Facebook Twitter

საქმე №ას-1334-1254-2017 18 მაისი, 2018 წელი

m ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ჩ-ი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ჩ-ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – განქორწინება, მამობის სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობა, მეუღლისათვის ქორწინებამდელი გვარის მიკუთვნება, არასრულწლოვნის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანა, შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღრა (თავდაპირველ სარჩელში), მეუღლეთა შორის საერთო ვალების განაწილება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ზ. ჩ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჩ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა 2004 წლის 17 თებერვალს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა, მოპასუხის დავალდებულება, შეიცვალოს გვარი და დაუბრუნდეს ქორწინებამდელი გვარი ხ–ი, მცირეწლოვანი შვილის _ მ. ჩ-ის საცხოვრებელი ადგილის მამის მისამართის მიხედვით განსაზღვრა და აღსაზრდელად მამისათვის (მოსარჩელე) გადაცემა, იმის დადგენა, რომ მოსარჩელე არ არის მ. ჩ-ის მამა, შესაბამისად, მ. ჩ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამად მოსარჩელის რეგისტრაციის ბათილად ცნობა და არასრულწლოვანი მ-ს გვარის _ ჩ-ის, შეცვლა ხ–ით.

1.1.1. თავდაპირველი სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეებმა იქორწინეს 2004 წლის 17 თებერვალს. ქორწინების შემდეგ მოპასუხემ მიიღო ქმრის გვარი. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - მ. ჩ-ი (დაბადებული 2005 წლის 12 მარტს) და მ. ჩ-ი (დაბადებული 2011 წლის 16 ივნისს). მოპასუხე მედდად მუშაობს სხვადასხვა საავადმყოფოში და სამსახურში სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო ნ. ს-ესთან, 2011 წლის 16 ივნისს მისგან შეეძინა მ. ჩ-ი. მოსარჩელემ არ იცოდა, რომ მ. ჩ-ის მამა არ იყო, ამიტომ მის დაბადების სააქტო ჩანაწერში, ის იქნა მითითებული მამად. გარდა ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ განქორწინების შემდეგ მოპასუხეს არ აქვს მორალური უფლება, ატარებდეს მოსარჩელის გვარს. მოპასუხეს არ აქვს საცხოვრებელი ადგილი და შვილის აღზრდისათვის საჭირო საყოფაცხოვრებო პირობები. მხარეთა საერთო შვილი მამასთან უკეთ გაიზრდება ვიდრე დედასთან. მოპასუხის ამორალური საქციელი შვილს აძლევს ცუდ მაგალითს.

1.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ მოითხოვა თავდაპირველი მოსარჩელისათვის მეუღლეთა საერთო ვალების ნახევრის დაკისრება (შპს „ბ-ის“ მიმართ დავალიანება შეადგენს 3 131 აშშ დოლარს, ხოლო, სს „ს-ის“ მიმართ _ 5 083 ლარს).

1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში, ოჯახური საჭიროებების გამო, შეგებებულმა მოსარჩელემ შპს „ბ-იდან“ და სს „ს-იდან“ აიღო სესხები და ამ სესხებს ფარავს პერიოდული შენატანებით. ვინაიდან ნასესხები თანხა მოხმარდა საერთო საოჯახო მიზნებს, შეგებებული მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იგი მეუღლეთა საერთო ვალია და ამ თანხის ნახევრის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს შეგებებულ სარჩელზე.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელი განქორწინების ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სამსახურში სასიყვარულო ურთიერთობა არავისთან ჰქონია და არც შეუფერებელი საქციელი ჩაუდენია. მ. ჩ-ი არის მოსარჩელის შვილი და არ არსებობს არასრულწლოვნის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფასა და ბავშვის გვარში ცვლილებების შეტანის, ისევე, როგორც მოპასუხის გვარის შეცვლისა და ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების საფუძველი. მოპასუხე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი, მას აქვს შვილების სათანადო აღზრდის ყველა წინაპირობა, რაც მამის საცხოვრებლის მიხედვით მ. ჩ-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობას ადასტურებს;

2.2. შეგებებული სარჩელი არ ცნო არც თავდაპირველმა მოსარჩელემ და მის წინააღმდეგ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, კერძოდ, მოპასუხემ უარყო შეგებებული მოსარჩელის მიერ ნასესხები თანხის საოჯახო საჭიროებისათვის აღება-განკარგვა, მისი განმარტებით, შეგებებულ მოსარჩელეს თანხა არც ოჯახში მიუტანია და არც საერთო სამეურნეო მიზნით არ გამოუყენებია, შესაბამისად, იგი მეუღლეთა საერთო ვალს არ წარმოადგენს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყდა მხარეთა შორის 2004 წლის 17 თებერვლის #47 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით, აღიარებულ იქნა ფაქტი, რომ მოსარჩელე არ არის მ. ჩ-ის (პ/ნ6-...) ბიოლოგიური მამა. ბათილად იქნა ცნობილი მ. ჩ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის მამის გრაფაში, ზ. ჩ-ის რეგისტრაცია, ზ. ჩ-ის სარჩელი ნ. ჩ-ისა და მ. გვარის შეცვლის დავალდებულების, ასევე, მ. ჩ-ის საცხოვრებელი ადგილის მამის მისამართის მიხედვით განსაზღვრის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა, ნ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მეუღლეთა საერთო ვალები განაწილდა და ამ მიზნით ზ. ჩ-ს, ნ. ჩ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა სს „ს-იდან“ და შპს „ბ-იდან“ მიღებული სესხის ნახევარის _ 2 540 ლარის და 1 565 აშშ დოლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფაქტობრივი საფუძვლები (კასატორის პრეტენზიები):

საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს ქორწინების განმავლობაში ერთ-ერთი მეუღლის მიერ აღებული ვალები წარმოშობს თუ არა მეუღლეთა საერთო ვალდებულებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეგებებული სარჩელის უარყოფის მთავარ საფუძვლად სააპელაციო პალატამ მიიჩნია ის გარემოება, რომ შეგებებულმა მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სადავო თანხის ოჯახის საერთო მიზნებისათვის გამოყენების ფაქტი. სააპელაციო პალატის ხსენებული დასკვნების წინააღმდეგ კასატორი პრეტენზიას ძირითადად პროცესუალური წესების დარღვევაზე აცხადებს, კერძოდ: მხარეები 2004 წლის 17 თებერვლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ჰქონდათ საერთო მეურნეობა, საერთო ფულით ყიდულობდნენ, როგორც საოჯახო, ისე _ პირადი მოხმარების ნივთებსა და საკვებს. მოწინააღმდეგე მხარე არის უმუშევარი, ეკლესიურობის მოტივით არ იღებს ე.წ აიდი ბარათს, კასატორი კი სტაბილურადაა დასაქმებული, მუშაობს ორ ადგილას, რამაც განაპირობა სესხის კასატორის და არა მოწინააღმდეგე მხარის მიერ აღება, ამ უკანასკნელს არ წარუდგენია მტკიცება იმისა, რომ სადავო თანხა არა ოჯახის საერთო, არამედ პირადი მიზნებით იქნა გამოყენებული. ამ მხრივ სასამართლომ შეფასება არ მისცა მოწმე რ. შ-ის ჩვენებას, რომელმაც მეუღლეთა ბინაში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები. სარემონტო მოსალები შეძენილ იქნა კასატორის მიერ და რემონტის საზღაურიც მოწმეს კასატორმა გადაუხადა, საპირისპირო მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ 2011 წლიდან მხარეების ცხოვრება აღარ შეიძლება სრულფასოვან საოჯახო ურთიერთობად ჩაითვალოს და 2011 წელს აღებული სესხიც არ მიიჩნევა მეუღლეთა საერთო ვალად, არასწორია. სააპელაციო პალატამ არასწორად განსაზღვრა სესხის ოდენობაც, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი შპს „ბ-ის“ ხელშეკრულების თანახმად, 2013 წლის 23 ნოემბერს, 12 თვის ვადით შეგებებულმა მოსარჩელემ ისესხა 1 500 აშშ დოლარი, საქმეში წარმოდგენილია მეორე ხელშეკრულებაც, რომლითაც ირკვევა, რომ გაგრძელდა პირველი ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ამ დროისათვის ვალი არ იყო გასტუმრებული და ვალდებულების მოცულობამ შეადგინა 3 131 აშშ დოლარი, ასევე არ არის დაფარული სს „ს-ში“ არსებული დავალიანება.

1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:

საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ის ფაქტობრივ გარემოებები, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:

1.2.1. ზ. ჩ-ი და ნ. ჩ-ი დაქორწინდნენ 2004 წლის 17 თებერვალს;

1.2.2. მათ ჰყავთ საერთო შვილი;

1.2.3. 2013 წლის 23 ნოემბერს შეგებებულმა მოსარჩელემ შპს „ბ-ისაგან“ ისესხა 1 500 აშშ დოლარი, 2015 წლის 24 მარტს სს „ს-ისაგან“ _ 833 ლარი, 2015 წლის 30 ივლისს კი - 4 250 ლარი.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. განსახილველი დავის საგანს მეუღლეთა შორის საერთო ვალების განაწილება წარმოადგენს, ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა და სწორად მიუსადაგა იგი საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლისა და 1170-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. დასახელებული ნორმებით დადგენილია ის ქონებრივი წონასწორობა, რომელიც კანონისმიერი თანასაკუთრების (საოჯახო ურთიერთობიდან ნაწარმოები უფლება) სპეციალური ურთიერთობიდან გამომდინარეობს და განსაზღვრავს საერთო ვალდებულებაში თითოეული მეუღლის პასუხისმგებლობის მოცულობას. იმის გასარკვევად, თუ რა წარმოადგენს საოჯახო სამართლის მიზნებისათვის მეუღლეთა საერთო ვალს, ზემოხსენებული ნორმები უნდა განიმარტოს სისტემურად, ამავე კოდექსის 1158-ე (მეუღლეთა თანასაკუთრება), 1160-ე (თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით) და 1161-ე (მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება) მუხლებთან ერთობლიობაში. უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებელი, გარდა ქორწინებამდე მეღლეთათვის კუთვნილი, ასევე, ქორწინების შემდგომ მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული ქონებისა, მეუღლეთა თანასაკუთრებად განიხილავს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ ყველა ქონებას, მიუხედავად შეძენის წყაროსი, კერძოდ, იგი შეძენილია ერთობლივი სახსრებით, თუ ერთ-ერთი მეუღლის მიერ. გარდა ამისა, კანონისმიერი პრეზუმფციაა, რომ თანასაკუთრების განკარგვა ემყარება თანამესაკუთრე მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებას, შესაბამისად, საოჯახო სამართლით მოწესრიგებული თანასაკუთრების რეჟიმის პროპორციულია დანახარჯები და ვალდებულებებიც.

1.3.2. მეუღლეთა საერთო ვალის დაფარვის საკითხის გადაწყვეტისას მეტად პრაქტიკული მნიშვნელობისაა პროცესუალური საკითხი მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით, კერძოდ, ვინ უნდა ამტკიცოს ის ფაქტი, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული ვალი საერთო ვალს. საკასაცო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტისას მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები არ გვთავაზობს პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას და მტკიცების საგანში შედის სწორედ საერთო მიზნებისათვის სადავო ხარჯების გაწევის ფაქტი, ხოლო მტკიცების სტანდარტს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი (იხ. სუსგ-ებები: #ას-516-489-2015, 17 ივნისი, 2015 წელი, #ას-1035-1228-2008, 23 მარტი, 2009 წელი, #ას-605-579-2016, 17 თებერვალი, 2017 წელი. საკასაციო პალატის მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა ზედმიწევნითაა ასახული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში).

1.3.3. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად უარყოფს კასატორის პრეტენზიას, რომ მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება და მეუღლეთა ერთად ცხოვრების ფაქტი ადასტურებს სადავო თანხის ოჯახის ერთიანი მიზნებისათვის მოხმარების ფაქტს, გარდა ამისა, თანხის საერთო საოჯახო მიზნით გამოყენების პრეზუმფციას არც ის გარემოება არ იძლევა, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარე არ იყო დასაქმებული, ამ მხრივ სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა ამავე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების იმ ნაწილზე (რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში, თანახმად სსსკ-ის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, შესაბამისად, ფაქტს, ამავე კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად, პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნია), რომლის თანახმადაც 2011 წლიდან მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც საბოლოოდ მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა, ხოლო ყველა სასესხო ვალდებულება წარმოშობილია 2011 წლის შემდგომ, ამით გაქარწყლებულია პრეზუმფცია, რომ კასატორის მიერ ნასესხები თანხა შესაძლოა, ოჯახის საერთო მიზნებს მოხმარებოდა. საკასაციო სამართლომ საკასაციო პრეტენზიის შესაბამისად, შეისწავლა მოწმედ დაკითხული რეზო შავაძის ჩვენება, რომელიც არ შეიძლება სადავო ფაქტის მტკიცების საკმარის საფუძვლად იქნას მიჩნეული, რამდენადაც მოწმე მხოლოდ იმას უთითებს, რომ თანხა _ 100 ან 150 ლარი ქალბატონმა გადასცა, გარდა ამისა, მოწმე აღნიშნავს, რომ რემონტი 3 წლის წინ ჩატარდა (იხ. 15.03.2017წ. სხდომის ოქმი). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივ კვლევა-შეფასებას (სსსკ-ის 105-ე მუხლი), ხოლო სასამართლოს მიერ შემოთავაზებული დასკვნების წინააღმდეგ კასატორის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრული და წონადი არგუმენტები. ამ მხრივ გაზიარებას არ ექვემდებარება მხარის ის მტკიცებაც, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რაც შეგებებული სარჩელის მოთხოვნას გამორიცხავდა, რადგანაც, როგორც უკვე ითქვა, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის წინაპირობების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრებოდა შეგებებულ მოსარჩელეს, რომელმაც მას თავი ვერ გაართვა. გარდა ამისა, საკასაციო პალატა შეფასების გარეშე ტოვებს მხარის იმ არგუმენტს, რომელიც საფინანსო ინსტიტუტის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობას შეეხება. იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება საერთო ვალების განაწილების წინაპირობები, სამართლებრივად მნიშვნელობას კარგავს თავად ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა.

1.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას), საკასაციო სასამართლო უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რადგანაც მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაამტკიცა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების საპროცესო წესების დარღვევით გამოკვლევა, შესაბამისად, პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს და თვლის, რომ შეგებებული სარჩელი არის დაუსაბუთებელი.

2. სასამართლო ხარჯები:

ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობის კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ხსენებული ხარჯი, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი