საქმე №ას-544-544-2018 13 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – დ. წ-ე, ხ. ბ-ი, თ. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ვ. ბ. ჯ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტი განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს „ვ. ბ. ჯ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინაარმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. წ-ის, ხ. ბ-ისა და თ. გ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები ან მოვალეები) მიმართ და მოითხოვა 2013 წლის 8 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 10 171,4 აშშ დოლარის, ასევე, 2016 წლის 18 თებერვლიდან დავალიანების ძირი თანხის _ 6 458,83 აშშ დოლარის წლიური 15%-ის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მსესხებელმა (დ.წ-ე) სარჩელი ნაწილობრივ, დავალიანების ძირის დაკისრების ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაეთანხმა მას, თავდებებმა (ხ.ბ-მა და თ.გ-მა) სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ დავალიანების დაფარვაზე პასუხისმგებელია მსესხებელი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს კრედიტორის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 8 371,4 აშშ დოლარის, ასევე, 2016 წლის 18 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე დავალიანების ძირ თანხაზე _ 6 458,83 აშშ დოლარზე წლიური 15%-ის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 14 466,63 აშშ დოლარის ფარგელბში.
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოვალეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და დავალიანების შემცირება მხოლოდ ძირ თანხამდე, ასევე, წლიური სარგებლის _ 15%-ის შემცირება (რაც თვეში 80,73 აშშ დოლარს შეადგენს) თვეში 8 აშშ დოლარამდე.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კერძო საჩივრის თანახმად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტებს არ ჩაბარებიათ, არამედ, იგი ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, შესაბამისად, მათთვის არ იყო ცნობილი ხარვეზის თაობაზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დავით წყალობაძის, ხ. ბ-ისა და თ. გ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.
1.3. კერძო საჩივარში გადმოცემული პრეტენზიების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის სწორად შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ:
1.3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, ასევე, არ იყო გადახდლი სახელმწიფო ბაჟი, დადგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის _ 308,29 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა, ამავე განჩინებით განიმარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები. ხსენებული განჩინება ჩაბარდა აპელანტთა უფლებამოსილ წარმომადგენელს (რწმუნებულებები იხ. ტ. I, ს.ფ.76-85);
1.3.2. 2018 წლის 8 იანვრისა და 23 თებერვლის განჩინებებით სააპელაციო პალატამ ორჯერ დააკმაყოფილა აპელანტთა წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე (საგულისხმოა, რომ ხარვეზი არა თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდის, სააპელაციო საჩივრის დასაბუთებული სახით წარდგენის ნაწილშიც არ გამოსწორებულა);
1.3.3. ეს უკანასკნელი განჩინება ფოსტით გაეგზავნა აპელანტთა წარმომადგენელს და პირადა ჩაბარდა 2018 წლის 2 მარტს;
1.3.4. რაიმე განცხადება/შუამდგომლობა, რომელიც დადგენილი საპროცესო მოქმედების, თუნდაც ნაწილობრივ გამოსწორებას დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება.
1.4. პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებას, რომ შეტყობინება არაუფლებამოსილ პირს ჩაბარდა, რომლის ბრალითაც ვერ მოხდა უშუალოდ ადრესატის ინფორმირება. ამ თვალსაზრისით პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც არა მხოლოდ უწყების, არამედ, სასამართლოს ნებისმიერი კორესპონდენციის ჩაბარების წესს აწესრიგებს და განსაზღვრავს, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
1.5. იმ პირობებში, როდესაც, როგორც ხარვეზის დადგენის, ისე _ მისი გამოსწორების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებები პირადად ჩაბარდა აპელანტთა წარმომადგენელს, რომლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტიც საქმეშია და არ დგინდება მისი ერთ-ერთი მხარის მიერ გაუქმების ფაქტი, 2018 წლის 2 მარტს (ხარვეზის გამოსწორების ვადის 3 დღით გაგრძელების შესახებ) განჩინების წარმომადგენლისათვის ჩაბარება, საპროცესო მოქმედების თაობაზე მხარის ინფორმირებულად მიჩნევასაც ადასტურებს, რაც დაკისრებული მოქმედების შესრულების აუცილებლობაზე მიუთითებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 3 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 5 მარტს, 24:00 საათზე. გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კერძო საჩივრის ავტორებს საკუთარი მისამართი, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, არც შესაგებელში, არც სააპელაციო და კერძო საჩივრებში არ მიუთითებიათ.
1.6. იმ პირობებში, როდესაც აპელანტებმა არ შეასრულეს სასამართლოს მიერ დაკისრებული საპროცესო მოქმედება, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
1.7. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს განჩინება არსებითად სწორია, ხოლო კერძო საჩივრის ავტორებს ამ განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია არ შემოუთავაზებიათ სასამართლოსათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. წ-ის, ხ. ბ-ისა და თ. გ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი