საქმე №ას-823-823-2018 6 ნოემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს ''ბ.მ.'' (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.პ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, ნივთის დაბრუნება
საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.პ–ას (შემდეგში: მოსარჩელე, მეიჯარე, მოწინააღმდეგე მხარე) და შპს ,,ბ.მ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მოიჯარე, კომპანია, კასატორი) შორის, 2013 წლის 19 ნოემბერს, გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელის კუთვნილი საწვავმზიდი 5549 ცისტერნა (შემდეგში: საწვავმზიდი, ქონება, იჯარის საგანი), სახელმწიფო N .., სარეგისტრაციო N CV0231929 #11-0230, 1979 წლის გამოშვება, მოიჯარეს, დროებითი სარგებლობით, სამი თვის ვადით გადაეცა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 18-22).
2. ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირა, ყოველთვიურად, 1500 ლარით განისაზღვრა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 18-22).
3. სარჩელის საფუძვლები
3.1 მოსარჩელემ, 2016 წლის 21 მარტს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა, მოპასუხისათვის საიჯარო ქირის დავალიანების, 3000 ლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით - 36000 ლარისა და დაზიანებული საწვავმზიდის აღდგენითი ღირებულების - 4389 ლარის დაკისრება, ასევე, კუთვნილი იჯარის საგნის დაბრუნება.
3.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მოიჯარემ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, მხოლოდ ერთი თვის საიჯარო ქირა, 1500 ლარი გადაიხადა. ამასთან, კომპანიას, მოსარჩელისათვის იჯარით გადაცემული ქონება არ დაუბრუნებია.
3.3 მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ იჯარის საგანი ისე დააზიანა, რომ მისი გადაადგილება და ექსპლუატაცია შეუძლებელია. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მისი აღდგენის ღირებულება საორიენტაციოდ 4389 ლარია.
3.4 მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2014 წლის 19 თებერვალს გავიდა, ამ დროისათვის ნივთის დაბრუნების შემთხვევაში, მოსარჩელე მას გააქირავებდა და შემოსავალს მიიღებდა, რაც მოპასუხის ბრალეულობით დაკარგა, შესაბამისად, 2 წლის მიუღებელი შემოსავალი, სარჩელის აღძვრის დროისათვის - 36000 ლარია, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
4. მოპასუხის შესაგებელი
4.1 მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1 ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის (მეიჯარის) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
5.1.1 მოპასუხეს (მოიჯარეს) მოსარჩელის (მეიჯარეს) სასარგებლოდ, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3000 ლარის, მიუღებელი შემოსავლის - 12 000 ლარისა და დაზიანებული ავტომობილის აღდგენისათვის - 4389 ლარის გადახდა დაეკისრა.
5.1.2 მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1395 ლარიდან 697 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის ნაწილის - 181,50 ლარის, საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ნაწილის - 775 ლარის გადახდაც დაეკისრა.
5.1.3 დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 19.11.2013წ. იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების- 3000 ლარის-დაკისრებას; იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 2014 წლის 19 თებერვლიდან 2016 წლის 19 თებერვლამდე მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, ავტომობილის დროულად დაუბრუნებლობის გამო, ორი წლის განმავლობაში მიყენებული ზიანის - 36 000 ლარის ანაზღაურებას; დაზიანებული ავტომობილის აღსადგენად, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოპასუხე საწარმოსათვის 4389 ლარის დაკისრებასა და მეიჯარისათვის ავტომანქანის დაბრუნებას - იხ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში სასარჩელო მოთხოვნა - ტ. 2, ს.ფ. 149-150).
5.2 რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე, 319-ე, 361-ე, 412-ე, 414-ე, 415-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისათვის საიჯარო დავალიანების - 3000 ლარის დაკისრების ნაწილში, საფუძვლიანი იყო.
5.3 რაიონულმა სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.11 ქვეპუნქტზე მითითებით ,,მოიჯარე ვალდებულია გაუფრთხილდეს იჯარის ობიექტს, არ მოეპყრას დაუდევრად და უზრუნველყოს მისი უვნებელი დაბრუნება მეიჯარისათვის“ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა 4389 ლარისა და ნივთის დაბრუნების ნაწილშიც საფუძვლიანია.
5.4 სასამართლომ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მოსარჩელეს ზიანის შესამცირებლად არაფერი მოუმოქმედებია, რაც მისთვის 2014 წლის 19 სექტემბრის წერილით იყო სავარაუდო და სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში ნაწილობრივ, 2014 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, 12000 ლარით დააკმაყოფილა.
6. მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები
6.1 რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ (მეიჯარემ), ისე - მოპასუხემ (მოიჯარემ).
6.2. მეიჯარემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, ხოლო ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.3. მოიჯარემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით შეტანილი საჩივრის უარყოფის შესახებ
7.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სხდომაზე მოპასუხის (მოიჯარის) გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
7.1.1 მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა;
7.1.2 მოპასუხე კომპანიას, დამატებით მიუღებელი შემოსავლის 24 000 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის - 181,50 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ;
7.1.3 მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომობილის [საწვავმზიდი მაზ 5549 ცისტერნის სახელმწიფო № ...., სარეგიტრაციო № CV0231929 № 11-0230 1979 წლის გამოშვება] დაბრუნება.
7.2 სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
8. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
8.1 მოიჯარემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მისი უცვლელად დატოვების შესახებ 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება
9.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
9.2 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
10.1.1 მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
10.1.2 ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
10.1.3 მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დამატებით, მიუღებელი შემოსავლის სახით 24000 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის ნაწილის - 181.50 ლარის გადახდა დაეკისრა. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის კუთვნილი ავტომობილის დაბრუნება.
10.2 სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 52-ე და 337-ე მუხლებზე და ამავე კოდექსის 581.2-ე, 564-ე მუხლებზე დაყრდნობით იმსჯელა საიჯარო საგნის დაბრუნების ხარჯებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ იჯარის ობიექტის საიჯარო ვადის დასრულების შემდგომ, მეიჯარისათვის დაუბრუნებლობა მოიჯარის (მოპასუხის) მიზეზითაა გამოწვეული.
10.3 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საიჯარო საგნის დაბრუნების დავალდებულების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხემ მოსარჩელეს კუთვნილი საწვავმზიდი უნდა დაუბრუნოს, რომელიც ამჟამად სპეციალურ გადამზიდზეა მოთავსებული, ასევე, მოპასუხემ გადაყვანისათვის აუცილებელი ყველა ხარჯი (ევაკუატორზე მოთავსება, ევაკუატორით მომსახურების საფასური) უნდა გაიღოს, გარდა ევაკუატორის საწვავის ხარჯებისა, რომელიც მოსარჩელეს ეკისრება.
10.4 პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების, საწვავის მოძრაობის თაობაზე მოპასუხის მიერ შედგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმა 006-ის, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისათვის ვარგისობაზე ტესტირების N357 ბარათის შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საიჯარო ვადის დასრულების დროისათვის და მის შემდეგაც იჯარის ობიექტი, ექსპლუატაციისათვის ვარგისი იყო, რომლით სარგებლობასაც მოიჯარე აგრძელებდა და იჯარის ვადის დასრულებისთანავე მისი დაბრუნების შემთხვევაში, მოსარჩელე სხვადასხვა ბენზინგასამართი სადგურების მომსახურებით შემოსავალს მიიღებდა, თვეში არანაკლებ - 1800 ლარს, რაც მან ქონების დაუბრუნებლობის გამო ვერ შეძლო.
10.5 სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი ორი წლის მიუღებელი შემოსავალი - 36000 ლარი, სსკ-ის 411-ე, 412-ე მუხლების საფუძველზე, დასაბუთებულია.
10.6 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, გარდა მითითებული ნორმებისა, მოსარჩელის მოთხოვნა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, კერძოდ, საიჯარო ვადის დასრულებიდან სარჩელის წარდგენის დრომდე, მიუღებელი შემოსავლის სახით, ორი წლის საიჯარო ქირის - 36000 ლარის (24 თვე X 1500 ლარზე = 36000 ლარს) დაკისრების თაობაზე, სსკ-ის 591-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეც, საფუძვლიანია.
10.7 სააპელაციო სასამართლომ 581.2-ე, 573.1-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო, გამქირავებელს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ვინაიდან, ავტომობილი განკომპლექტებულია, ექსპლუატაციისათვის უვარგისია, სასარჩელო მოთხოვნა ავტომობილის აღდგენის ხარჯების - 4389 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
14.1 მოიჯარემ (მოპასუხემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა სააპელაციო სასამართლოსთვის განსახილველად დაბრუნება.
14.2 კასატორის განმარტებით, მხოლოდ თეორიული შესაძლებლობის ფაქტი არ არის საკმარისი მიუღებელი შემოსავლის დასადასტურებლად. მიუღებელი შემოსავალი უტყუარად უნდა დადასტურდეს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება. მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები და მათი ახსნა-განმარტება, რომ მათ ბენზინგასამართი სადგურები აქვთ და საწვავმზიდით მომსახურება სჭირდებოდათ, არასაკმარისია.
14.3 კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და ბენზინგასამართი სადგურის ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია სასამართლოსათვის, რომელიც მოწმეების ბიზნესთან კავშირს დაადასტურებდა ისევე, როგორც მათ შორის წარსულში არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ანგარიშსწორების დამადასტურებელი მტკიცებულება.
14.4 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ზიანის დადგომაში მოპასუხის ბრალის საკითხზე არ იმსჯელა.
14.5 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი არასწორად განმარტა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება დასათაურებულია, როგორც იჯარის ხელშეკრულება, თუმცა ქირავნობას წარმოადგენს. სასამართლოს მხარეთა ურთიერთობა შინაარსობრივად უნდა შეეფასებინა, მით უფრო, როცა საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულებები მკვეთრად არის გამიჯნული.
14.6 კასატორის მტკიცებით, მეიჯარე სარჩელით ქონების დაბრუნებას არ ითხოვდა. მოსამართლის ინიციატივით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს აღნიშნული მოთხოვნა კასატორის თანხმობის გარეშე დაემატა. შესაბამისად, სასამართლომ არარსებულ მოთხოვნაზეც იმსჯელა.
14.7 კასატორის განმარტებით, მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ კომპანიამ მოსარჩელეს ავტომობილის ევაკუატორის მიყვანა შესთავაზა იმ მისამართზე, რომელიც მას უნდა დაესახელებინა, რაზეც მან უარი განაცხადა. სასამართლომ აღნიშნული მოწმის ჩვენება არ გაითვალისწინა.
14.8 კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მოსარჩელისათვის სატრანსპორტო საშუალების დაბრუნებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ხელშეკრულების შესრულების ადგილი იყო სამტრედია-ქუთაისის შემოვლითი გზა. ხელშეკრულებაში არ არის მითითება, რომ მოსარჩელეს ავტომანქანა თავის იურიდიულ ან ფაქტობრივ მისამართზე უნდა დაებრუნებინა. შესაბამისად, დაბრუნების ადგილი განსაზღვრული არ იყო და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მეიჯარეს იჯარის საგანი, საკუთარ მისამართზე უნდა დაბრუნებოდა, დაუსაბუთებელია.
14.9 კასატორის მტკიცებით, ხელშეკრულებაში ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ იჯარის საგანი, მეიჯარეს უნდა დაებრუნებინა. მეორე მხრივ, მოიჯარეს ავტომობილის სათანადოდ შენარჩუნება ეკისრებოდა. მოცემულ შემთხვევაში, თუ მოიჯარემ ავტომობილი მართლაც დააზიანა, აღნიშნული იმგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ მეიჯარე იჯარის საგნის დაბრუნების ვალდებულებისაგან და მასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდება.
14.10 კასატორმა 2018 წლის 28 სექტემბერის დაზუსტებული საკასაციო საჩივრით განმარტა, რომ სასამართლოებმა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არ გამოიკვლიეს.
14.11 კასატორის მტკიცებით, სასამართოლომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.2 ქვეპუნქტი არასწორად განმარტა. ამასთან, მეიჯარემ საკუთარი ავტომობილის დაბრუნება არა ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე ან გონივრულ ვადაში, არამედ ხელშეკრულების გასვლიდან თითქმის 5 თვის შემდეგ მოითხოვა.
14.12 კასატორის განმარტებით, საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მეიჯარემ მოიჯარისაგან ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ქონების დაბრუნება მოითხოვა და მოიჯარემ უარი განაცხადა. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, სწორედ მეიჯარეს უნდა უზრუნველყო საიჯარო ქონების მოიჯარისათვის როგორც მიწოდება, ისე - მისი უკან დაბრუნება. შესაბამისად, კასატორი არ იყო ვალდებული, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, რაიმე ხარჯი ქონების მეიჯარისათვის დასაბრუნებლად გაეღო და, აღნიშნული რომც მოენდომებინა, როდის და რომელ მისამართზე უნდა მიეყვანა იჯარის საგანი, გაურკვეველია.
14.13 კასატორის განმარტებით, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.
14.14 კასატორი სადავოდ ხდის მოწმეთა ჩვენებებსაც და განმარტავს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება 2013 წლის 19 ნოემბერს, 3 თვის ვადით დაიდო, შესაბამისად, მოწმეთა 2017 წელს მიცემულ ჩვენებებით, გაურკვეველია მიუღებელი შემოსავლის არსებობის ფაქტი 2013 წლიდან როგორ დგინდება, მით უფრო, როცა საქმის მასალებიდან არ ჩანს, მოწმეები ბენზინგასამართ სადგურებს როდიდან ფლობენ. ასევე, ორივე მოწმემ აღნიშნა, რომ სხვა ბენზინმზიდის მომსახურებით სარგებლობენ, შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეკვლია, მათ დამატებით კიდევ ერთი ბენზინმზიდის მომსახურება სჭირდებოდათ თუ არა.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იმ პრეტენზიებზე არ იმსჯელებს, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქმის გადაწყვეტისათვის.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება გამოიკვლია.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა (სსკ-ის 581-ე მუხლი).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იჯარისა და ქირავნობის (სსკ-ის 531-ე მუხლი) ხელშეკრულებების მსგავსებისა, მათ შორის არსებობს განსხვავება, რაც საიჯარო ურთიერთობის ზოგიერთ ასპექტში განსხვავებულად, სსკ-ის 581-ე-606-ე მუხლებით მოწესრიგების აუცილებლობას განაპირობებს. ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა, დამქირავებელს სარგებლობაში ნივთი განსაზღვრული ვადით გადასცეს. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს დათქმული ქირა გადაუხადოს. იჯარის ხელშეკრულებით კი, მეიჯარე მოვალეა მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში გადასცეს და საიჯარო დროის განმავლობაში, ნაყოფის მიღების შესაძლებლობა უზრუნველყოს, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. ანუ, იჯარის შემთხვევაში, მოიჯარეს გადაეცემა ქონება, რომელიც არა მარტო ნივთებს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც აერთიანებს (სსკ-ის 147-ე მუხლი), და მოიჯარეს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს ნაყოფი (მატერიალური სარგებელი). ნაყოფია ის შემოსავლები, რაც მეურნეობის სწორი გაძღოლის გზით მიიღება (შრდ. სუსგ №ას-738-700-2015, 18 დეკემბერი, 2015 წელი).
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა სსკ-ის 319.1-ე მუხლის შესაბამისად, ,,კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“, გააფორმეს იჯარის ხელშეკრულება და მისი შინაარსი განსაზღვრეს, რომლითაც ხელშეკრულების საგანი, იჯარის ობიექტის გამოყენების არეალი, საიჯარო ქირა, ანგარიშსწორების პირობები და სხვა სამართლებრივი საკითხები გაითვალისწინეს.
26. საკასაციო სასამართლო, წინამდებარე განჩინების 14.5 ქვეპუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ კასატორს განმასხვავებელ ნიშანზე (იჯარის საგნით მხოლოდ სარგებლობდა, თუ სარგებლობით შემოსავალსაც იღებდა) არ მიუთითებია, ამასთან, აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა, მით უფრო, როცა არ ყოფილა დაცული სსსკ-ის 219-ე მუხლის ,,მხარეები შეზღუდულნი არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინოს ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელისა თუ შესაგებლში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული“ დანაწესი. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დავის მოწესრიგებისათვის ქირავნობის ნორმების გამოყენების შემთხვევაშიც, სხვა სამართლებრივი შედეგი მაინც არ დადგებოდა.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის, 2013 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოიჯარეს იჯარის საგანი 3 თვით გადაეცა. ამასთან, მხარეებმა ხელშეკრულებით მოიჯარის ვალდებულება გაითვალისწინეს, რომლის თანახმადაც, ,,მოიჯარე ვალდებულია გაუფრთხილდეს იჯარის ობიექტს, არ მოეპყრას დაუდევრად და უზრუნველყოს მისი უვნებელი დაბრუნება მეიჯარისათვის ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 დღის ვადაში (7.11 ქვეპუნქტი)“, იჯარის საგნის მოიჯარისათვის გადაცემისა და უკან დაბრუნების ხარჯებს კი, მეიჯარე კისრულობდა (იხ. ხელშეკრულების 5.2 ქვეპუნქტი).
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ საიჯარო საგნის დაბრუნების შესახებ მხარეთა შორის შეთანხმებული ნება, 7.11 ქვეპუნქტის შესაბამისად, ცალსახაა. მოიჯარეს, არაუგვიანეს 2014 წლის 22 თებერვლისა, იჯარის საგანი უნდა დაებრუნებინა, რაც მან არ გააკეთა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინების 14.8, 14.9 ქვეპუნქტებში მითითებული საკასაციო პრეტენზიები, მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 8.3 მუხლის საფუძველზე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, მოიჯარემ მართლზომიერი ქცევის განმსაზღვრელი კეთილსინდისიერების პრინციპი დაარღვია.
29. სამართალში კეთილსინდისიერების, როგორც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პრინციპის შესახებ საკასაციო სასამართლომ სხვადასხვა საქმეში არაერთხელ განმარტა: „სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება. იგი წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება“. „თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია. კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის. კეთილსინდისიერების პრინციპი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას, რომლის არარსებობის შემთხვევაში ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას. კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია უშუალოდ მოქმედ სამართალდ და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად, რომლის მიზანი სამართლიანი შედეგის დადგომა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა, შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (იხ. სუსგ-ები: №ას-23-18-2011,24.05.2011წ; №ას-221-213-2012, 24.07.2012წ; №ას-528-501-2015, 04.11.2015წ; №ას-549-521-2015, 18.11.2015წ; . №ას-898-848-2015, 09.03.2016წ).
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, უდავოა, რომ იჯარის საგანი, საიჯარო ვადის დასრულების დროს, ექსპლუატაციისათვის ვარგისი იყო, ასევე უდავოა, რომ ხელშეკრულების გასვლის შემდეგ, მოიჯარეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და იჯარის საგანი მეიჯარისათვის არ დაუბრუნებია (რაც მის ვალდებულებას წარმოადგენდა). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, კასატორისათვის ექსპლოატაციისათვის უვარგისი ქონების დაბრუნებისა და გადაყვანისათვის აუცილებელი ხარჯების ნაწილობრივ დაკისრების შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სსკ-ის 564-ე მუხლის ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული, საფუძველზე, დასაბუთებულია.
31. საკასაციო სასამართლო, მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის, როგორც არაპირდაპირი ზიანის, დაკმაყოფილებისთვის საჭირო წინაპიროებები განმტკიცებულია უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: „ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (შდრ: სუსგ-ები №ას-459-438-2015წ; №ას-54-54-2018წ).
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სტაბილური პრაქტიკის შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ მოპასუხის (მოიჯარის) ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, წარდგენილი მტკიცებულებები ობიექტურ სურათს უნდა ქმნიდეს მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მხარეები თავად წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს, რომლებსაც ეფუძნება მათი მოთხოვნა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 105-ე მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებს შეჯიბრებითობა, რომელიც მხარის არა მარტო დისპოციზიციური უფლებაა, არამედ - საპროცესო ვალდებულებაც.
34. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების პირობა - იჯარის საგნის დაბრუნება არ უზრუნველყო. მეიჯარე, იჯარის ვადის დასრულებისთანავე, იჯარის საგნის დაბრუნების შემთხვევაში, სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურის მომსახურებით, შემოსავალს - თვეში 1500 ლარს მიიღებდა.
35. მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში მოწმეთა დაკითხვა იშუამდგომლა, რომელთაც განაცხადეს, რომ იჯარის საგნით სარგებლობის სურვილი ჰქონდათ, თუმცა მოპასუხესთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მეიჯარისგან იჯარის საგანი ვერ იქირავეს. ამასთან, მოწმეთა მიერ იჯარის საგნის სარგებლობისათვის მითითებული თანხა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიუღებელ შემოსავალს სცდება.
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეს მოწმეთა ჩვენებების გასაქარწყლებლად არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის. იგი მხოლოდ მოწმეთა ჩვენების ნეგატიური შეფასებით შემოიფარგლა, რომლის შეფასებაც სასამართლოს პრეროგატივაა (სსსკ-ის 105-ე მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე განჩინების 14.7 ქვეპუნქტში მითითებული საკასაციო პრეტენზიაც, მოცემულ შემთხვევაში, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
37. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ, სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ზიანი სავარაუდო იყო მოპასუხისათვის იმ პირობებში, როდესაც ამ უკანასკნელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და იჯარის საგანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ მოსარჩელეს არ დაუბრუნა.
38. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზარებს კასატორის წინამდებარე განჩინების 14.6 ქვეპუნქტში მითითებულ პრეტენზიასაც და განმარტავს, რომ მოსარჩელე სარჩელით კუთვნილი იჯარის საგნის დაბრუნებას ითხოვდა (იხ. სარჩელი, ტ. 2, ს.ფ. 7). საქალაქო სასამართლომ, აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობაზე გადაწყვეტილებაში განმარტა, თუმცა სარეზოლუციო ნაწილში ამ მოთხოვნაზე არაფერი მიუთითა, რაც მეიჯარის სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთი საფუძველი გახდა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 196).
39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და დადგენილ ფაქტებს მართებული იურიდიული კვალიფიკაცია მისცა. კასატორს არ წარუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს დასაშვებად ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორებს დაუბრუნდებათ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ''ბ.მ–ის'' საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ''ბ.მ–ს'' (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა.მ–ძის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1200 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 10 ივლისი), 70% – 840 (რვაას ორმოცი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე