საქმე №ას-403-403-2018 18 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – პ. ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. კ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. პ. ბ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. კ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ მიუღებელი შემოსავლის _ 3 062,50 აშშ დოლარის 3%-ის 2010 წლის 7 დეკემბრიდან 2016 წლის 24 ნოემბრამდე ყოველთვიურად დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 750 აშშ დოლარისა და 2001 წლის 15 ოქტომბრიდან 2010 წლის 6 დეკემბრამდე 1 750 აშშ დოლარის წლიური 8%-ის - 1 312.50 აშშ დოლარის, ჯამში _ 3 062.50 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა. მან სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა 2016 წლის 24 ნოემბერს გადაიხადა, რის შედეგადაც მოსარჩელემ განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, კერძოდ, მისაღები თანხის საბანკო ანგარიშზე განთავსების შემთხვევაში, იგი მიიღებდა ყოველთვიურ სარგებელს 3%-ის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება შესრულებული აქვს სრულად და არ არსებობს ზიანის ანაზღაურების საფუძველი
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 750 აშშ დოლარისა და 2001 წლის 15 ოქტომბრიდან 2010 წლის 6 დეკემბრამდე 1 750 აშშ დოლარის წლიური 8%-ის _ 1 312.50 აშშ დოლარის, ჯამში _ 3062.50 აშშ დოლარის გადახდა;
1.2.2. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული 3 062.50 აშშ დოლარი მოპასუხემ გადაიხადა 2016 წლის 7 დეკემბერს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ სააპელაციო პალატის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას წინამდებარე დავის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით დადგენილი სავალდებულო ძალა გააჩნია, ასევე, უდავოა, რომ მოვალემ გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულება შეასრულა რამდენიმე წლის დაგვიანებით, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი და სწორად განმარტა იგი,რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს მართებდა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიღების ელემენტების მტკიცება (სსსკ-ის 102-ე მუხლი), რომელიც არა აბსტრაქტული, არამედ, სავარაუდო, კონკრეტული ზიანია. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით ზიანის მოსარჩელისათვის მიყენების კონკრეტული გარემოებები არ დასტურდება, გარდა ამისა, მისი მტკიცების გაზიარების შემთხვევაშიც კი, სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის ფარგლებში (თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი) დამატებით შეფასებას საჭიროებს ის გარემოება, მოსარჩელემ, როგორც კრედიტორმა, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე რატომ არ მიმართა გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მექანიზმს, ამ მხრივ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე არსებით შედავებას. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: №ას-№ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-901-851-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 13.04.2018წ. #14 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 786 ლარის 70% _ 550,2 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ. ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ პ. ბ–ს (პ/#5-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 13.04.2018წ. #14 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 786 ლარის 70% _ 550,2 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი