Facebook Twitter

საქმე №ას-280-280-2018 18 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ჩ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. თ-ი, ლ. თ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმება, ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ლ. თ-მა და ლ. თ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელეები, პირველი აპელანტები, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეები, დაზარალებულები ან კრედიტორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ჩ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ მიყენებული ზიანის _ 29 859,28 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეების თანასაკუთრებაშია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე უძრავი ქონება, სადაც მოპასუხე აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 14 მარტის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მრავალჯერადი აფეთქებით. შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია, სახლი საცხოვრებლად დროებით უვარგისია. მოპასუხის ქმედებით მიყენებული ზიანი შეადგენს 29 859,28 ლარს, რამდენადაც ინდ.მეწარმე ზ. გ-ის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელეთა სახლის რეაბილიტაციისათვის საჭიროა სწორედ ამდენივე თანხა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის, როგორც ფილიალი, არასათანადო მოპასუხეა, გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან. გარდა ამისა, გასულია დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რადგან, საექსპერტო დასკვნების მიხედვით, დაზიანება უკვე არსებობდა 2012 წელს, სარჩელი კი, 2017 წლის მაისში აღიძრა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის, ასევე, პროცესის ხარჯების ანაზღაურება.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა პირველმა აპელანტებმა მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მეორე აპელანტმა _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი, ასევე, მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმება, ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად შემდეგ დასკვნებს ეფუძნება:

1.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე 1509 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი (ს/კ #69.06.62.0--) მოსარჩელეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს;

1.2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 2017 წლის 14 მარტის დასკვნის თანახმად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასაკობრივი ცვეთითა და მშენებლობის დაბალი ხარისხით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები II-III ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საცხოვრებლად დროებით უვარგისია. საცხოვრებელ სახლზე შემდგომი ექსპლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. საყრდენი კედლის დაზიანება II ხარისხისაა, გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობით და საფრთხის შემცველი არ არის;

1.2.3. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ აფეთქბები არ წარმოადგენს ნივთის დაზიანების წყაროს (მოპასუხე სოფელ ქვიშხეთში აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რისთვისაც ახორციელებდა აფეთქებებს. ზემოთ მითითებული ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვები. შესაბამისად, ხსენებული დასკვნის საწინაააღმდეგო სათანადო მტკიცებულები საქმეში არ არსებობის);

1.2.4. საქმეში წარმოდგენილი ინდ.მეწარმე ზ. გ-ის მიერ შედგენილი სადავო სახლის რეაბილიტაციის და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ სახლის გამაგრება-შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულება შეადგენს 29 859.28 ლარს. იმ პირობებში, როდესაც საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია სამმა ფაქტორმა (სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილმა დინამიურმა დატვირთვებმა; ასაკობრივმა ცვეთამ და მშენებლობის დაბალმა ხარისხმა, რომელთაგან მხოლოდ პირველი შეიძლება შეერაცხოს ბრალად მოპასუხეს), ამასთან, დადგენილი არ არის თითოეული ფაქტორის პროპორცია დამდგარ ზიანში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოპასუხის მიერ მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 10 000 ლარით;

1.2.5. საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში არსად მითითებული არ არის, რომ სახლი დაზიანებულია 2012 წლამდე. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 15 მარტს, მას შემდეგ, რაც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მეშვეობით მოსარჩელემ შეიტყო, რომ დაზიანებები მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგია, სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 22 მაისს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა არასწორი შეფასების თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კატეგორიული ხასიათისაა და დგინდება, რომ ზიანის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი მოპასუხის მხრიდან ნაწარმოები აფეთქებითი სამუშაოებია. რაც შეეხება კასატორის მითითებას მის მიერ სხდომაზე წარდგენილი ანგარიშის თაობაზე, ამგვარი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება, ხოლო კასატორი არ მიუთითებს, რა ანგარიში იქნა მის მიერ წარდგენილი, რომელი ინსტანციის სასამართლოში და კონკრეტულად რომელ სხდომაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლომ სწორად მოიძია/განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომლის ფარგლებშიც კრედიტორებმა დაძლიეს ნორმის აღწერილობითი ნაწილის ელემენტების არსებობის დადასტურების ტვირთი, ხოლო მოპასუხემ ვერ დაამტკიცა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები. რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, პალატა ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ ირკვევა ნივთის 2012 წლამდე დაზიანების ფაქტი, ვალდებული პირის შესახებ მოსარჩელემ სწორედ 2017 წელს, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეიტყო და შესაბამისად, დელიქტური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევა, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, გამორიცხულია. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დელიქტური ვალდებულების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საოქმო განჩინების გაუქმებაზე, ასევე, მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის დასაბუთება:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

2.2. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც მას უარი ეთქვა 2017 წლის 20 ივლისსა და 1 სექტემბერს კომპანია „ექსორიქსის“ მიერ გაცემული დასკვნების საქმისათვის დართვაზე იმ საფუძვლით, რომ მხარემ ვერ დაასაბუთა საპატიო მიზეზის არსებობა, თუ რატომ ვერ წარადგინა ხსენებული მტკიცებულებები საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასბუთებას და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ, მტკიცებულებათა მიღების საკითხის გადაწყვეტისას, სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლით და, რადგანაც მოვალემ ვერ დაამტკიცა ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, პალატამ მართებულად არ მიიღო მტკიცებულებები. ამ მხრივ პალატა არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მან პირველი ინსტანციის სასამართლოს სთხოვა გონივრული ვადა მტკიცებულებათა მოპოვებისათვის და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი შესაგებელი არ შეიცავს შესაბამის შუამდგომლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.

2.3. რაც შეეხება მხარის შუამდგომლობას საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე, გარდა ზემოხსენებული არგუმენტაციისა, საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ამ ინსტანციის სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლბელობას კანონი იმ შემთხვევაშიც კი არ ითვალისწინებს, თუ ეს მტკიცებულებები ქვემდგომ სასამართლოში საპატიო მიზეზით არ იქნა წარდგენილი, ამდემნად, პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს შუამდგომლობის გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მხარეს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი დოკუმენტები თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 09.03.2018წ. #23600 ელექტრონული საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 ლარის, 70% _ 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 404-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჩ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და მასვე დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 240 (ორას ორმოცი) ფურცლად.

3. შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალს“ (ს/კ #4-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 09.03.2018წ. #23600 ელექტრონული საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 ლარის 70% _ 350 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი