საქმე №ას-516-516-2018 13 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. დ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ. (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხეები _ შპს „T.“, ნ. დ-ი, რ. მ-ი მ-ი, ა. ჭ-ე, ხ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს „ს. ბ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „T.-ის, ნ. დ-ის, რ. მ-ი მ-ის, ა. ჭ-ისა და ხ. ა-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, მოვალეები, რ.დალაქიშვილის, ასევე, წოდებული, როგორც აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად 19 549,75 ლარის დაკისრება, დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (ს/კ #84....; #84....; #86....) რეალიზაცია, ხოლო, თუკი რეალიზაციით ამონაგები თანხა არასაკმარისი აღმოჩნდება თანხის დასაფარად, ზღვევინების მიქცევა მოვალეთა სხვა ქონებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეება სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს, ასევე, სადავო გახადეს პირგასამტეხლოს ოდენობა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 19 549,75 ლარის გადახდა, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სარეალიზაციოდ იქნა მიქცეული იპოთეკის საგანი და თუკი ამ ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა არასაკმარისი აღმოჩნდება ვალდებულების შესასრულებლად, დადგინდა მოპასუხეთა სხვა ქონების ხარჯზე აღსრულება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რომან დალაქიშვილმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ _ პირგასამტეხლოს სახით 1 765,39 ლარისა და სარგებლის ნახევრის _ 1 937 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სხდომა გადაიდო არაერთხელ, 2018 წლის 27 თებერვალს დანიშნული სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო აპელანტი და დილით, 09:00 საათზე სოფელ კოდასთან გადაადგილებისას დაემართა ჰაერის უკმარისობა, დასჭირდა სამედიცინო დახმარება, რომელიც აღმოუჩინა სოფელ კ. არსებულმა ამბულატორიამ. აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი შვილი ცდილობდა სასამართლოსთან დაკავშირებას, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა, რის გამოც მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობა და განცხადება ელ.ფოსტით გადააგზავნა სასამართლო უწყებაში მითითებულ მისამართზე სხდომის დაწყებამდე, 2018 წლის 27 თებერვალს, 11:24 საათზე. მითითებულ სხდომაზე მიღებულ იქნა განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თოაბაზე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ვინაიდან მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და განახლდეს საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რომან დალაქიშვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
1.3. საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.3.1. თბილისის სააპელაცო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინებით, ამავე წლის 19 დეკემბერს, 14:00 საათზე დაინიშნა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვა, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით;
1.3.2. 2017 წლის 19 დეკემბერს, ჯანმრთელობის გაუარესების მოტივით აპელანტმა ითხოვა საქმის განხილვის გადადება და წარადგინა სამედიცინო ცნობა ფორმა #IV-.../ა, ცნობის თანახმად, 2017 წლის 19 დეკემბერს აპელანტმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას და დაუდგინდა დიაგნოზი: სტენოკარდია დაუზუსტებელი, არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის ნარჩენი მოვლენები, გულის უკმარისობა. მიეცა რეკომენდაცია: კარდიოლოგის განმეორებითი კონსულტაცია, კორონოგრაფია, სისტემატური მედიკამენტოთერაპია. 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით პალატამ გაიზიარა აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობა და გადადო საქმის განხილვა;
1.3.3. ახალი სხდომის თაობაზე აპელანტს ეცნობა უწყების ჩაბარების გზით (იხ. სსსკ-ის 216-ე მუხლი), თუმცა, სხდომის დაწყებამდე მან კვლავ მიმართა სასამართლოს, წარადგინა სამედიცინო ცნობა ფორმა #IV-../ა, რომლის თანახმადაც 2018 წლის 30 იანვარს დაუდგინდა დიაგნოზი: გრიპი, არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შემდგომი პერიოდი, დაენიშნა მკურნალობა, 7-8 დღე წოლითი რეჟიმი. სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 30 იანვრის საოქმო განჩინებით კვლავ საპატიოდ მიიჩნია აპელანტის გამოუცხადებლობა და საქმის განხილვა გადადო 2018 წლის 27 თებერვალს. 11:30 საათზე, საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორიც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ახალი სხდომის თარიღი მას კანონით დადგენილი წესით ეცნობა;
1.3.4. 2018 წლის 27 თებერვალს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, სასამართლოს არ მოეპოვებოდა ცნობები მისი გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე, რის გამოც დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე;
1.3.5. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი გამოუცხადებლობა კვლავ საპატიო მიზეზით მოხდა და მიუთითებს 2018 წლის 27 თებერვლის სამედიცინო ცნობა ფორმა #IV-100/ა-ზე.
1.4. კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე:
1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განუხილველად დატოვოს სარჩელი/სააპელაციო საჩივარი, ნორმის ფორმალური წინაპირობების გარდა, უნდა შემოწმდეს ასევე სახეზე ხომ არ გვაქვს ზემოხსენებული საპროცესო ინსტიტუტების გამომრიცხავი წინაპირობები (სსსკ-ის 233.1 მუხლი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით არ ედავება და მათი არსებობა არც საქმის მასალებით დგინდება, მხარე განმარტავს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობასაც პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის იმ კონტექსტში შეაფასებს, რომელიც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.
1.4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო მოხელეთა მიერ შედგენილ აქტებზე: 2018 წლის 27 თებერვალს სასამართლოს ელ.ფოსტაზე შესული აპელანტის განცხადება სასამართლოს საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელს გადაეცა 12:10 საათზე; მეორე აქტის თანახმად (რომელსაც ხელს აწერს საინფორმაციო სექტორის სპეციალისტი) სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე აპელანტის განცხადება, ელ.ფოსტის შეფერხების გამო, სასამართლოში მივიდა 12:10 საათზე, სასამართლოს სხდომის ოქმის თანახმად კი, სხდომა დაიწყო 11:34:35 საათზე, ამდენად, საკასაციო პალატა გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის განხილვის საპროცესო წესის დარღვევას და მიიჩნევს, რომ რადგანაც სხდომის გახსნის დროისათვის საქმის განმხილველ შემადგენლობას არ მოეპოვებოდა ცნობები აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა გათვალისწინებული და შეფასებული მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობა, თუმცა, ვინაიდან დასტურდება ტექნიკური შეფერხების ფაქტი, პალატა მიიჩნევს, რომ ამგვარ ვითარებაში მხარეს არ უნდა წაერთვას სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება და შეფასება უნდა მიეცეს მის მიერ წარდგენილ შუამდგომლობას: ელ.ფოსტის მონაცემების თანახმად, რ.დალაქიშვიი შუამდგომლობს საქმის განხილვის გადადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ამ შუამდგომლობას ურთავს სამედიცინო დაწესებულების მიერ სხდომის ჩატარების დღეს გაცემულ სამედიცინო ცნობას, რომლის თანახმადაც მას დაუდგინდა არტერიული ჰიპერტენზიის, გულის ქრონიკული იშემიური დაავადების, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის გადატანის შემდგომი პერიოდის გულის ქრონიკული უკმარისობის დიაგნოზი, ცნობაში აღნიშნულია, რომ დაავადების მიმდინარეობა არის ქრონიკული და მიცემული აქვს შესაბამისი რეკომენდაცია. მართალია, ცნობაში პირდაპირ არ არის მითთებული სასამართლოში გამოუცხადებლობის შეუძლებლობა, თუმცა, მასში ასახული ინფორმაცია აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, საკასაციო პალატის შეფასებით, სწორედ კანონით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის შემადგენლობას იძლევა, ხოლო ცნობის ფორმალური შეუსაბამობა კანონთან, არ შეიძლება მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს (იხ. სუსგ-ებები: №ას-955-917-2014, 24 ივლისი, 2015 წელი; №ას-187-179-2016, 6 მაისი, 2016 წელი), რამდენადაც სასამართლო ჯანმრთელობის ცნობას, მსგავსად ნებისმიერი მტკიცებულებისა, აფასებს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 105-ე მუხლით დადგენილი წესით;
1.4.3. მიუხედავად განვითარებული მსჯელობისა, საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება შეიზღუდოს მათ შორის იმგვარი ლეგიტიმური საფუძვლით, როგორიცაა პროცესის ეკონომიურობისა და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპები და თუკი მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გააჭიანურებს საქმის განხილვას, იმგვარად, რომ იგი არ მიიღებს შესაბამის ზომებს, არ არის გამორიცხული კვლავ განუხილველად იქნას დატოვებული სააპელაციო საჩივარი (მაგ: საკასაციო პალატას მხედველობაში აქვს სსსკ-ის 280-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 281-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დისპოზიცია, რომელთა ფართო განმარტების შედეგად დგინდება, რომ ხანგრძლივი შრომისუუნარობისას, თუკი მხარე არ დანიშნავს წარმომადგენელს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საქმის განხილვაზე გავლენას ვერ იქონიებს).
1.5. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. საკასაციო პალატა ამავე კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი