარიცხვა ლიზინგის გამცემის ანგარიშზე, თუმცა, მოპასუხის მოთხოვნის მიუხედავად, მათ ამგვარი შეთანხმება წერილობით არ დაუდასტურებიათ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 2 382,12 ლარის გადახდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ (პირველი აპელანტი) მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხემ (მეორე აპელანტი) _ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ლიზინგის გამცემის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ლიზინგის მიმღებს კრედიტორის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 1 139,52 ლარის გადახდა;

5.2. ამავე სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის განჩინებით მეორე აპელანტის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2017 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეორე აპელანტმა, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების ნაწილობრივ შეცვლისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო პალატის შეფასების საგანს სასამართლო სხდომაზე აპელანტის/მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობა და ის გარემოება წარმოადგენს, არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. ამ თვალსაზრისით, კასატორი ძირითადად პრეტენზიას იმ საფუძვლით გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილი შეფასება მისცა სასამართლოს ხდომაზე მეორე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის მიზნით წარდგენილ მტკიცებულებებს, ამასთანავე, არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები, გარდა ამისა, მხარე პრეტენზიას აცხადებს იმ კუთხით, რომ მას არ მიეცა საკუთარი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა, ხოლო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით.

1.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების კონტექსტში, რომელთაგან პირველი მხარის მხრიდან პრეტენზიის დასაბუთებულობაზეა დამოკიდებული, ანუ საკასაციო საჩივრის წარმატებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის კონტექსტში განაპირობებს მხარის პრეტენზიის საფუძვლიანობა, რაც შეეხება მეორე საფუძველს, თავად ნორმას კანონმდებელი მოიხსენიებს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად და მიუხედავად მხარის მითითებისა, საქმის განმხილველი სასამართლო ყოველთვის ვალდებულია გამორიცხოს ნორმის წინაპირობების არსებობა. შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილების კანონიერების კვლევა ჯერ 394-ე, ხოლო შემდგომ _ 393-ე მუხლის შესაბამისად ხორციელდება. ვიდრე უშუალოდ საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობას შეამოწმებდეს, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყორადღება გაამახვილოს სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თავისებურებათა საკითხზე:

1.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს: ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება. განსახილველ შემთხვევაში, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა როგორც მოსარჩელის, ისე _ მოპასუხის მრიდან, შესაბამისად, მხარეები ერთმანეთის მიმართ წარმოადგენდნენ, როგორც აპელანტებს, ისე _ მოწინააღმდეგე მხარეებს.

1.2.2. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტი; ბ) მოწინააღმდეგე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, ამასთან, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები). თუკი დადგინდება, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ხელისშემშლელი რომელიმე კანონისმიერი საფუძველი, სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს.

1.2.3. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე; ბ) გამოცხადებული აპელანტი უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. ამ გარემოებათა კუმულატიურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. ამასთანავე, მსგავსად ზემოხსენებულისა, არ უნდა დგინდებოდეს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობების არსებობა. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებისათვის კანონმდებლობა ადგენს კიდევ ერთ დამატებით წინაპირობას: მხარის გამოუცხადებლობის გამო კანონის ძალით დადგენილად მიიჩნევა სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები (სსსკ-ის 230-ე და 387-ე მუხლები) და ამ შემთხვევაში მტკიცებულებათა კვლევა აღარ ხდება, თუმცა, დადგენილად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს მოთხოვნას: სასამართლომ უნდა მოიძიოს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა და მოახდინოს კანონის ძალით დადგენილი ფაქტების (აპელანტის ახსნა-განმარტება) სუბსუმირება მასთან.

1.2.4. რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკითხს, მას არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

1.2.5. როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარში, ისე _ საკასაციო საჩივარში გამოუცხადებელი მხარე ძირითადად აპელირებს საპატიო მიზეზზე, კერძოდ, მისი განმარტებით, 2017 წლის 22 მარტს იმყოფებოდა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც იცავდა ბრალდებულ ალექსანდრე ხინთიბიძის ინტერესებს, როგორც მისი ადვოკატი. აღნიშნულ პროცესზე შეექმნა რეალური საფრთხე დაზარალებულთა მხრიდან შეურაცხყოფის მიყენებისა და ფიზიკური ანგარიშსწორებისა, ამიტომ, იძულებული გახდა დაეცადა მათი წასვლისათვის, შედეგად კი ვერ შეძლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადება. ამ თვალსაზრისით საქმეში წარმოდგენილია ადვოკატის ორდერი, მეორე აპელანტის ადვოკატის მოწმობის ასლი და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ცნობა, რომ 2017 წლის 22 მარტს კასატორი მართლაც მონაწილეობდა სისხლის სამართლის პროცესში, თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებული მტკიცებულებები არ იძლევა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობას, კერძოდ, სახეზე არაა მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი (სსსკ-ის 215.3 მუხლი). საგულისმოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება მეორე აპელანტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, პირადად ჩაბარდა სხდომამდე 21 დღით ადრე და მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა სასამართლოსათვის ეცნობებინა სისხლის სამართლის საქმის განხილვის შესახებ, ისევე, როგორც დაუსაბუთებელია მისი პოზიცია, რომ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში არ ჰქონდა ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობა, გარდა ამისა, საქმის მასალებით არ დგინდება საჩივარში მითითებული ფიზიკური ანგარიშსწორების რეალური საფრთხის არსებობა. სასამართლოში მოქმედებს მანდატურის ინსტიტუტი, რომლის მოვალეობასაც წარმოადგენს სასამართლოს შენობაში წესრიგის დაცვა და პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ მეორე აპელანტის გამოუცხადებლობა არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით, შესაბამისად, არსებობდა გამოუცხადებლობის მოტივით მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები. ამ ნაწილში გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება კანონიერია და ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას), საკასაციო პალატა უცვლელად ტოვებს მას.

1.2.6. რაც შეეხება პირველი აპელანტის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობაა, კერძოდ: პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ მას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ სამართლებრივი პრეტენზიები აქვს წარდგენილი, კერძოდ, ის არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას პროცენტის ამორალურობისა და პირგასამტეხლოს განაკვეთის შემცირების თაობაზე, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დადგენილად მიიჩნევა სარჩელში მითითებული ფაქტები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლმაც დაადგინა საქმის არსებითად განხილვის გზით (2014 წლის 31 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის #FL31102014/0054 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხისათვის ლიზინგის უფლებით გადასაცემად 4 340 ლარად შეიძინა ავტომობილი. ფინანსური ლიზინგის #FL31102014/0054 ხელშეკრულების საფუძველზე, ნ.დ-იაზე გაიცა ლიზინგის (კრედიტის) თანხა _ 4 340 ლარის ოდენობით, თვეში 4,89%-ის დარიცხვით; კრედიტის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 ოქტომბერი. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად 311,08 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით განისაზღვრა ლიზინგის საერთო ღირებულება 7 465.92 ლარი, რომელიც მოიცავდა სატრანსპორტო საშუალების შესაძენ თანხას, დარიცხულ სარგებელსა და ყველა ხარჯს, რომელიც ლიზინგის მიმღებს უნდა გაეღო. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო თანხის გადახდის ვადაგადაცილებისთვის ერთჯერადი 20 ლარი, ასევე, ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის მიმღები თანხის გადახდას გადააცილებდა 30 დღეზე მეტი ვადით, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 10%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა. მოპასუხის 2015 წლის 15 ოქტომბრის გაფრთხილების ხელწერილში მითითებულია: „გთხოვთ დაფაროთ არსებული დავალიანება ან დაუყოვნებლივ მოიყვანოთ სატრანსპორტო საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში შპს „მ...“ იძულებული იქნება გაწყვიტოს არსებული ლიზინგის ხელშეკრულება“. 2015 წლის 17 ნოემბრის გაფრთხილების ხელწერილში მითითებულია: „მიუხედავად გამოგზავნილი გაფრთხილების წერილისა, კვლავ არ მომხდარა შპს „მ-ს“ წინაშე არსებული დავალიანების დაფარვა, რის გამოც, შპს „მ...“ იყენებს ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებას და ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას“. ხელწერილი ადრესატს ჩაბარდა 2015 წლის 24 ნოემბერს. 2015 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეს ერიცხება დავალიანება - 3 521,64 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა -2 952,06 ლარი, პროცენტი - 225,15 ლარი, ჯარიმა - 344,43 ლარი. 2015 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით, ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ლიზინგის მიმღების მიერ გადახდილია - 3 973,08 ლარი, საიდანაც ძირი თანხა - 1 387,94 ლარი, პროცენტი -2 023,97 ლარი, ჯარიმა- 561,17 ლარი), თუმცა, ეს ფაქტები მხოლოდ ნაწილობრივ ამართლებენ სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის, ასევე, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს ნაწილში რაიონულმა სასამართლომ სწორად განსაზღვრა დასაკისრებელი თანხის გონივრული ოდენობა, რამდენადაც ხელშეკრულებით შეთანხმებული ყოველთვიური სარგებელი წლიურ 58,68%-ს წარმოადგენდა და ამგვარი შეთანხმება სწორედ ამორალური გარიგებაა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლისა. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), რომ საქართველოს საბანკო სექტორში სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის საშუალო ოდენობა შეადგენს 18%-ს, რაც თვეში 1,5%-ია და განსხვავებით წლიური 58,68%-ისა იგი ფულად მიმოქცევაში საკმარისად უზურუნველყოფს კრედიტორის ინტერესებს (ამ მხრივ მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: #ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი; #ას-408-381-2017, 30 ივნისი, 2017 წელი), გარდა ამისა, შეთანხმებული პირგასამტეხლო ასევე შეუსაბამოდ მაღალია, რაც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სწორად შეამცირა პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხოლო სამართლებრივი პრეტენზიის ფარგლებში სააპელაციო პალატამ არასწორად გაზარდა მისი ოდენობა.

1.3. პირველი აპელანტის მოთხოვნის ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

1.3.1. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის საფუძველზე, აუქმებს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას/განჩინებას სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ნაწილში და მიიჩნევს, რომ ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა: დადგენილია, რომ 2014 წლის 31 ნოემბრიდან 2015 წლის 24 ნოემბრამდე მოვალემ გადაიხადა 3 973,09 ლარი (საიდანაც გადახდილია ფინანსური ლიზინგის ძირი თანხის დავალიანების სახით 1 387,94 ლარი, პროცენტის სახით _ 2 023.97 ლარი, ჯარიმის სახით _ 561.17 ლარი); სარგებლის სამართლიან და გონივრულ ოდენობად მიჩნეულია წლიური 18% (თვეში 1,5%), შესაბამისად, 2 წლის განმავლობაში მოვალეს კრედიტორისათვის სარგებლის სახით უნდა გადაეხადა 1 562,4 ლარი (თვეში 65,1 ლარი); პირგასამტეხლოს ოდენობის განახევრების შემთხვევაში, დავალიანება უნდა განისაზღვროს 452,8 ლარით (მოპასუხეს უკვე გადახდილი აქვს 561,17 ლარი, მოსარჩელე დამატებით მოითხოვს 344,43 ლარს, რომლის ჯამიც 905,6 ლარს შეადგენს). ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა გამოაკლდეს ძირი თანხის ანგარიშში და მოცემული მსჯელობიდან გამომდინარე, საბოლოოდ დავალიანება უნდა განისაზღვროს 2 382,12 ლარით.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს ერთვის სისხლის სამართლის საქმის მასალები 12 ფურცლად. პალატა არ იზიარებს მათ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104.1 მუხლის შესაბამისად (სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ), მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს მათ წარმომდგენს, რამდენადაც ამავე კოდექსის 407.1 მუხლიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები), საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება, მიიღოს და შეფასება მისცეს ახალ მტკიცებულებებს, არამედ, იგი შემოიფარგლება საქმეში არსებული დოკუმენტებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებით, ამდენად, პალატა ასკვნის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი მტკიცებულებები (ტ. II, ს.ფ.37-42, 61-66) 12 (თორმეტი) ფურცლად.

3. სასამართლო ხარჯები:

3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

3.2. საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია 67%-ით, ხოლო უარყოფილია _ 33%-ით, რის გამოც, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეებს მათ მიერ გაღებული ხარჯებიდან სწორედ ზემოხსენებული პროპორციით უნდა დაეკისროთ ერთმანეთის სასარგებლოდ ხარჯების ანაზღაურება, კერძოდ, კასატორს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 184,25 ლარის გადახდა, ხოლო, კრედიტორს კასატორის სასარგებლოდ _ 99 ლარის გადახდა. რაც შეხება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პროპორციულად მხარეთა მიერ გადახდილ ბაჟს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 104-ე, 407-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ნ. დ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „მ-ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, ასევე პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. შპს „მ-ს“ სარჩელი ნ. დ-იას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

4. ნ. დ-იას (პ/#3-...) შპს „მ-ს“ (ს/კ #4-...) სასარგებლოდ დაეკისროს ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 2 382,12 ლარის გადახდა.

5. ნ. დ-იას (პ/#3-... შპს „მ-ს“ (ს/კ #4-...) სასარგებლოდ დაეკისროს 184,25 ლარის გადახდა, ხოლო, შპს „მ-ს“ (ს/კ #4-...) ნ. დ-იას (პ/#3-...) სასარგებლოდ _ 99 ლარის გადახდა.

6. ნ. დ-იას დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები (ტ. II, ს.ფ.37-42, 61-66) 12 (თორმეტი) ფურცლად.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი