საქმე №ას-639-639-2018 18 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ჩ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ნ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ. ნ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, დაზარალებული ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჩ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ მიყენებული ზიანის _ 7 231,96 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც მოპასუხე აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებამ გამოიწვია მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 მარტის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დააზიანა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებით წარმოქმნილმა დინამიურმა დატვირთვებმა. მისი შემდგომი ხანგრძლივი ექსლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის ქმედებით მიყენებული ზიანი 7 231,96 ლარს შეადგენს, რამდენადაც ინდ.მეწარმე ზ.გ-ის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის სწორედ ამდენივე თანხაა საჭირო.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან. გარდა ამისა, მოთხოვნა ხანდაზმულია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარის, ასევე, პროცესის ხარჯების ანაზღაურება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად შემდეგ დასკვნებს ეფუძნება:
1.2.1. ხაშურის რაიონის სოფელ ქ-ში მდებარე 897 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და #1 შენობა -ნაგებობა (ს/კ N 69.06.62.0--), საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე;
1.2.2. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება ძირითადად გამოწვეულია მოპასუხის მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით (მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 20.03.2017წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვა იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა და დაზიანების გამომწვევი მიზეზები. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქ-ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობაზე ბზარების განვითარების ხასიათი და გავრცელების არეალი მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ნაწილობრივ _ ასაკობრივი ცვეთით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანება ძირითადად II ხარისხისაა, თუმცა ცალკეული ბზარების გახსნილობა III ხარისხის დაზიანების ფარგლებშია. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობის შემდგომი ექსპლუატაცია შესაძლებელია, თუმცა აუცილებელია დაკვირვება. სახლზე შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. დაკვირვების მიზნით, ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები). საექსპერტო კვლევა ჩატარებული აქვს ექსპერტ ა. რ–ს _ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტს, სპეციალობით მუშაობის 30 წლის სტაჟით. მოპასუხის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საწინააღმდეგოდ წარმოდგენილ იქნა კომპანია ,,ექსორიქსის“ მიერ გაცემული დასკვნა, ასევე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და გურიის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის აქტი #149. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებებით გამოირიცხება მისი ბრალი მოსარჩელის კუთვნილი სახლის დაზიანებაში, თუმცა, მოპასუხესა და „ექსორიქსს“ შორის დადებული ხელშეკრულებიდან და თავად დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ დასკვნა შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად, ხოლო, მოპასუხის მიერ მითითება მასზედ, რომ აფეთქების სავარაუდოდ საშიში ზონა მდებარეობს აფეთქებიდან 29 მეტრის რადიუსში, ხოლო მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და მოსარჩელის საცხოვრებელ სახლს შორის 119 მეტრია, ვერ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერების და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცალსახა დასკვნას. რაც შეეხება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და გურიის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის #149 აქტს, როგორც თავად ამ აქტშია აღნიშნული, ექსპერტიზის ამოცანა იყო არა დაზიანებების გამომწვევი მიზეზების კვლევა, არამედ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შენობის ტექნიკური მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების დადგენა);
1.2.3. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინდ.მეწარმე ზ. გ-ის მიერ შედგენილი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით სახლის გამაგრება-შეკეთების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 7 321. 96 ლარს. მართალია, მოპასუხე კომპანიის მიერ წარმოდგენილი #149 აქტი შეკეთების საორიენტაციო ღირებულებად განსაზღვრავს 3 519 ლარს, თუმცა მასში აღნიშნულია, რომ თანხა წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის კოსმეტიკური შეკეთების მაქსიმალურ საორიენტაციო ღირებულებას და არა ზიანის აღმოფხვრისათვის ადეკვატურ ღონისძიებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა სადავო ნაგებობების დაზიანებაში მოპასუხის მხოლოდ ნაწილობრივი ბრალი და ზიანის ოდენობა დადგინდა სრული ღირებულების ნაწილით _ 5 000 ლარით;
1.2.4. საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება ის გარემოება, რომელ წლებში დაზიანდა სახლი. მოპასუხეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ აფეთქებითი სამუშაოები აღარ მიმდინარეობს ან/და რომელ წელს დასრულდა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა არასწორი შეფასების თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ იურიდიული სანდოობის, საქმის მასალებთან კავშირისა და ექსპერტისათვის დასმული კითხვების კონტექსტში სწორად შეაფასა მხარეთა მიერ წარდგენილი დასკვნები და სწორად მიანიჭა უპირატესობა დაზარალებულის წარდგენილ მტკიცებულებებს. რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მოხსენიებულ კიდევ ერთ ექსპერტიზის დასკვნას, იგი ერთვოდა რა სააპელაციო საჩივარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, 2018 წლის 20 მარტის საოქმო განჩინებით პალატამ უარი განაცხადა მის საქმისათვის დართვაზე, ეს განჩინება მხარეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ვერც საკასაციო პალატა შეაფასებს ხსენებულ დასკვნას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლომ სწორად მოიძია/განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ დაძლია ნორმის აღწერილობითი ნაწილის ელემენტების არსებობის დადასტურების ტვირთი, ხოლო მოპასუხემ ვერ დაამტკიცა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები. რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, პალატა ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ ირკვევა აფეთქებითი სამუშაოების დაწყება-დასრულების კონკრეტული თარიღი, შესაბამისად, დელიქტური ვალდებულების ხანდაზმულად მიჩნევა სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, გამორიცხულია. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ საექსპერტო დასკვნით დგინდება ზიანის წარმოშობის თარიღი, ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას სასამართლოს მიერ დასაშვებად ცნობილი კონკრეტული საექსპერტო დასკვნის თაობაზე. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დელიქტური ვალდებულების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 01.06.2018წ. #326 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის, 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჩ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ჩ-ს“ (ს/კ #4-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 01.06.2018წ. #326 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი