გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-148-72-კ-ს-03 11 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: განჩინების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 5 მაისს თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ფინანსთა სამინისტრომ მოპასუხის – შპს “.. ..-ს” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 7645919 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საქართველოს “ე-სა” და “კ-ს” (შპს “.. ..-ს”) შორის 1993წ. 10 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით 2003წ. 1 მარტის მდგომარეობით გადასახდელი თანხის დავალიანებამ შეადგინა 7645919 აშშ დოლარი, მათ შორის: ძირითდი თანხა 4844998 აშშ დოლარი, საპროცენტო განაკვეთი 402304 აშშ დოლარი, ხოლო საურავი 2398616 აშშ დოლარი.
სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე აყენებდა შუამდგომლობას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს ყადაღა დაედო შპს “.. ..-ს” უძრავ-მოძრავ ქონებაზე, მათ შორის მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებზე, ასევე საბანკო ანგარიშებზე, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნოდა და იყო მასთან ან სხვა პირთან.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 06 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ფინანსთა სამინისტროს სარჩელი შპს “.. ..-ს” მიმართ და მოპასუხეს დაევალა მთელი რიგი მტკიცებულებების წარმოდგენა.
აგრეთვე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, კერძოდ, სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ყადაღა დაედო შპს “.. ..-ს” უძრავ ქონებას, მათ შორის მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნოდა და იყო მასთან ან სხვა პირთან, ვინაიდან უზრუნველყოფის ამ ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებდა გადაწყვეტილების აღსრულებას სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
ფინანსთა სამინისტროს ეცნობა, რომ სსკ-ს 193-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ უარი ეთქვა მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე და გადაწყვეტილება ამის შესახებ შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ იგი ვალდებული იქნებოდა აენაზღაურებინა მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მიყენებული ზიანი.
2003წ. 27 მაისს თბილისის საოლქო სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა მოპასუხე შპს “.. ..-მ” და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 06 მაისის განჩინების გაუქმება სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლო კოლეგიამ ზემოაღნიშნული განჩინებით დაარღვია სსკ-ს 285-ე მუხლის “ე” პუნქტი, 191-193-ე მუხლები – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შპს “.. ..-ს” უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებით, მათ შორის მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 28 მაისის განჩინებით შპს “.. ..-ს” კერძო საჩივარი მიჩნეული იქნა ხარვეზიანად, ვინაიდან კერძო საჩივარს არ ახლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოპასუხეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიეცა ვადა 2003წ. 20 ივნისამდე, რათა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.
მოპასუხის შპს “.. ..-ს” მიერ არ იქნა ხარვეზი გამოსწორებული, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 ივნისის განჩინებით, შპს “.. ..-ს” 27.05.03წ. კერძო საჩივარი, დაუშვებლად იქნა მიჩნეული და სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “.. ..-ს” კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 06 მაისის განჩინების იმ ნაწილზე, რომელიც ეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ სსკ-ს მე-7 მუხლისა (კანონის ანალოგიას) და სსკ-ს 185-ე მუხლის საფუძველზე შპს “.. ..-ს” კერძო საჩივარი სწორად მიიჩნია ხარვეზიანად და მისცა ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელდ 2003წ. 20 ივნისამდე, რათა კერძო საჩივრის ავტორს გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით, რადგან სსკ-ს 38-ე მუხლის “თ” პუნქტის მიხედვით კერძო საჩივარზე დადგენილია სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება – თანხის 1,5%-ის ოდენობით.
შპს “.. ..-ს” სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, არ წარმოუდგენია სახელწმიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც საკასაციო პალატის აზრით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია – სსკ-ს 417-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილი იყო შპს “.. ..-ს” კერძო საჩივარი დაუშვებლად მიეჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “.. ..-ს” კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 06 მაისის განჩინების იმ ნაწილზე, რომელიც ეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას, მიჩნეულ იქნას დაუშვებლად;
2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.